რიჩარდ დიქსონი, აგერ, უკვე ერთი წელია საქართველოში იმყოფება და ქართული რაგბის განვითარების კონცეფციაც ჩამოწერა, მაგრამ ეს პერიოდი, მისი არსებობა მხოლოდ რამდენიმე კაცს თუ აინტერესებდა, ახლა კი, როცა შოტლანდიელს საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა დაევალა, მისდამი გულშემატკივართა ინტერესი გაიზარდა.
ჯეიმს რიჩარდ (რიჩი) დიქსონი, 1947 წლის 3 იანვარს, ედინბურგში დაიბადა. მან ბერვიკშირის უმაღლესი სკოლა, 1966-69 წლებში კი, ჯორდანჰილის (გლაზგო) პედადოგიური კოლეჯი დაამთავრა. რადგან მისი მოღვაწეობის პერიოდში რაგბი სამოყვარულო იყო, ის, ბურთის დევნასთან ერთად, მუშაობითაც იყო დაკავებული. რიჩი ჯორდანჰილის კოლეჯის სარაგბო კლუბის პირველ გუნდში ბურთაობდა და ამ გუნდისა და გლაზგოს უფროსთა საოლქო გუნდის კაპიტანიც იყო.
თამაშის პარალელურად, 1969-72 წლებში ქარის (ედინბურგი) უმაღლესი სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებელი იყო, შემდგომი ორი წელი კი, ამავე სკოლის მთავარი დამრიგებლის თანაშემწედ მუშაობდა. 1969-73 წლებში, ის შოტლანდიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი იყო, 1973-80 წლებში კი, შოტლანდიის ნაკრების მეორე ეშელონის მოთამაშედ ითვლებოდა და 1975-1979 წლებში, B ნაკრების კაპიტანიც გახლდათ. 1974 წელს, ის ქარის უმაღლესი სკოლის მთავარი დამრიგებელი გახდა და ამ თანამდებობაზე 1993 წლამდე იმუშავა.
1981 წლიდან დიქსონის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო - ის “გლაზგოს” და შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო 1984 წელს, “გლაზგოსი” და შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, პარალელურად კი, შოტლანდიის B ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა. 1987-90 წლებში, ის “გლაზგოს” მთავარ მწვრთნელად მუშაობას განაგრძობდა და უკვე შოტლანდიის B ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა. მისი წინსვლა კიდევ გაგრძელდა - 1991-95 წლებში, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (ფორვარდების მწვრთნელი) იყო.
1995-98 წლებში, ის შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა, მაგრამ თავი დიდად ვერ გამოიჩინა და იტალიასთან მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, შოტლანდიის ნაკრების ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი, სწორედ ამ პერიოდზე მოდის - 1997 წელს, შოტლანდიელები სამხრეთ აფრიკასთან 10:68 შერცხვნენ. 1999-2002 წლებში, მან სამწვრთნელო კარიერა გლაზგოს პროფესიული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში გააგრძელა და პარალელურად, შოტლანდიის რაგბის კავშირის მწვრთნელთა განვითარების ხელმძღვანელი იყო, სადაც 2005 წლამდე იმუშავა. პრინციპში, 2002 წლიდან დღემდე, ის სწორედ მწვრთნელთა განათლებაზე და თეორიაზე მუშაობდა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, პრაქტიკა ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ექნება.
ზემოთნახსენების პარალელურად, რიჩარდ დიქსონს სხვადასხვა წლებში სამწვრთნელი სესიები და სემინარები ჩაუტარებია ტონგაში, შვედეთში, დანიაში, კანადასა და ჰოლანდიაში. 1983-87 წლებში, ის შვედეთის ნაკრების არასრული მწვრთნელი იყო, ტონგას ეროვნულ ნაკრებს კი სამი კვირის განმავლობაში უწევდა კონსულტაციებს და მას შემდეგ, ტონგელებმა 1995 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ოღონდ, ეს ამ სამკვირიანი კონსულტაციების შედეგი იყო, თუ სხვა რამ, ძნელი სათქმელია.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია