ამბები

11:10 | 2.08.2010 | ნანახია 2204 - ჯერ

ზირაქაშვილმა სეზონი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, ახალი სეზონისთვის მზადების წინ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, “ბურგონი” ამხანაგურ მატჩში 40:20 დაამარცხა.
ფრანგებმა 2010/2011 წლების სეზონისთვის, მზადება შვეიცარიაში, ალპებში დაიწყეს და თამაში შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე, ჟენევის ტბის სანაპიროზე გამართეს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ტრიბუნაზე მაყურებელი მრავლად შეიკრიბა. 4 ათასმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თუ ტურისტება, ამ გადაწყვეტილების მიღება არც ინანა, რადგანაც “კლერმონმა” მართლაც საჩემპიონო თამაში და ლამაზი რაგბი აჩვენა.
მერე რა, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ჩემპიონმა სწრაფი რაგბი ითამაშა, პირველიდან ბოლო წუთამდე, დაღლა ერთი წუთითაც არ დატყობია, მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და 6 ლელო გაუტანა, რომელსაც ზედ 5 რეალიზაცია დაამატა. ერთადერთი, რგოლებს შორის კავშირი მთლად დახვეწილი არ იყო, მაგრამ სეზონის დასაწყისისთვის ეს მისაღებია. “კლერმონი” ჯარიმებს კარში არ ურტყამდა, მხოლოდ ლელოების გატანაზე თამაშობდა და დროთა განმავლობაში ეს კავშირიც აუცილებლად აღდგება.
“კლერმონმა” პირველ ტაიმში მხოლოდ 2 ლელოს გატანა მოახერხა და შესვენებაზე გასვლისას მხოლოდ ოთხ ქულას იგებდა - 14:10. ქართველი ლეგიონერი, რომელსაც 27 წელი მიმდინარე წლის ოც სექტემბერს შეუსრულდება, თამაშში მე-2 ტაიმიდან ჩაერთო და მე-6 ლელოს გატანაში თავისი წვლილი შეიტანა. სწორედ ამ ლელოს გატანისას გახდა თვალნათელი, რომ “კლერმონი” ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. ზირაქაშვილისა და მისი 2 თანაგუნდელის დარტყმას, მოწინააღმდეგე წინ ვერ აღუდგა და “ბურგონის” ჩათვლის მოედანში, 73-ე წუთზე, ვინსენტ დებეტიმ შეღწია.
ახალ სეზონს ზირაქაშვილი და მისი “კლერმონი” 13 აგვისტოს, უმძიმესი მატჩით იწყებენ. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვე¬ტი¬ლებით, ბოლო 2 წლის ფინალისტები - “პერპინიანი” და “კლერმონი”, ერთურთს პირველსავე ტურში, “პერპინიანის” მოედანზე შეხვდებიან.
ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08732