საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელი დამრიგებელი ტიმ ლეინი, რაგბის კავშირმა, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
რაგბის კავშირში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ პასუხიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირის ბოლოს ამ ამბავს ბეჭედი დაესმევა.
“ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია. კვირის ბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მოიწვევს და თავად მოგითხრობთ ყველაფრის შესახებ”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” რაგბის კავშირის პრესსამსახურის უფროსმა მაია ჩიკვაიძემ.
ბუქარესტში გასამართი IRB-ს ერთა თასის წინ, სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შერკინების მწვრთნელი დამიენ კამინსი და ფიზმომზადების მწვრთნელი ჯონი ნამუ. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ მათი მუშაობა ხელმძღვანელობას აღარ აკმაყოფილებდა და უფრო მაღალი დონის სპეციალისტების მოწვევა სურდათ. ეს სპეციალისტები თავის დროზე ეროვნულ გუნდში ტიმ ლეინის რეკომენდაციით მოხვდნენ. ცოტა ხნის წინათ, ეროვნული გუნდის პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ მათი გათავისუფლება რაგბის კავშირს თავად მორაგბეებმა სთხოვეს. კამინსს და ნამუს წესად ჰქონიათ ერთ მორაგბესთან მეორეზე ჭორაობა და ბიჭებმა ეს ვერ აპატიეს.
უშუალოდ ლეინს საქართველოს რაგბის კავშირმა ბუქარესტის ტურნირზე ნამიბიის დამარცხება მოსთხოვა, მაგრამ მიზანი შეუსრულებელი დარჩა, რასაც ჩვენი გუნდის მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი უკუსვლა მოჰყვა. მართალია, მაშინ ითქვა ავსტრალიელი სამშობლოში დასასვენებლად გაემგზავრა და ოქტომბერში დაბრუნდებაო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოქტომბერში “ბორჯღალოსნებს” ახალი დამრიგებელი ეყოლებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია