ამბები

10:21 | 15.07.2010 | ნანახია 3405 - ჯერ

შოტლანდიელით შოტლანდიის წინააღმდეგ - დიქსონმა ლეინი ჩაანაცვლა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ავსტრალიელი ტიმ ლეინის მთავარი მწვრთნელობის ერა დასრულდა. ამიერიდან, “ბორჯღალოსნებში” ახალი, შოტლანდიური ერა დაიწყება, რადგანაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნა რიჩარდ დიქსონს დაევალა, რომელმაც გასული წლის მიწურულს საქართველოს რაგბის კავშირს ამ სახეობის განვითარების კონცეფცია დაუწერა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, გუშინ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ავსტრალიელი სპეციალისტი ტიმ ლეინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია და იქვე მისი შემცვლელიც დაასახელა.
რიჩი დიქსონი 1969-1973 წლებში, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი იყო. ამის შემდეგ, კლუბებში მიღებული გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკის შემდეგ, 8 წელი შოტლანდიის A ნაკრებს ავარჯიშებდა, 6 წელი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდგომი 9 წელი კი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავა. მას შემდეგ, მწვრთნელის თანამდებობაზე არსად უმუშავია. ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პროექტების მენეჯერი იყო და თითქმის ერთი წელია, საქართველოს რაგბის კავშირს სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით კონსულტაციებს უწევდა.
ახალი მწვრთნელი ნაკრებში ახალი გუნდით და ახალი მიზნებით მოდის. ისე, რადგან ის IRB-მ საქართველოში რაგბის განვითარების პროგრამის დასაწერად მოავლინა, მას მიმდინარე წლის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის სტატუსის ტარების უფლება არ აქვს და სპეციალურად მისთვის, საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი თანამდებობა შექმნა - სანაკრებო რაგბის დირექტორი - ოფიციალურად ამ სტატუსის მატარებელი იქნება დიქსონი, რეალურად კი, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს იკისრებს. ის ახლა ლონდონშია და ორ კონსულტანტთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ერთი შერკინების, ხოლო მეორე უკანა ხაზის მწვრთნელია და წარსულში დიქსონის ხელმძღვანელობით უთამაშია, ახლა კი ინგლისურ კლუბებში არიან დასაქმებული. ამასთან, რიჩი მოლაპარაკებას განაგრძობს იმ ორ ავსტრალიელთან - ფიზმომზადების და დაცვის მწვრთნელთან, რომელთა საქართველოს ნაკრებში მოწვევა ჯერ კიდევ ტიმ ლეინის მწვრთნელობისას იგეგმებოდა. მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რჩება ილია მაისურაძე.
გიორგი ნიჟარაძე: “ოფიციალურად, ლეინის თანამდებობიდან გათავისუფლება პირველ ივლისს გადაწყდა. ეს არ იყო იოლი და არც ემოციაზეა დაყრდნობით მიგვიღია გადაწყვეტილება. ლეინს საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2011 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული და თუ მას ჩვენი ინიციატივით გავუშვებდით, 3 თვის ხელფასი უნდა გადაგვეხადა. მიუხედავად ავსტრალიელის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნისა, მისი მუშაობით კმაყოფილნი და მადლობელი ვართ. შედეგები არ ჰქონდა ცუდი, ყოველ შემთხვევაში, წინა წლების შედეგებზე ცუდი.
როდესაც ტიმ ლეინი საქართველოში მოვიწვიეთ, მას ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, კლუბებთან და აკადემიებთან მუშაობა ევალებოდა. ამასთან, ჩვენს ნაკრებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინაზე უკეთესი შედეგი უნდა ეჩვენებინა. ტიმს რაც შეეძლო გაკეთა, თუმცა, სანაკრებო დონის ასაწევად, რაღაც აუცილებლად უნდა შეგვეცვალა. ერთ პიროვნებასთან ვწყვეტთ კონტრაქტს, რათა საქართველოში რაგბის მიმართ ახლებური მიდგომა იყოს. ქვეყანას არ აქვს იმის პირობა, რომ ერთი კაცისთვის გვეხადა ხელფასი და მას მარტო ნაკრებში ემუშავა. ჯგუფმა ქვეყანაში რაგბის დონეზე უნდა იმუშაოს. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი გეგმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორმალურ გამოსვლას ისახავს მიზნად და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლას და შემდგომ ოთხწლიან ციკლს ეხება.
დღეიდანვე უნდა დაგვეწყო შემდეგი ციკლისთვის მზადება და შევთანხმდით, რომ სანაკრებო ვერტიკალს, ანუ ეროვნული გუნდს და ახალგაზრდულ ნაკრებებს ერთი კაცი ჩაუდგება სათავეში და ის წარმართავს ყველაფერს. ტიმი ეცადა, მაგრამ ის მაინც ერთი გუნდის მწვრთნელი იყო. ამიტომ, გამგეობის წევრებმა ვისაუბრეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ მასთან კონტრაქტი გაგვეწყვიტა.
გადაწყდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირში შეიქმნება ახალი თანამდებობა - სანაკრებო რაგბის დირექტორი და ის რიჩარდ დიქსონი იქნება. დიქსონი დიდი ხანია ანხორციელებს საქართველოში წარმატებულ პროექტებს. თავის დროზე, რიჩი წარმატებული მორაგბე იყო და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. მერე იყო ჯერ სამოყვარულო, შემდეგ პირველი პროფესიონალური შოტლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელი. 8 წელი ის შოტლანდიის A ნაკრებს ავარჯიშებდა, შემდგომი 6 წელი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, 9 წლის განმავლობაში კი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მის შოტლანდიის ნაკრებს, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოში ის პატივცემული ადამიანია და იმ ერთ წელიწადში, რაც საქართველოში გაატარა, ჩვენგანაც პატივისცემა დაიმსახურა.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა სწორედ შოტლანდიის ნაკრებთან გველის, მას კი რიჩი ყველაზე კარგად იცნობს. მთლიანობაში, ალბათ, საუკეთესო კალენდარი გვაქვს. ჩვენთან შეხვედრამდე 4 დღით ადრე, შოტლანდიას რეპეშაჟის გამარჯვებულთან უწევს მატჩი. მერე ჩვენ მალევე გვიწევს დაპირისპირება ინგლისელებთან, რის შემდეგაც 9 დღე ვისვენებთ და რეპეშაჟის გამარჯვებულს დასვენებულები შევხვდებით.
დიქსონი ამჟამად ლონდონშია და სამწვრთნელო შტაბის დაკომპლქტებაზე მუშაობს. ის ორ თანაშემწეს ეძებს - ერთი შერკინების, მეორე კი უკანა ხაზის მწვრთნელია. მისი ხედვით, მათ საქართველოში, ყველაზე ცოტა, 9 თვე უნდა გაატარონ, რადგანაც აქ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ. შოტლანდიელის თქმით, მას მაღალი დონის შერკინების და უკანა ხაზის მწვრთნელი არ ჭირდება და ამ საქმეს თვითონაც გაწვდება. ამასთან, მოლაპარაკებას აწარმოებს ფიზმომზადებისა და დაცვის საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტებთან. ნაკრების შედეგებზე პასუხისმგებელი რიჩი იქნება. ეს ცვლილებები გარკვეულ რისკს შეიცავს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი იმაზე იაფი დაგვიჯდება, ვიდრე წინამორბედი 3 მწვრთნელის შენახვა გვიჯდებოდა და გამოთავისუფლებულ თანხებს სხვა საკითხების მოსაგვარებლად მივმართავთ”.
ბოლოს, ნიჟარაძემ ნაკრების სამსოფლიოსჩემპიონატო მზადების გეგმებზე ისაუბრა, რომელმაც ლეინის წასვლის შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა. ავსტრალიელი შეკრების დაწყებას თბილისში გეგმავდა, მეორე ეტაპს საფრანგეთში, დასკვნით ეტაპზე კი “ბორჯღალოსანთა” წაყვანა ორი კვირით ავსტრალიაში უნდოდა. დიქსონი მხოლოდ ქართულ-ფრანგული შეკრებით აპირებს შემოფარგვლას. მისთვის უმჯობესი ყოფილა საფრანგეთში მეტი საკონტროლო თამაშის გამართვა, ვიდრე ავსტრალიაში ადაპტაციისთვის გამგზავრება. მით უმეტეს, ეს სრკ-ს პრეზიდენტმაც აღნიშნა, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ქართველებს სურდათ, რომ ზელანდიაში, 5 სექტემბრის ნაცვლად, პირველ სექტემბერს ჩასულიყვნენ, მაგრამ ეს ფუფუნება 120 ათასი დოლარი ჯდებოდა და ამიტომ მასზე უარი ითქვა.
ითქვა ისიც, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორი ფირმა “KOOGA” იქნება და “ბორჯღალოსნებს” 100 ათასი დოლარის ღირებულების ეკიპირებით აღჭურავს. “შევარდენის” ბაზა 25 აგვისტოს გაიხსნება, მაგრამ სასტუმროს მშენებლობა იმ პერიოდისთვის დასრულებული არ იქნება, ბუნებრივისაფარიან მინდორზე კი ერთი წელი შეგნებულად არ შევლენ და თამაშები მხოლოდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგება. თუმცა, “შავი ზღვის” თასის შეხვედრები “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077154