სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ სამი ერის თასზე ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ, გუნდში უთანხმოებაა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და სამი ერის გასული წლის გათამაშების გამარჯვებულ “სპრინგბოკს”, ახალ ზელანდიასთან ორჯერ და ავსტრალიასთან ერთხელ მარცხის მერე, ნული ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.
“გუნდთან ერთად სამი კვირა გავატარე და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ნაკრებში უთანხმოება არაა. მე ვესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელ პიტერ დე ვილერს, მის ასისტენტებს - დიკ მიურეის და ჰარი გოლდს, ასევე მორაგბეებს ჯონ სმიტს და ვიქტორ მეტფილდს. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში არანაირი პრობლემა არ არსებობს” - ამტკიცებს გუნდის გენერალური მენეჯერი ენდი მარინოსი.
ამასობაში, დე ვილერსმა ტრადიციას არ უღალატა და მარცხიანი სერია მსაჯებს გადააბრალა. მან თქვა, რომ რეფერები “ოლ ბლექს” განსაკუთრებულად ეხმარებოდნენ. პასუხი არც ახალი ზელანდიის დამრიგებელმა გრეხემ გენრიმ დაუგვიანა და “სპრინგბოკის” მწვრთნელის სიტყვებს არასერიოზული უწოდა.
“მის სიტყვებს სერიოზულად არ აღვიქვამ. სამხრეთ აფრიკასთან გამართულ ორივე შეხვედრაში, მსაჯებმა ჩვენ მეტჯერ დაგვაჯარიმეს, ვიდრე მოწინააღმდეგე. რამდენიმე ყვითელი ბარათი ობიქტური იყო, ზოგიერთი - საეჭვო, მაგრამ დაწვრილმანება არ ღირს” - თქვა გენრიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია