ამბები

20:19 | 24.07.2010 | ნანახია 2449 - ჯერ

ჩემპიონი ბრისბენშიც წაიქცა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამი ერის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს სანაკრებო ტურნირის 2010 წლის გათამაშებაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა და პრაქტიკულად, ტიტულის შენარჩუნების შანსი დაკარგა.
შესაძლოა, შანსის დაკარგვაზე არ გვესაუბრა, მაგრამ საქმე ისაა, რომ “შპრინბოკმა” ამ სამ მატჩში ერთი პრემიალური ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა, გატანილ-გაშვებლ ქულათა სხვაობა -51 დაუგროვდა და ამგვარად, გასული წლის ჩემპიონი წლეულს უპირობო აუტსაიდერად მოგვევლინა. ავსტრალიელებმა აფრიკელებთან 30:13 იმარჯვეს, მაგრამ ტიტულის მოგების მთავარ პრეტენდენტად მაინც ახალი ზელანდია რჩება, რომელმაც სამხრეთ აფრიკას ორჯერ სძლია და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. “კენგურუებმა” შთამბეჭდავი გამარჯვება კი იზეიმეს, მაგრამ პრემიელური ქულის აღება ვერ მოახერხეს და ერთი კვირის თავზე, ზელანდიელებთან მაქსიმალური თავდადება მართებთ.
სამხრეთ აფრიკა იმავე მიზეზის გამო დამარცხდა, რისთვისაც ზედიზედ ორჯერ ახალ ზელანდიასთან შერცხვა. უდისციპლინობა - აი ესაა აფრიკელთა მთავარი საზრუნავი. წინა ორი შეხვედრის მსგავსად, “ქურციკები” საწყის ათ წუთში ყვითელი ბარათით ახლაც გამოირჩნენ. მე-3 წუთი მიდიოდა, როდესაც სახიფათოდ ჯაკ ფურიმ ითამაშა, ირლანდიელმა რეფერიმ ასისტენტთან კონსულტაცია გაიარა და აფრიკელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დატოვა. ზელანდიელებთან შეხვედრისგან  განსხვავებით, ამჯერად “შპრინბოკმა” საკუთარი ჩათვლის მოედანი, შემადგენლობის შევსებამდე ხელუხლებლად შეინახა, მაგრამ მაინც ხშირად ჯარიმდებოდნენ და მატჩის შედეგიც ამან განაპირობა.
მთლიანობაში, ბრისბენის სტადიონზე შეკრებილმა 44 284-მა მაყურებელმა, ავსტრალიელთა შესრულებით კარგი, სწრაფი თამაში იხილა. ისინი მეტოქის ნახევარზე მეტ დროს ატარებდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და ლელოების სიმცირე ამან გამოიწვია, თორემ მარტო პირველ ტაიმში მასპინძლებს იმდენი სალელოვე შანსი მიეცათ, ყველა რომ გამოეყენებინათ პრემიალურ ქულას შესვენებამდე ჩაიწერდნენ და ანგარიშიც ბევრად უფრო კატასტროფული იქნებოდა. ასე კი, მეტ ჟიტომ ჯარიმიდან ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, რასაც სამ წუთში მორნი სტეინის ზუსტი ჯარიმა მოყვა - 3:3. ამან თამაში გახსნა, ჰაბანა თამაშგარედან თამაშისთვის დაჯარიმდა და ჟიტომ ავსტრალიელები სამი ქულით დააწინაურა. სამ წუთში ელსოლმი შეიჭრა აფრიკელთა 22-ში, ბურთი ხაზზე ჩათამაშდა, ლელო არ შედგა, მაგრამ აფრიკა კვლავ თამაშგარისთვის დაჯარიმდა და ჟიტო ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა - 9:3.
სამხრეთ აფრიკამ სალელოვე შეტევის წამოწყება სცადა, მაგრამ მასპინძელთა მხრიდან კარგ დაცვას წააწყდა, 31-ე წუთზე კი სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ და ჟიტოს მიზანმა ამჯერადაც არ უმტყუნა. შესვენებამდე სტუმრებმა კიდევ ერთი მძიმე წუთი გადაიტანეს, როდესაც ავსტრალიელთა მიძალებას ვერ გაუძლეს, “კენგურუებმა” ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს და დრიუ მიჩელმა ალამთან ლელო გაიტანა, ჟიტოს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ შესვენებაზე ავსტრალია მაინც მნიშვნელოვანი ფორით გავიდა - 17:3.
მეორე ტაიმი კვლავ ავსტრალიელთა შეტევებით დაიწყო და მართალია, მათ ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, მაგრამ 6 წუთში 6 ქულა მოინაგრეს და ცხადი გახდა, რომ გამარჯვება მასპინძლებს დარჩებოდათ - ჯარიმა ჯერ ჟიტომ გამოიყენა, მერე კი ქუადე კუპერმა, თანაც, მეორე ჯარიმის დანიშვნისას, რეფერიმ ბოთას ბურთის განზრახ ჩახურვა არ აპატია, ყვითელი ბარათი უჩვენა და სამხრეთ აფრიკა მეორე ტაიმის საწყის წუთებზეც კაცნაკლული დარჩა. ეს ეპიზოდი აფრიკელთა დამრიგებელ დე ვილერსს მსაჯების მიმართ საყვედურს კიდევ ერთხელ ათქმევინებს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. 
“ქურციკებმა” სირცხვილის სუნი იკრეს და მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეტოქეს გააფთრებით ეკვეთნენ. “კენგურუები” კვლავ კარგად იცავდნენ თავს, მაგრამ 54-ე წუთზე გვერდითმა მსაჯმა კუპერის მხრიდან მორნი სტეინის წინააღმდეგ უხეში თამაში შენიშნა, რეფერიმ ავსტრალიელი გაასინბინა და მოედანზე გუნდები გარკვეული პერიოდით 14-14 კაცის ამარა დარჩნენ. მალე აფრიკელებს ბოთა დაუბრუნდათ, ახლა ისინი აღმოჩნდნენ ერთი კაცით მეტნი და მასპინძლებს გააფთრებით შეუტიეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სტუმრები ლელოს უცილობლად გაიტანდნენ და ასეც მოხდა. სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, 63-ე წუთზე ჯაკ ფურიმ ავსტრალიელთა ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა და 1997 წლის შემდეგ, სამხრეთ აფრიკამ ბრისბენში პირველი ლელო გაიტანა. რადგან პიენაარის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, ანგარიში მხოლოდ 15 ქულამდე შემცირდა (8:23), მაგრამ ამან სტუმრებს შეხვედრის გადარჩენის მცირე იმედი მაინც ჩაუსახა.
გასინბინებული კუპერი მალე ავსტრალიელებსაც დაუბრუნდათ და ჟიტოს ჯარიმით სხვაობის გაზრდის საშუალება მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 71-ე წუთზე აფრიკელებმა საკუთარი აუტი მოიგეს, შეტევა კარგად განავითარეს, მეტოქეს ძალით მიაწვნენ და სტეენკამპმა სტუმართა მეორე ლელო გაიტანა. ანგარიში 13:23 გახდა, პიენაარმა კი მეორე გადამწყვეტი რეალიზაცია გააფუჭა და ავსტრალიელებს მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამოისუნთქეს მასპინძლებმა და ახლა მათ მოიგეს საკუთარი დერეფანი, უილ გენიამ მეტოქის დაცვის ხაზში ნაპრალი ნახა, გაძვრა და ლელო გაიტანა, ოკონერიმ კი ზუსტი რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა 30:13.
ახლა ავსტრალიელები ერთი კვირის თავზე მელბურნში ზელანდიას მასპინძლობენ და თუ თასზე ფიქრი უნდათ, მეტოქე უცილობლად უნდა დაამარცხონ. სამხრეთ აფრიკა თითქმის ერთი თვე დაისვენებს, საკუთარ შეცდომებს გაანალიზებს და ჯერ ზელანდიას, მერე კი ავსტრალის (ორ მატჩში) უმასპინძლებს. ამ დროისათვის, შესაძლოა თასის პატრონი უკვე ახალი ზელანდია იყოს, თუ ავსტრალიას 31 ივლისს სტუმრად, 7 აგვისტოს კი საკუთარ მოედანზე დაამარცხებს. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, აფრიკელები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით ძლიერები არიან, თანაც, მოწინააღმდეგებთან ძველი ანგარიში ექნებათ გასასწორებელი და მაყურებელიც საინტერესო ჯახებს იხილავს.

პირველი რაუნდი. 10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
მეორე რაუნდი. 17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
მესამე რაუნდი. 24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
 
 
1. ახალი ზელანდია 2   0   0   2   69-29    10
2. ავსტრალია 1 1 0 0 30-13    4
3. სამხრეთ აფრიკა  3 0 0 3 42-93    0
შენიშვნა:მოგება - 4 ქულა, ფრე - 2, წაგება - 0, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის - 1 პრემიალური ქულა

მეოთხე რაუნდი. 31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
მეხუთე რაუნდი. 7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია
მეექვსე რაუნდი. 21 აგვისტო. სოუეტო
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
მეშვიდე რაუნდი. 28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
მერვე რაუნდი. 4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
მეცხრე რაუნდი. 11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
 
 
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083894