დასავლეთ პროვინციის სარაგბო ინსტიტუტმა 22 ივლისს ქართველ მორაგბეთა ჯგუფი მიიღო. ისინი სამხრეთ აფრიკიაში ორთვეთვენახევრიან სტაჟირებას გაივლიან. საამისო საფუძველი წლეულს, აპრილში, საქართველოს “ა” ნაკრების სამხრეთაფრიკული ტურნეს დროს მომზადდა, რომელიც 25 მარტიდან 6 აპრილამდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ და სამხრეთ აფრიკის დასავლეთ პროვინციის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა, ბობი ტიტუსმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის ვრცელი პროგრამაც წელიწადში ორჯერ სპეცალისტების გაცვლასა და დასავლეთ პროვინციის სარაგბო აკადემიაში ქართველი მოთამაშეების სტაჟირებას ითვალისწინებს.
დასავლეთ პროვინციაში სტაჟირებისთვის შვიდი ქართველი მორაგბე შეირჩა. ყველა მათგანი, წელულს, თვრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სამხრეთ აფრიკის სტაჟიორთა სია ასე გამოიყურება: ლაშა ლომიძე (“აკადემია”), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”), სანდრო ქოიავა (“ლელო”), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”), ზურაბ ძნელაძე (“აია”), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”).
საგულისხმოა, რომ ქართველო მორაგბეების დასავლეთ პროვინციაში სწავლებას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ აფინანსებს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც საქართველოს “ა“ ნაკრებია შექმნილი.
სპორტული მოედნები, ქათქათა თეთრი შენობები, აბიბინებული მინდვრები და ასეულობით ჰექტარზე გადაჭიმული ვენახები: ასე გამოიყურება სამხრეთ აფრიკის დასავლეთ პროვინციაში მდებარე სტელენბოშის სარაგბო აკადემია, რომელიც სამხრეთაფრიკული და მსოფლიო რაგბის მექად სამართლიანად ითვლება.
სტელენბოშთან მრავალი სახელგანთქმული მორაგბისა და მწვრთნელის საქმიანობა არის დაკავშირებული. მათგან მხოლოდ ორის დასახელებაც საკმარისია: ქალაქ სტელენბოშის ერთერთ პირველ ვაჟთა სკოლას “ქურციკებად“ წოდებული ერონული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, პაულ როსი ხელმძღვანელობდა, ხოლო თავად სტელენბოშის უნივერსიტეტის სათავეებთან დენის კრავენი იდგა. ამ პიროვნებამ რაგბის სწავლების მეთოდიკაში გადაიტრიალება შეიტანა. მის იდეებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
სწორედ კრავენმა დანერგა მორაგბეთა მომზადების ახალი მეთოდიკა, რომელმაც თავის დროზე სტელნბოში “სპრინგბოკების“ (ქურციკების) ნამდვილ სამჭედლოდ აქცია. სწორედ კრავენის კონცეფციის წყალობით, სტელენბოშში დღესაც “ახალგაზრდა ბიჭებისგან რაგბის მოთამაშე ჭკვიან სპორტსმენებსა და ადამიანებს აყალიბებენ“.
დასავლეთ პროვინციის სარაგბო ინსტიტუტის თეზისებში ნათლად არის განზასღვრული სწავლების მიზანი: “სპორტული აკადემიების უმეტესობა ათლეტის აღზრდაზე ორიენტირებული სამეცნიერო ლაბორატორიებია, ჩვენი მიზანი კი მოთამაშეა, რომელიც ლაბორატორიაში ვერ გაიზრდება. მოთამაშის კონტექსტი არის მხოლოდ გუნდი. თამაშს ვერაფერი შეცვლის“.
სამხრეთ აფრიკის დასაველთ პროვინციის სარაგბო აკადემიის პროგრამა მსოფლიოში უნიკალურად ითვლება. ის სპეციალური მოდულებისგან შედგება, რომელიც ყოველი მორაგებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შექმნას გულისხმობს. მის შესრულებას პროფესიონალთაგან შემდგარი ინსტიტუტის შტატი ზედამხედველობს. მათი მიზანია მომავალი სპორტსმენებისთვის ისეთი აუცილებელი უნარების განვითარება, როგორიცაა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, კარგი კომუნიკაცია და ზეწოლის დაძლევა.
სტუდენტებს საკმაოდ დატვირთული სასწავლო პროგრამა ლექციებისა და ვარჯიშებისგან შედგება. ამას გარდა, გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სწორ კვებასა და საერთოდ, სპორტსმენის დადებით იმიჯზე ზრუნვას. უნდა ითქვას, რომ სწავლებისა და წვრთნის მეთოდიკა ე.წ. “საბოლოო გაშალაშინებასაც“ ითვალისწინებს.
რას ნიშნავს ეს “გაშალაშინება“? – სხვას არაფერს, თუ არა სტელენბოშის კულტურასთან ზიარებას. კერძოდ: ცნობილი მევენახის, ბუიერს ტრეტერის ზვრებში გასეირნებასა და რთველში მონაწილეობას, იმავე ტრეტერის ჩამოსხმული ღვინის დაგემოვნებას, აგრეთვე – დასავლეთ პროვინციისა და “ქურციკების“ ლეგენდის – იან ბოლანდ კოტზის საუბრების მოსმენას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია