ამბები

10:03 | 14.07.2010 | ნანახია 2457 - ჯერ

განახლებულ “ერთა თასს” ოდესიდან ვიწყებთ

ევროპის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (FIRA), “ერთა თასის” ფორმატი საბოლოოდ შეცვალა და ქულათა დარიცხვისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესებთან ერთად, ახალი კალენდარიც გამოაქვეყნა.
უწინარესად, გამარჯვებულის გამოვლენის წესზე გეტყვით, რომელმაც გასულ გათამაშებაში დიდი აზრთასხვაობა გამოიწვია. “ერთა თასი” ორწლიანი ციკლით გათამაშდება, ოღონდ, გამარჯვებული 2011 წელსაც გამოცხადდება და 2011-2012 წლის ჯამითაც. ანუ, როდესაც პირველი წრე დასრულდება, თასს ის გუნდი მიიღებს, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება. მომდევნო წელს, გუნდებს ქულები გადაყვებათ და მათ 2012 წელს დარიცხული ქულები დაემატება, გათამაშების დასრულებისას კი, თასს ის გუნდი მიიღებს, რომელსაც ორი წლის ჯამში ყველაზე მეტი ქულა ექნება.
IRB  ყველა სეზონის გამარჯვებულს რეგიონთაშორის გათამაშებაში მიიწვევს, რომელიც ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. 2011-2012 წლების სეზონის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი, მომავალ გათამაშებას ქვედა დივიზიონში შეხვდება, მის ადგილს კი, იქ პირველ ადგილზე გასული გუნდი დაიკავებს. თანაბარი ქულების მოგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს მიენიჭება. გამარჯვებისათვის გუნდებს ქულები ახალი სისტემით დაერიცხებათ: მოგება დაფასდება 4 ქულად, წაგება 0 ქულად, ფრის შემთხვევაში, ორივე გუნდი ჩაიწერს 2-2 ქულას, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისათვის, გუნდს მიენიჭება ერთი პრემიალური ქულა.
რაც შეეხება განრიგს, “ბორჯღალოსნებს” 2011 წელს სამი შეხვედრის გამართვა სტუმრად უწევთ, ორ მატჩს კი თბილისში გამართავენ. საქართველოს ნაკრები ტურნირს 2011 წლის 5 თებერვალს, ოდესაში, უკრაინასთან მატჩით იწყებს, 12 თებერვალს ესპანეთს უმასპინძლებს, 26 თებერვალს ლისაბონში ელის პორტუგალიასთან დაპირისპირება, 12 მარტს თბილისში რუმინეთს დაუხვდება, წლის დასკვნით ჯახს კი 19 მარტს, სოჭში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08295