ამბები

3:15 | 1.08.2010 | ნანახია 2416 - ჯერ

ასპროცენტიანი ზელანდია თასს მიუახლოვდა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2010 წლის სამი ერის  გათამაშებაში მე-3 შეხვედრა ჩაატარა, ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა, თანაც, პრემიალური ქულის მომტანი 4 ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანა, სატურნირო ცხრილის სათავეში, 15 შესაძლებლიდან ქულათა მაქსიმუმით მოექცა და ძნელად სავარაუდოა, პირველობა ხელიდან გაუშვას.
ორივე გუნდმა აჩვენა, თუ როგორ უნდა ითამაშო რაგბი თავდასხმაში. ორივე ტაიმში ხუთ-ხუთი ლელო გავიდა. გუნდებმა პრაქტიკულად მხოლოდ ხელით ითამაშეს, იშვიათად იყენებდნენ ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზიდანაც კი, შეტევას ხშირ შემთხვევაში ხელით იწყებდნენ. თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ასევე დასრულდა, ავსტრალიამ კი, მაშინაც კი, როდესაც მე-2 ნეხევრის დასაწყისში მოედანზე კაცნაკლული დარჩა, შეტევაზე ფიქრი არ შეწყვიტა და მეტოქეს 2 ლელო გაუტანა. მაგრამ ამით მასპინძლებმა მაინც ვერ იხეირეს, 28:49 დამარცხდნენ, პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ და “ოლ ბლექსის” გასწრების შანსი თითქმის აღარა აქვთ. ამასთან, ზელანდიელებმა Bledisloe-ს თასის მოპოვებისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგეს, რომელსაც ავსტრალიასა და ზელანდიას შორის გამართულ შეხვედრებში, ის გუნდი იღებს, რომელიც წლის განმავლობაში მეტ მოგებას მოაგროვებს, თანაბარი ოდენობით გამარჯვებების მიღწევის შემთხვევაში კი, ის გასული წლის მფლობელის საკუთრებაში რჩება.
ავსტრალიას ზელანდიისთვის 2008 წლის შემდეგ აგერ უკვე 7 თამაშია არ მოეგო და ამის გაკეთება ვერც ახლა მოახერხა. მთლიანობაში, ეს გუნდები ერთმანეთს 138-ჯერ შეხვდნენ და “ოლ ბლექსმა” 94-ე გამარჯვება მოიპოვა, მაშინ, როდესაც ავსტრალიელთა ანგარიშზე მხოლოდ 39 მოგებაა, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ზელანდია და ავსტრალია Bledisloe-ს თასს ერთურთში 1932 წლიდან ათამაშებენ და აქაც ზელანდიელთა სრული უპირატესობაა - “კენგურუები” საპატიო ჯილდოს მხოლოდ 12-ჯერ ფლობდნენ, ბოლოს 2002 წელს, დანარჩენ 37 შემთხვევაში კი, გამარჯვებული “ოლ ბლექსი” გამოვიდა.
თამაშის ბედი დიდწილად ავსტრალიელთა მიერ საწყის მეოთხედში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა. მართალია პირველად ზელანდია, კერძოდ კი მისი ლიდერი დენ კარტერი შეცდა, რასაც ავსტრალიელთა ლელო მოჰყვა, მაგრამ მერე მასპინძლებმა 3 უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, სამჯერვე ლელოთი დაისაჯნენ და სტუმრებს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალება მისცეს. “კენგურუების” იმედები მეორე ტაიმის დასაწყისში დასამარდა, როდესაც დრიუ მიჩელმა მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. კაცნაკლულმა ავსტრალიამ პრემიალური ქულის მოსაპოვებლად გაიბრძოლა, მაგრამ ვერც ეს მოახერხა და “ოლ ბლექსთან” წარუმატებელი მატჩების სერია გააგრძელა.
შეხვედრა დაიწყო თუ არა, გუნდებმა ქულათა მოგროვებაზე დაიწყეს ფიქრი. მხოლოდ მე-3 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მეტ ჟიტო საკუთარ 22-დან დაიძრა, ცენტრამდე აიწია და გადაცემა ჯეიმს ოკონერის არ დაუგვიანა. მან სტუმართა 22-ში კი შეაღწია, მაგრამ როკოკოკომ მისი შებოჭვა მოახერხა, თუმცა, ამ გარღვევამ ზელანდიელებს თამაშგარედან თამაში აიძულა, დაჯარიმდნენ და ჟიტომ გასატანი გაიტანა. კარტერს წონასწორობის აღსადგენად 2 წუთი დაჭირდა. ავსტრალიელები კარის გასწვრივ, ცენტრალურ ხაზთან ახლოს დაჯარიმდნენ და კარტერმა დაახლოებით 47 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
ერთი წუთი არ იყო გასული იმ მომენტიდან, რაც კარტერმა ანგარიში გაათანაბრა და მანვე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. ზელანდიელთა ლიდერს საკუთარი 22-დან ფეხით სურდა ბურთის გატანა, მაგრამ ეს იმდენად ნელა გააკეთა, რომ დრიუ მიჩელმა დაუფარა, ბურთი თავად აიტაცა და მიუხედავად იმისა, რომ თავად კარტერი და როკოკოკო სიტუაციის გამოსწორებას ეცადნენ, შეტევის მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა, რითაც მელბურნის სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილი 51 409 მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. ჟიტოს გარდასახვა კი გაუფუჭდა, მაგრამ დებიუტში 8:3 დაწინაურება მასპინძლებისათვის მაინც კარგი შედეგი იყო, თუმცა, მათ ეს უპირატესობა მალევე საკუთარი შეცდომების წყალობით გაანიავეს, კარტერი კი, ანტიგმირიდან უცბადვე გმირად გარდაიქმნა.
ლელო თითქმის ისეთივე სიტუაციიდან გავიდა. დაიწყო ზელანდიამ ცენტრიდან თამაში, ახლა ბერიკ ბარნსმა სცადა საკუთარი 22-დან ბურთის ფეხით მოშორება, დაფარებაზე წასულ კარტერს ააცილა, მაგრამ ის ზელანდელ მაა ნონუს გაარტყა, კარტერი კი არ დაიბნა, ბურთი აიტაცა და საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ზედ ზუსტი რეალიზაცია დაურთო და გულშემატკივართა თვალში საკუთარი შეცდომა გამოასწორა, თან ფსიქო-ლო¬გიური წნეხიც, წინა შეცდომის გამო რომ ჰქონდა, მოიხსნა. მე-12 წუთზე ზელანდიამ მეტოქეს ბურთი რაქში წაართვა, ის ხელით მარჯვნივ ჩაათამაშა, მასპინძლებმა კორი ჯეინი გვერდით ხაზს იქით კი გადადენეს, მაგრამ მანამდე მან ბურთის ფეხით წინ გაგდება მოასწრო, ხოლო მულიაინამ აიტაცა და სტუმართა მეორე ლელო გაიტანა. კარტერის გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო - 15:8 ზელანდიის სასარგებლოდ.
მე-16 წუთზე ზელანდიის პირველმა ხაზმა შერკინება ჩააქცია, დაჯარიმდა და 22-ის ხაზიდან ჟიტომ გასატანი ჯარიმა ააცილა, მაგრამ დაახლოებით ნახევარ წუთში “ოლ ბლექსი” ისევ დაჯარიმდა და ამჯერად ჟიტოს დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, რითაც ჩამორჩენა 4 ქულამდე დავიდა. 22-ე წუთზე ავსტრალიელთა იმედები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც მსაჯმა ოუენ ფრენკსი გაასინბინა და სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა მასპინძლებმა ამით ვერ ისარგებლეს და ლელო თავად მიიღეს. “კენგურუებმა” ცენტრთან ახლოს ჯერ თავისი აუტი წააგეს, მერე კარტერის გადაკიდებული კი აიღეს, მაგრამ ადამ ეშლი კუპერმა გაგრძელება ვერ მოიფიქრა, პირდაპირ კონარდ სმიტს ჩაუვარდა ხელში, ბურთი დაკარგა, ის კი გუნდის კაპიტანმა რიჩი მაკკოუმ აიტაცა, სამი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და ლელო გაიტანა, კარტერმა კი რეალიზაცია გამოიყენა და 14 ზელანდიელი, 15 ავსტრალიელს 27-ე წუთზე კიდევ 7 ქულით დაშორდა - 22:11.
28-ე წუთზე მოედანზე გუნდების მორაგბეთა რაოდენობა გათანაბრდა, რადგან მსაჯმა დრიუ მიჩელი გაასინბინა. მიუხედავად ამისა, ჟიტომ სამ წუთში ჯარიმით საკუთარ გუნდს სამი ქულა შესძინა, მაგრამ ორ წუთში კარტერმაც ჯარიმით იხეირა და სტატუს-კვო აღადგინა, 36-ე წუთზე კი, ზელანდიამ პრემიის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა. ამ დროისთვის ისინი უკვე სრული შემადგენლობით თამაშობდნენ, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, “ოლ ბლექსმა” ჯერ ცენტრიდან შეუტია, მასპინძლებმა მიძალება შეაჩერეს, მაგრამ ფლანგი მოაშიშვლეს, ბურთი მარცხნივ სწრაფად ჩათამაშდა, კორი ჯეინმა დროული პაუზით და მოძრაობის მიმართულების შეცვლით, 2 მეტოქე ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, კარტერმა კი რეალიზაცია გამოიყენა, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ტაიმი 32:14 მოიგო.
ავსტრალიელთა ახალზელანდიელ დამრიგებელ რობი დინსს იმედი ჰქონდა, რომ მეორე ნახევარში მისი შეგირდები სიტუაციას გამოასწორებდნენ, მაგრამ ეს იმედები თამაშის განახლებიდან სამ წუთში გაქრა. დრიუ მიჩელმა მე-2 ყვითელი ბარათი, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო და ავსტრალია მატჩის ბოლომდე მოედანზე 14 კაცის ამარა დარჩა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, მას პრემიალური ქულის აღებაზე ფიქრიც კი გაუჭირდებოდა. ავსტრალია მოიშალა, ზელანდიამ კი გაილაღა. მასპინძლები დაცვაში ზონების გადაკეტვას ვეღარ ახერხებდნენ და უკვე 45-ე წუთზე, მულიაინამ ლელო დიდი ძალისხმევის გარეშე გაიტანა, კარტერმა კი გარდასახვა გამოიყენა.
ავსტრალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კაცნაკლულობისა, მათ მოინდომეს და მე-2 ტაიმის უმეტეს დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს, თანაც ბურთი მათ კონტროლს ქვეშ იყო. დაახლოებით 20-ფაზიანი შეტევის შემდეგ, მასპინძლებმა ზელანდიის დაცვა გატეხეს, დევიდ პოკოკმა მაკკოუ გადააყირავა და ლელო მოწინააღმდეგის ფეხებშუა გაიტანა. რადგან ვიდეორეფერიმ ხალხმრავლობის გამო ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა, მსაჯმა მათ ის არ ჩაუთვალა და 5-მეტრა შერკინება დაუნიშნა. ავსტრალია მაინც არ მოეშვა, შეტევები განაგრძო, კიდევ რამდენიმეფაზიანი მიძალება განახორციელა და საბოლოოდ, მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში ეშლი კუპერმა შეაღწია, ჟიტომ კი გარდასახვა გამოიყენა - 21:39.
ზელანდიამ ავსტრალიას ეს გამოხტომა არ აპატია და ორ წუთში უპასუხა. მათ კარგად გაათამაშეს ბურთი, მეტობა კიდევ ერთხელ გამოიყენეს, როკოკოკო გარღვევაზე გაიყვანეს და მანაც, მიუხედავად იმისა, რომ ვილ გენიამ შებოჭა, ზურგზე მწოლიარემ ბურთი თავს უკან, ჩათვლის ხაზს იქით გადადო. კარტერმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა. ავსტრალია პრემიალური ქულის აღებისთვის იბრძოდა და ჯარიმებს კარში აღარ ურტყამდა. მათ რამდენჯერმე მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთანაც მიაღწიეს და თავდადებისთვის 70-ე წუთზე დაჯილდოვდნენ, როდესაც მათმა კაპიტანმა როკი ელსომმალელოს გატანა მოახერხა.
ჟიტომ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 28:44 გახდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, რადგანაც მასპინძლებს პრემიალური ქულის ასაღებად მეოთხე ლელო ჭირდებოდათ. კი ეცადა ავსტრალია, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ზელანდიის იყო. მასპინძლებს ძალა აღარ ეყოთ. ბოლო წუთზე, “ოლ ბლექსმა” სწრაფად შეცვალა შეტევის მიმართულება, მარჯვენა ფლანგზე უდიდესი რიცხობრივი უპირატესობა შეიქმნეს და შეცვლაზე შესულმა კორი ფლუნმა ლელო გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში - 49:28 დააფიქსირა, რადგანაც კარტერს გარდასახვა გაუფუჭდა.
ამრიგად, ზელანდიამ ავსტრალია ზედიზედ მერვედ დაამარცხა და რეკორდის გამეორებასთან ძალიან ახლოსაა. 1936-1947 წლებში, “ოლ ბლექსს” “ვოლაბები” ზედიზედ ცხრაჯერ ყავს დამარცხებული და თუ 7 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე, კრაისტჩერჩში ავსტრალიას ისევ სძლია, რეკორდი გამეორებული იქნება. ამასთან, კრაისტჩერჩში მოგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ახალი ზელანდია სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდება და თასი “ოლ ბლექსს” დაუბრუნდება. პარალელურად, ზელანდიელებს Bლედისლოე-ს თასიც დარჩებათ, რადგანაც 7 აგვისტოს შემდეგ მათ წელს ავსტრალიასთან 2 შეხვედრაღა ექნებათ გასამართით და ამრიგად, “კენგურუებს” მათთვის მოგებებით გადასწრების შანსი წელს აღარ მიეცემათ.
“ავსტრალიაში ავსტრალიის ნაკრებისთვის 7 ლელოს გატანა, იოლი საქმე არაა. წელს უფრო სანახაობრივ რაგბს ვაჩვენებთ და შედეგებიც ფანტასტიკური გვაქვს, რაც ძალიან მახარებს” - თქვა ნამატჩევს ზელანდიელთა დამრიგებელმა გრეჰემ გენრიმ.

 
2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 28:49
 
1. ახ. ზელანდია 3 3 0 0 112-57 15
2. ავსტრალია      2 1 0 1   58-62  4
3. სამხ. აფრიკა    3 0 0 3   42-93  0
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, შვიდი და ნაკლები ქულით მარცხი, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა
 
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია
 
21 აგვისტო. სოუეტო
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
 
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
 
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
 
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088998