ამბები

0:04 | 15.07.2010 | ნანახია 2848 - ჯერ

“ლელომ” შარშანდელივით შემოაბრუნა

აგერ უკვე მეშვიდე თამაშია “ლოკომოტივი” “ლელოს” დამარცხებას ვერ ახერხებს. “ლოკოს” ამ გუნდთან მე-2 ტაიმის კომპლექსი აქვს და მარცხის მიზეზიც სწორედ ეს არის. გასული წლის თასის ფინალის მსგავსად, “ლოკომოტივმა” პირველი ტაიმი ახლაც მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში ბობა კვინიხიძე “ძველებურად” დაინავსა, გასატანი ჯარიმები გააფუჭა, “ლელოს” კი, მეორე სუნთქვა გაეხსნა და ამჯერადაც იმარჯვა.
ამრიგად, ახალი თასი, რომელიც ძველმა მორაგბემ, ახლა კი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ გააკეთა, კვლავ “ლელოს” დარჩა. ამასთან, “ლელომ” “ლოკომოტივისგან” სინზეც მიიღო გამოწვევა და ისიც კვლავ თავისთან დაიტოვა. ამჯერად, ახალი თასი “ძველ გამარჯვებულს” ახალი სამინისტროს ახალმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გადააბარა და თან დააყოლა, მომავალ წელს გამარჯვებული სოლიდური თანხითაც დაჯილდოვდებაო, რაზეც “ლელოს” მორაგბეებმა უპასუხეს, რადგან წლეულს პრემიებით არ გვაჯილდოვებთ, იძულებული ვართ, თასი მომავალ წელსაც ვირგუნოთო.
ეს იყო ბოლოს, მანამდე კი ტრიბუნაზე შეკრებილმა 1000-მდე მაყურებელმა ლამაზი, უშეღავათო, მართლაც რომ ფინალის დარი ჯახი იხილა. დაუნდობელი ჯახები, სწრაფი, კომბინაციური თამაში, ლელოები; გასატანი, მაგრამ აცილებული ჯარიმები, ბოლო წუთებზე გამართული თავდაუზოგავი ბრძოლა, დიდი თავგანწირვით შენახული ჩათვლის მოედანი, ერთი გუნდის განუზომელი სიხარული და წუხილი მეორე გუნდისა, რომლის მორაგბეთა თვალებშიც ერთი რამ იკითხებოდა - “არა უშავს, შემდეგი თამაში მაინც ჩვენი იქნება”.
შეხვედრის წინ, “ლელოს” შემადგენლობის მხრივ დიდი პრობლემები შეექმნა. მათი რამდენიმე საკვანძო მორაგბე ტრავმირებულია და ლევან მაისაშვილი იძულებული იყო, გუნდი გადაეხალისებინა, რაც უმეტესად, უკანა ხაზს ემჩნეოდა. ალბათ ამიტომ, “ლელომ” აქცენტი შერკინების მოთამაშეების აქტიურობაზე გააკეთა, მე-3 წუთზე მოლით კარგად შეუტია, “ლოკომოტივი” დაჯარიმდა და ყიასაშვილმა დაახლოებით 48 მეტრიდან დარტყმით, ანგარიში გახსნა.
ამან “ლოკომოტივი” გაახელა და სწრაფად, თანაც მძლავრად უპასუხა. მე-6 წუთზე შიოშვილმა მარჯვენა ფლანგზე დახურული გადაცემა მიიღო, კარგად გაიქცა და ლელო ისეთ ადგილას გაიტანა, რომ კვინიხიძეს გარდასახვის გამოყენება არ გაჭირვებია. ცოცხალი თამაში გაჩაღდა და “ლელომ” მთელი 10 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა, რასაც კვლავ დაჯარიმება და ყიასაშვილის ზუსტი დარტყმა მოყვა - 6:7.
25-ე წუთზე კვინიხიძეს პირველი ჯარიმა გაუფუჭდა, არადა პოზიციას ურიგო არ ეთქმოდა. ორ წუთში ჯარიმა თითქმის იმავე წერტილში დაინიშნა, კვინიხიძემ ბურთს დეფექტი უპოვნა, გამოცვალა და ამჯერად, ზუსტად დაჰკრა. ყიასაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე ჯარიმითვე მალე დაიყვანა. 35-ე წუთზე, “ლოკომოტივმა” მორიგი ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, გუჯარაიძემ ხაზი გაჭრა, ბურთი ზვიად მაისურაძეს გაატანა, რომელმაც აღარ გარისკა, ღვინჯილიას გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, კვინიხიძემ კი, გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 17:9 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ. ეს შეტევა ყიასაშვილის საკუთარი 22-დან კარგ დარტყმას მოჰყვა, მაგრამ მიწიდან ასხლეტილმა ბურთმა გვერდითი ხაზი არ გადაკვეთა, პირით ხაზთან კი, მას კვინიხიძე დახვდა და გარდიგარდმო მდგარმა აიღო, რის გამოც შერკინება დარტყმის ადგილიდან დაინიშნა.
სანამ მსაჯი შესვენებისას ჩასტვენდა, კვინიხიძეს ჯარიმა გაუცუდდა, მე-2 ტაიმი კი, “ლელოს” გააფთრებული შეტევებით დაიწყო და 47-ე წუთზე გენებაშვილმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ყიასაშვილმა კი, მეტოქე გატანილი ჯარიმითაც დასაჯა.
52-ე წუთზე, კაცმეტმა “ლელომ” სწრაფი, თავბრუდამხვევი შეტევა წამოიწყო, ჯერ მარცხენა ფრთაზე სცადა გარღვევა, მერე ბურთი მარჯვნივ, მთელი მოედნის სიგანეზე ჩათამაშდა, იქ ჯოგლიძემ და კოლელიშვილმა წაიწიეს, ბურთი კვლავ მარცხენა გვერდით ხაზთან გადაიგზავნა და გუგავამ ზედ ალამთან ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა, ტაბლოზე 17:17 დარჩა, მსაჯმა კავთიძეს შელაპარაკება არ აპატია და გაასინბინა, რითაც “ლოკომოტივი” მოედანზე ცოტა ხნით 13 კაცის ამარა დარჩა.
სანამ “ლოკომოტივის” შემადგენლობა შეივსებოდა, ყიასაშვილმა ჯარიმით “ლელო” დააწინაურა. ამაზე “ლოკომოტივმა”, რომელმაც მთელი მე-2 ტაიმის 30 წუთი მეტოქის ნახევარზე ხეირიანად ვერ გადადიოდა, საპასუხო შეტევა წამოიწყო და კვინიხიძეს მე-60 წუთზე ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ოთხ წუთში მას ერთხელაც მიეცა ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ დარტყმა ამჯერადაც ააცდინა. სამაგიეროდ, 66-ე წუთზე, ყიასაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 23:17 გახდა.
70-ე წუთზე, ყიასაშვილმა ჯარიმით საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა ვერ მოუტანა. მიუხედავად ამისა, “ლელო” მაინც მეტოქის 22-ს უტრიალებდა, თუმცა, მოულოდნელად ბურთი დაკარგა და ჩიტიძე მათი ჩათვლის მოედნისკენ დაიძრა. კოლელიშვილმა სწრაფად მოახერხა დაცვაზე გადართვა, უკნიდან მეტოქეს ფეხებში წვდა და თავად შესაცვლელი გახდა, მაგრამ საკუთარი გუნდი ასპროცენტიანი მარცხისაგან იხსნა. “ლოკომოტივმა” ბოლოს გაიბრძოლა, ზედ ძელებთან, ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან, მეტოქეს მაგრად მიაწვა, მაგრამ ხაზის გადაკვეთა ვერ მოახერხა, მედგრად მებრძოლმა ლელოელებმა ბურთის წართმევა მოახერხეს, ის გვერდით ხაზს იქით გაიტანეს და ახალი თასის შეთამაშებით ძლიერ გაიხარეს.  

საქართველოს თასის XII გათამაშების ფინალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 800 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 23:17 (9:17)
ლელო:
1. გიორგი სანიკიძე, 2. ირაკლი ჭყონია, 3. მიხეილ სუჯაშვილი, 4. ლაშა აზალაძე, 5. ზურა ხორბალაძე, 6. ვახტანგ მძინარიშვილი (ილია მაისურაძე 41), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (გიორგი ჭყოიძე 80), 8. ბექა სარდანაშვილი (ვასილ კვერნაძე 80+4), 9. გიორგი კაჭარავა, 10. უჩა მჭედლიშვილი, 11. ლექსო გუგავა, 12. ალექსანდრე მანჯავიძე, 13. ნოდარ ანდღულაძე (თორნიკე ცერცვაძე 75), 14. ბაჩო ჯოგლიძე, 15. ირაკლი ყიასაშვილი.
1 ლელო: გუგავა
6 ჯარიმა: ყიასაშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
 
ლოკომოტივი: 1. პაპუნა ელოშვილი, 2. ლევან გენებაშვილი, 3. გიორგი ვეფხვაძე, 4. გიორგი ოზგებაშვილი (დავით ჩიტიძე 75), 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. ზვიად მაისურაძე, 8. გიგა ნიშნიანიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია, 10. ბობა კვინიხიძე, 11. დავით ჟამუტაშვილი, 12. გიორგი კობერიძე, 13. სანდრო ქავთარაძე, 14. შალვა შიოშვილი, 15. ვახტანგ კავთიძე (რატი ხუციშვილი 70).
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
2 ლელო: შიოშვილი, ღვინჯილი
2 გარდასახვა: კვინიხიძე
1 ჯარიმა: კვინიხიძე
2 სინბინი: გენებაშვილი, კავთიძე
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095195