გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, თბილისში მშენებარე სარაგბო ბაზები დაათვალიერა. მინისტრი 10:00 საათზე ბოგდან ხმელნიცკის 40-ში მდებარე “შევარდენის” რაგბის აკადემიას ეწვია, შემდეგ კი სარაჯიშვილის გამზირ 25-ში მშენებარე “სინათლის" სავარჯიშო-სათამაშო ბაზაზე მიმდინარე სამუშაოები იხილა.
მინისტრს მასპინძლობა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ გაუწია. “შევარდენსა” და “სინათლის” სარაგბო ბაზებზე სამუშაოები ჯგუფი “ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს. “შევარდენის” რაგბის აკადემიაში უკვე დასრულებულია აკადემიის ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, სადაც ახალგაზრდა მორაგბეებისათვის თეორიული მეცადინეობები ჩატარდება, მზადყოფნაშია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ბუნებრივსაფარიან მოედანზე კი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დამამთავრებელ ფაზაშია ტრიბუნების, სატრენაჟორო დარბაზის, გასახდელებისა და მსაჯთა ოთახების მშენებლობა და სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოები. სამომავლოდ, ბაზაზე 50 კაცზე გათვლილი სასტუმროც აიგება. “შევარდენის” ბაზა აგვისტოს ბოლოს გაიხსნება და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს მოემსახურება.
“სინათლის” სტადიონი “შევარდენის” ბაზის ანალოგიური იქნება, იმ განსხვავებით, რომ აქ აკადემიისა და სასტუმროს მშენებლობა არაა გეგმაში. “სინათლეზე” ხელოვნურსაფარიანი და ბუნებრივსაფარიანი მოედნები გაკეთდება, სადაც ახალი სარაგბო სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მატჩები გაიმართება.
ლადო ვარძელაშვილი: “ეს მართლაც უნიკალური სარაგბო ბაზებია, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული რაგბის განვითარებას. ამიერიდან, ამ ბაზებზე მოემზადებიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები და კეთილმოწყობილ მოედნებზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის მატჩები. “შევარდენის” სარაგბო აკადემია იმითაც იქნება გამორჩეული, რომ აქ ახალგაზრდა მორაგბეები თეორიულ ცოდნასაც შეიძენენ. დამწყები და პერსპექტიული მორაგბეებისთვის ლექციებს სხვადასხვა სპეციალისტები წაიკითხავენ. ქართველი მორაგბეები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ ბაზებს და სასიხარულოა, რომ სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება”.
დავით ნამგალაური: “დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ორი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი, სადაც სამშენებლო სამუშაოებს “ქართუ ჯგუფი” აწარმოებს. აქ მართლაც საუკეთესო პირობები იქნება ქართველი მორაგბეებისათვის. რაგბის სახელმწიფო მხარადაჭერის პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით 10 მსგავსი სარაგბო ბაზის მოწყობა. აგრეთვე, სარაგბო მოედნების მშენებლობა რუსთავში, გორში ქუთაისსა და ბათუმში. 2012 წლისთვის სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით მთლიანად უნდა დასრულდეს”.
გია ნიჟარაძე: “შევარდენის” ბაზაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და სექტემბერში ის მზად იქნება. მომავალ წელს კი ბაზას ახალი, 50-კაციანი სასტუმროც შეემატება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადების პირველ ეტაპს გაისად ივნისში სწორედ “შევარდენის” ბაზაზე გაივლის. რაც შეეხება “სინათლის” სტადიონს, აქ სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსათვის დასრულდება. “სინათლის” მოედნები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურება, “შევარდენი” კი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ბაზა იქნება”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია