ამბები

20:54 | 17.07.2010 | ნანახია 2346 - ჯერ

მარცხის ტოლფასი უდისციპლინობა

როდესაც ერთი გუნდი მეორეს სჯობს ტერიტორიისა და ბურთის ფლობაში, არ აგებს საკუთარ დერეფნებს და შერკინებებს, როგორც წესი, ის გამარჯვებული ხდება. მაგრამ ერთი მორაგბის უდისციპლინობამ, შესაძლოა, მთელი გუნდის გარჯა წყალში ჩაყაროს და სწორედ ასე დაემართა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს. ბევრს ეცადა დენი როსოუ საკუთარი შეცდომის გამოსწორებას და ლელოც მიითვალა, მეორე მის გარღვევას კი შედეგიანი ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ საწყის წუთებში დაშვებული შეცდომა, რასაც ორი ლელო მოჰყვა, მის გუნდს მარცხად და უქულოდ დარჩენად დაუჯდა.
არადა, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, როსოუ, შესაძლოა, შეხვედრის გმირად ქცეულიყო და აფრიკაში მას ყველა დიდი პატივით შეხვდებოდა, ახლა კი, “ქურციკები” ზელანდიიდან უქულოდ ბრუნდებიან, მაშინ, როდესაც ახალმა ზელანდიამ ორივე შეხვედრაში მოახერხა პრემიალური ქულის აღება (პირველი მატჩი ერთი კვირის წინ, ოკლენდში 32:12 მოიგო) და დიდი ალბათობით უნდა ითქვას, რომ თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა, მთავარ ფავორიტთა სიიდან ამოიწერა, მისი ადგილი კი, ახალმა ზელანდიამ დაიკავა. ასეა, სამი ერის გათამაშებაში, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ყოველ პრემიალურ ქულას ოქროს ფასი აქვს და ის, ახლა, ორი ტურის შემდეგ, სრულად “ოლ ბლექსის” სასარგებლოდ მეტყველებს.
თამაში ველინგტონში, წვიმიან ამინდში გაიმართა და მან ტრადიციულად, სწრაფ და უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. ალბათ, წვიმის ბრალია, რომ ორივე გუნდის მორაგბეებს, ბურთი ხშირად უვარდებოდათ ხელიდან. წვიმა იყო დამნაშავე, თუ სხვა რამ, ზელანდიელთა ლიდერმა დენ კარტერმა სამ-სამი ჯარიმა და გარდასახვა გააფუჭა, თორემ სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ტერიტორიული უპირატესობა სამხრეთ აფრიკისა იყო და ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ “ოლ ბლექსი” სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდა, შეტევებს ხელით საკუთარი 22-დანაც კი იწყებდა და ლამაზ სტილში იმარჯვა. საგულისხმოა, რომ ორ მატჩში, ზელანდიამ აფრიკას 8 ლელო გაუტანა, თავად კი მხოლოდ 2 გაუშვა.
შეხვედრა აფრიკელთა შეტევით დაიწყო და მე-3 წუთზე მათ ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ როსოუმ წაქცეულ მეტოქის კაპიტან რიჩი მაკკოუს, ჯერ თავში ხელი წამოარტყა, მერე ფეხი მიაყოლა, ეს რეფერის არ გამორჩა, აფრიკელი გაასინბინა, ჯარიმის დარტყმის უფლება კი მასპინძლებს გადაულოცა და “ქურციკებისთვის” მძიმე წუთები დადგა. ასეთი დონის გუნდების შეხვედრაში, ერთკაციანი უპირატესობა ბევრს ნიშნავს, მას არავინ პატიობს და ეს, ახლაც ნათლად გამოჩნდა.
მასპინძლებმა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყეს, კარგად ითამაშა კორი ჯეინმა, მერე ბურთი მარცხნივ სწრაფად ჩაათამაშეს, მილს მულიაინას ლელოს ხაზამდე დაახლოებით მეტრანახევარი დააკლდა, საქმეში მაანონუ ჩაერთო და ხაზი მაინც გადაკვეთა. ეს, მე-7 წუთზე მოხდა. მე-11 წუთზე, აფრიკელებმა შეტევაში, მეტოქის 22-ის ხაზთან დაკარგეს ბურთი, ის ვეეპუმ მოიხელთა, თერნოვერით კარგად ისარგებლა, ხაზი გაჭრა და ცენტრი გადაკვეთა, საჭირო დროს კი, მარჯვნივ მულიაინას დროული გადაცემა გაუკეთა და მანაც, თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. მართალია, კარტერს ორივე გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ ტაბლოზე 10:0 აენთო, ეს კი, საწყის წუთებში ახალი ზელანდიისათვის საჭიროზე დიდი ფორაა.
ამის შემდეგ, ერთი ხანობა, გუნდები ფეხით გადაკიდების და მეტოქის შეცდომის იმედად იყვნენ, მერე კი, ბურთზე კონტროლი აფრიკამ დაამყარა, მაგრამ ზელანდია კარგად იცავდა თავს და მეტოქეს საკუთარი ჩათვლის მოედანს 30 მეტრის სიახლოვესაც არ აკარებდა, თავად კი, სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. რაც მთავარია, დაახლოებით 20 წუთი, ორივე გუნდი პრაქტიკულად უჯარიმოდ თამაშობდა. ნერვებმა პირველს სამხრეთ აფრიკას უმტყუნა, რაქში ხელით თამაშისთვის დაჯარიმდა და კარტერმა 38 მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 13:0.
36-ე წუთზე ზელანდიელი რენე რანგერი უხეში ბოჭვისთვის დაჯარიმდა, “შპრინბოკმა” დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა და არც შემცდარა. მათ საკუთარი დერეფანი მოიგეს, დე ვილერსმა ხაზი გაჭრა, ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 2 მეტრში შებოჭეს, რაქიდან გამოსული ბურთი კი სიჩქარეაკრეფილმა როსოუმ მიიღო, მოწინააღმდეგეებს მთელი ძალით შეასკდა და რამდენიმე ზელანდიელთან ჭიდილში, ბურთი ხაზს იქით შეიტანა, მორნი სტეინმა კი, რეალიზაციით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:7.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო და როსოუს სრულ რეაბილიტაციამდე სულ ცოტა დააკლდა, როდესაც ზელანდიელებმა მისი მიძალება ჯარიმით შეაჩერეს. სტეინს ახლო მანძილიდან და ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გაჭირვებია და სხვაობა სარაგბო საზო,ებით მინიმუმამდე დავიდა, რამაც ერთის მხრივ სიტუაცია უკიდურესად დაძაბა, მეორეს მხრივ კი, ახალი ზელანდია გაახელა. კარტერის ფეხით კარგად გადაკიდების შემდეგ, მათ მძლავრი იერიში მიიტანეს “შპრინბოკის” ჩათვლის მოედანზე. 5 და ნაკლები მეტრის სიშორით, მთელს პერიმეტრზე, გააფრთრებული ბრძოლა გაჩაღდა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, სადაც გვერდით ხაზთან მას რანგერი ელოდა. ლამაზი სანახავი იყო, როდესაც ის ნახტომით აფრიკელთა ჩათვლის მოედნისკენ გაფრინდა და ნახტომშივე, ჰაერშივე ზელანდიელი აპლონმა შებოჭა, თუმცა, ვიდეოგამეორებამ ცხადყო, რომ გვერდითი ხაზის გადაკვეთამდე, რანგერმა ბურთის ცალი ხელით დამიწება მოახერხა და ლელოც სამართლიანად ჩაითვალა. კარტერმა კვლავ არაზუსტად დაარტყა და 47-ე წუთზე ტაბლოზე 18:10 დაფიქსირდა.
კარტერს დარტყმა რომ არ წაუვიდა, 51-ე წუთზე, 40 მეტრიდან, კარიდან მარჯვნივ დანიშნული ჯარიმის შესრულება ვეეპუმ ითავა და ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა. 65-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა დაგმა საწაული მოახდინა და მეტოქეს კიდევ ერთი ლამაზი ლელო უძღვნა. ის ცრუმოძრაობებით, დროული პაუზებით და აჩქარებებით, მოკლე მანძილზე 6 მცველს გაექცა და ულამაზესი ლელო გაიტანა, რითაც ზელანდიას პრემიალური ქულა მოუტანა. ასეთი ლელოს შემდეგ, რეალიზაციის გაფუჭება კარტერმაც ვეღარ გაბედა - 28:10. აბა, ზელანდიას რაღა შეაჩერებდა და გაინავარდა, მოშლილმა აფრიკამ უხეშ ჯარიმებს მიმართა და კარტერმა 70-ე წუთზე მარცხენათი ანგარიში 31:10 გახადა.
თამაში რომ წაგებული იყო, აფრიკას კარგად ესმოდა, მაგრამ პრემიალური ქულის აღების შანსს მოეჭიდა და 75-ე წუთზე, ხანგრძლივი შეტევა, რომელშიც ხშირი იყო ფლანგების ცვლა, შარკ ბურგერმა ლელოთი დააგვირგვინა, რასაც ზუსტი რეალიზაცია დაერთო და სხვაობა 14 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ დროში, აფრიკას ერთი ლელო და ზუსტი რეალიზაცია უნდოდა, რათა პრემიალური ქულა აეღო. ამიტომ, მათ საკუთარი 22-დან ხელით წამოიწყეს შეტევა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და 17:31 დამარცხდნენ, ეს კი, პრაქტიკულად თასის დაკარგვის ტოლფასია. ამრიგად, როსოუს ნაადრევმა სინბინმა და ახალზელანდიელთა უკანა ხაზის ბრწყინვალე თამაშმა (ოთხივე ლელო უკანახაზელების ანგარიშზეა), “ქურციკები” უმძიმეს დღეში ჩააგდო.  
ახლა, ზელანდია ერთი კვირით დაისვენებს, სამხრეთ აფრიკას კი, ბრისბენში ავსტრალიასთან იოლი გასეირნება სულაც არ ელის. “შპრინბოკი” ვალდებულია, რომ ეს შეხვედრა პრემიალური ქულის აღებით მოიგოს და ამ შემთხვევაშიც კი, მხოლოდ საკუთარი წარმატებული თამაშის იმედად ვერ იქნება, რადგანაც საწყის ორ ტურში მაქსიმუმის მიმღებმა “ოლ ბლექსმა”, აქამდე არნახული სტარტი აიღო და ძნელად სავარაუდოა, ტემპი მომავალ შეხვედრებში დააგდოს.

პირველი რაუნდი. 10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
მეორე რაუნდი. 17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17

1.    ახალი ზელანდია 2 0 0 2 63-29 10
2.    ავსტრალია 0 0 0 0 0-0 0
3.    სამხრეთ აფრიკა 2 0 0 2 29-63 0


შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2, წაგება - 0, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის - 1 პრემიალური ქულა

მესამე რაუნდი. 24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
მეოთხე რაუნდი. 31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
მეხუთე რაუნდი. 7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია
მეექვსე რაუნდი. 21 აგვისტო. სოუეტო
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
მეშვიდე რაუნდი. 28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
მერვე რაუნდი. 4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
მეცხრე რაუნდი. 11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია

ზურა ქსოვრელი





 
 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072449