ორი თამაშიღა დარჩა იმ მე-20 გუნდის ვინაობის გასარკვევად, რომელიც 2011 წლის მორაგბეთა მსოფლიო თასის უკანასკნელ საგზურს მიიღებს და B ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე გახდება. საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში, არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა, რუმინეთმა და ურუგვაიმ თავ-თავიანთი შეხვედრები ნერვების წყვეტის გარეშე მოიგეს და მიმდინარე წლის ნოემბერში, ორმატჩიან ფინალში ახალი ზელანდიის საგზური სწორედ მათ შორის გათამაშდება.
ბევრს ეცადა ტუნისი, რათა ორგანიზატორებისთვის ორმატჩიანი დუელი გამოეტყუა, მაგრამ აბა რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან რას გახდებოდა, თუმცა, მისი მოთხოვნა რომც დაკმაყოფილებულიყო, რუმინელები მეტოქეს იმდენად აღემატებიან, რომ ძნელად სავარაუდოა, რამე შეცვლილიყო. რუმინეთის ქალაქ ბუზეუში გამართულ მატჩში, მასპინძლებმა სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ლეგიონერი მოისაკლისეს და უმეტესად, შიდა ჩემპიონატის კლუბებში მოთამაშე მორაგბეებით წარსდგნენ მეტოქის წინაშე, მაგრამ შეხვედრის ბედი პირველსავე ნახევარში გადაწყდა. მთლიანობაში, რუმინელებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, რასაც 6 რეალიზაცია და 3 ჯარიმა დაერთო. ტუნესელებმა მათ მხოლოდ 2 ჯარიმით და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით უპასუხეს, რის შემდეგაც ტაბლოზე 56:13 დაფიქსირდა, რუმინელთა სასარგებლოდ.
ყაზახეთში რაგბი ახლაღა იკიდებს ფეხს და ის, რომ მათ იაპონიის შემდეგ აზიის შესარჩევ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს, ჰონკონგსა და კორეას აჯობეს, უკვე დიდი მიღწევაა. ამდენად, მონტევიდეოში ყაზახებისგან სასწაულს არც არავინ ელოდა და ურუგვაიმაც დამაჯერებლად იმარჯვა.
მიუხედავად მეტოქის სისუსტისა, ურუგვაელებმა არ გარისკეს და მე-20 წუთამდე 2 ჯარიმით დაწინაურდნენ, შესვენებამდე კი, 2 ლელო გაიტანეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 20:0 მოიგეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა 1 ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, რაზეც ყაზახებმა 49-ე წუთზე ლელოთი და რეალიზაციით უპასუხეს. მატჩის ბოლომდე ურუგვაელებმა კიდევ 3 ლელო გაიტანეს, სამივე რეალიზაცია გამოიყენეს და ჯამში 44:7 მოიგეს.
ფინალური შეხვედრები შინ და გარეთ 6 და 20 ნოემბერს გაიმართება. აქამდე, რუმინელებს ყველა მსოფლიო თასზე აქვთ ნათამაშები, ურუგვაიმ კი, რაგბის მუნდიალზე 1999 და 2003 წელს ითამაშა. ცნობისათვის, 2003 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ურუგვაის ნაკრები საქართველოს ნაკრებს შეხვდა და სამხრეთამერიკელებმა მაშინ 24:12 მოიგეს. ასე რომ, “ბორჯღალოსნებს” მეტოქესთან რევანში აქვთ ასაღები და კარგი იქნება, ახალი ზელანდიის საგზურს ურუგვაი თუ მოიპოვებს. ბოლო წლებში, რუმინელები IRB-ს ერთა თასზე ურუგვაის ორჯერ შეხვდნენ და ორჯერვე გაიმარჯვეს - 2008 წელს მეტოქე 10:6, ხოლო 2009 წელს 17:11 დაამარცხეს. თუმცა, ის შეხვედრები ბუქარესტში გაიმართა, ანუ ევროპელები მასპინძლები იყვნენ და ორრაუნდიან ჯახში ასეთი მცირე უპირატესობა, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია