ბორჯღალოსნები

17:59 | 12.03.2016 | ნანახია 1390 - ჯერ

საქართველომ რუსეთი მშვიდად დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ სოჭში რუსეთს 24:7 სძლიეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

საწყის 40 წუთში ერთადერთი ლელო თამაზ მჭედლიძემ მას შემდეგ დადო, რაც მეტოქის 22-ში ფეხით ბურთი ლაშა ხმალაძემ ჩაკიდა. მანამდე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა გაიტანა და მერე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ გიორგი ნემსაძესთან ერთად იური კუშნარიოვი გაასინბინა.

მეორე ტაიმი ქართველებმა უკეთ დაიწყეს და მალევე ანტონ ფეიქრიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო ტაიმის შუაში გიორგი ნემსაძემ ისარგებლა მეტოქის შეცდომზით, კვირიკაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 24:0. მატჩის მიწურულს რუსებმა კაცნაკლულ ქართველებს ერთი ლელო გაუტანეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა და „ბორჯღალოსნებმა“ საბოლოოდ 24:7 მოიგეს. ეს პირველი შემთხვევაა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, როდესაც „ბორჯღალოსნებმა“ ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა ვერ აიღეს.

მომდევნო, დასკვნით მატჩს, საქართველოს ნაკრები 19 მარტს „ბორის პაიჭაძეზე“ რუმინეთთან გამართავს და მოგებული 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075838