საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ჩემპიონატის მე-2 ეტაპი დაუმარცხებლად განვლო ეროვნული პირველობის ლიდერმა ქუთაისის “აია”-მ და გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ქუთათურებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის “ვისოლი-ყოჩებმა” გაუწია, რომელსაც ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩში დაუპირისპირდა. გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, თუმცა, თბილისელებმა გარდასახვებში ვერ ივარგეს, “აია”-მ კი, 2 ცდიდან ერთხელ იხეირა და 12:10 იმარჯვა.
მანამდე “აია”-მ “ხულიგანა” 14:7, ხოლო “დევები” 47:7 დაამარცხა. მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი შედგა და ქუთაისელები ფოთის “კოლხ რაინდებს” იოლად გაუსწორდნენ - 52:0, რის შემდეგაც ნახევარფინალის და ფინალის ჯერი დადგა.
ნახევარფინალში ქუთაისური დერბი შედგა. ქუთაისის “ბაგრატმა” მე-2 ჯგუფში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო - “აკადემიასთან” 19:7, “ივერიასთან” 35:0 და ოზურგეთის “არწივებთან” 33:0. მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ისინი ბათუმის “ბათუმი XV”-თან 0:7 დამარცხდნენ, რომელსაც მანამდე სამივე მატჩი მოგებული ჰქონდა (“არწივებთან” 43:0, “ივერიასთან” 42:0 და “აკადემიასთან” 28:5) და ნახევარფინალში “ბაგრატი” მე-2, “ბათუმი XV” კი პირველი ადგილით გავიდა.
იქ “აია”-მ “ბაგრატს” 24:12 აჯობა, “ბათუმი XV”-მა კი “ვისოლი-ყოჩები” 22:5 დასცა. ფინალში “აია”-მ 3 ლელო გაიტანა, ბათუმელებმა - 2, გარდასახვები გუნდებმა ზუსტად ურტყეს და ქუთაისელებმა 21:14 მოიგეს.
მე-3 ადგილი “ვისოლი-ყოჩებს” ერგო, რომელმაც “ბაგრატს” 7:0 სძლია, მე-5 ადგილი და სინი კი, “ხულიგანას” დარჩა, რომელმაც გადამწყვეტ ჯახში “აკადემიას” 7:5 აჯობა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია