საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კასტრის” პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე, მსუბუქ რბენას შეუდგა, მოედანზე გასვლა კი დაახლოებით ორ თვეში შეეძლება.
34 წლის გიორგაძემ ტრავმა საფრანგეთის TOP 14-ის ერთ-ერთ შეხვედრაში მიიღო. 20 თებერვალს, მას “მეტრო რასინგთან” 24:24 დასრულებულ შეხვედრაში, მოწინააღმდეგის მორაგბე მაშინ ეუხეშა, როდესაც მას ბურთი აღარ ჰქონდა. შედეგად, ქართველმა ლეგიონერმა ტვინის შერყევა მიიღო და ფეხი ორ ადგილას მოიტეხა. არადა, მანამდე მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. გასულ სეზონში, მან TOP 14-ის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 13-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სულ 1008 წუთი გაატარა. სანამ ქართველი ლეგიონერი ტრავმას მიიღებდა, მისმა გუნდმა 12 შეხვედრა მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და რეგულარულ პირველობას ლიდერობდა, “გლობუსას” მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კი, მისმა “კასტრმა” ფლეი ოფში კი გააღწია, მაგრამ იქ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა.
აქვსენტი გიორგაძე ახლა საქართველოშია და თავის მშობლიურ კლუბს, ქუთაისის “აია”-ს ეხმარება, საფრანგეთში კი დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება.
“შვებულებით ვისარგებლე და ცოტა ხნით “აია”-ს ვეხმარები. მეორე ოპერაცია აპრილის თვეში გავიკეთე, რკინები ამომიღეს და დაახლოებით ორი კვირაა მსუბუქი ვარჯიში და რბენა დავიწყე. ჯერ დატვირთვები აკრძალული მაქვს. დაახლოებით ორ კვირაში საფრანგეთში წავალ და ნელ-ნელა დატვირთვებს გავზრდი. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დაახლოებით თვენახევარში, ან ორ თვეში, უკვე თამაშიც შემეძლება. “კასტრთან” კონტრაქტი 1+1 სისტემით მაკავშირებს და მომავალ სეზონს სწორედ ამ კლუბში გავატარებ. იმედია, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მომდევნო სეზონშიც “კასტრში” დავრჩები” - განუცხადა “მსოფლიოს სპორტს” აქვსენტი გიორგაძემ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია