ამბები

13:51 | 20.07.2010 | ნანახია 3649 - ჯერ

Top 14-ის ქართული მიდი-მოდი

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება და გუნდებმა პრაქტიკულად უკვე დაასრულეს შემადგენლობების დაკომპლექტება.
სასიხარულოა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, ფრანგთა უმაღლეს ლიგაში ქართველ ლეგიონერთა რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, ამ მხრივ მატებაცაა, რადგანაც Top 14-იდან ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითებული “მონტობანის” ქართველებმა, უმაღლესი დონის ახალი კლუბები იპოვეს, Pro D2-იდან აღზევებული “აჟენის” შემადგენლობაში მობურთალმა ანტონ ფეიქრიშვილმა კი, მართალია, ყოფილი კლუბი დატოვა, მაგრამ კონტრაქტი კვლავ უძლიერესთა შორის მყოფ გუნდთან გააფორმა.
დავიწყოთ “მონტობანის” ქართველებით - გოდერძი შველიძით და ბექა შეყლაშვილით. ისინი რომ გუნდთან ერთად დაქვეითებას არ გეგმავდნენ, თავიდანვე იყო ცნობილი. “მონტობანს” ისე გაუჭირდა, რომ Pro D2-შიც ვერ შეინარჩუნა ადგილი და ახალ სეზონს ფედერალ1-ში იწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის პირველხაზელმა გოდერძი შველიძემ, რამდენიმე ვარიანტიდან არჩევანი “სტად ფრანსეზე” შეაჩერა და ამრიგად, მომავალი სეზონიდან Top 14-ს კიდევ ერთი “ქართული კლუბი” შეემატა. დიდხანს არც ბექა შეყლაშვილს უფიქრია და 23 წლის პირველხაზელმა კონტრაქტი Top 14-ში წლეულს აღზევებულ “აჟენთან” გააფორმა. თავის მხრივ, “მონტობანი” უქართველოდ მაინც არ დარჩა და “მასიდან” მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე გადაიბირა.
გასულ წელს “აჟენთან” ერთად Pro D2-ის მომგებმა ანტონ ფეიქრიშვილმა, კარიერის გაგრძელება “კასტრში” გადაწყვიტა, სადაც შერკინების პირველ ხაზში, ტრავმამოშუშებულ აქვსენტი გიორგაძეს შეუერთდება. მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემ” გასულ სეზონში დაქვეითებას თავი ძლივს დააღწია, ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა და “ოიონაქსიდან” 24 წლის ქართველი პირველხაზელი გიორგი ჟღენტი დაიმატა.
“ბრივში” რჩება ქართველი პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი, ისევე, როგორც ქვეყნის ჩემპიონ “კლერმონში” აგრძელებს თამაშს დავით ზირაქაშვილი და კვლავ “ტულონში” ითამაშებს დავით ქუბრიაშვილი. Top 14-ში ქართველთა მატება სასიამოვნო ამბავია, მაგრამ კვლავაც დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ უმაღლეს დონეზე მოთამაშე ქართველ ლეგიონერთაგან, უმეტესობა შერკინების პირველხაზელები არიან. სხვა პოზიციის მოთამაშე მხოლოდ ორია და ისინიც შერკინების ხაზის მორაგბეები არიან - მეორე-მესამეხაზელი გორგოძე და მესამეხაზელი ჩხაიძე.
საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის რეგულარული გათამაშება სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, Pro D2-ი სეზონს აგვისტოს მიწურულს იწყებს, ფედერალ დივიზიონებში კი თამაშები სექტემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება.  

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077586