საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, დღეს ახალი თასი გამოამზეურა, რომლისათვისაც თბილისის "ლოკომოტივი" და "ლელო" დღესვე, "მიხეილ მესხზე" 20:00 საათიდან იბრძოლებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბრძოლა ლამაზი და უშეღავათო იქნება და მაყურებელს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.
ახალი თასი ქვის მაღალ კვარცხლბეკზე მდგარი მორაგბის ფიგურაა, რომელიც თავდაყირა დგას და სიმბოლურად, ბურთს მეტოქის ჩათვლის მოედანში ამიწებს. თასის ეს ორიგინალური კომპოზიცია კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას მოუფიქრებია და მისი იდეა წარსულში ცნობილ მორაგბეს, ამჟამად კი მოქანდაკე გია ჯაფარიძეს განუხორციელებია. თასი სიმაღლეში 70 სანტიმეტრისაა და ათ კილოგრამს იწონის.
"გუნდებმა 11-12 თამაში ჩავატარეთ და კარგ ფორმაში ვართ. შემადგენლობის მხრივ მცირე პრობლემა ორივე გუნდს აქვს, მაგრამ უშეღავათო და ლამაზი თამაში იქნება. ფინალს ყველა განსაკუთრებული განწყობით ხვდება, მით უმეტეს, რომ ეს თასი სილამაზით ძველსა სჯობს", - განაცხადა "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა.
"მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ვეცდებით ტიტული შევინარჩუნოთ. დღეს ის გუნდი მოიგებს, ვინც ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს", - ეს კი "ლელოს" დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა თქვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია