ამბები

19:28 | 7.08.2010 | ნანახია 1869 - ჯერ

დაუმარცხებელმა “ოლ ბლექსმა” Bledisloe Cup-ი უკვე შეინარჩუნა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2010 წლის “სამი ერის” გათამაშებაში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. მეხუთე რაუნდში ზელანდიელებმა ავსტრალიას, რომელიც ერთი კვირის წინ სტუმრად 49:28 გაანადგურეს, ამჯერად მოკრძალებულად - 20:10 სძლიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს ორი უმთავრესი სანაკრებო თასიდან, ერთი მათ მფლობელობაში რჩება.
ზელანდიისა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებები, 1932 წლიდან ერთმანეთში Bledisloe Cup-ს ათამაშებენ და მისი მფლობელი ის გუნდი ხდება, რომელიც წლის განმავლობაში ურთიერთშეხვედრებში მეტ გამარჯვებას მოიპოვებს. რადგან ზელანდიელებმა წელს ავსტრალია უკვე ორჯერ დაამარხეს და ამ გუნდებს შორის 2010 წელს მხოლოდ ორი მატჩიღა დარჩა გასამართი (ერთი “სამ ერზე” და ერთიც ამხანაგური შეხვედრა ტოკიოში), დებულების თანახმად, თასი მის ძველ მფლობელს, ანუ ახალ ზელანდიას დარჩება. “კენგურუები” საპატიო ჯილდოს მხოლოდ 12-ჯერ ფლობდნენ, ბოლოს 2002 წელს, დანარჩენ 38 შემთხვევაში კი, გამარჯვებული “ოლ ბლექსი” გამოვიდა, ხოლო 2003 წლიდან მოყოლებული, ზომით ყველაზე დიდი სარაგბო თასი აგერ უკვე მერვე წელია მათ მფლობელობაში რჩება.
“ოლ ბლექსმა” ამ მოგებით ერთი თავისი მიღწევა გაიმეორა და ახლა მისი გაუმჯობესების შანსიც ეძლევა. 2008 წლიდან მოყოლებული, მათ ავსტრალია ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში დაამარცხეს და 1936-1947 წლების რეკორდი გაიმეორეს. ამასთან, ახლა ზელანდიელებმა მთლიანობაში ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგეს და კიდევ ერთი რეკორდის გამეორებას უმიზნებენ - ზედიზედ გამარჯვებათა მხრივ, 17-17 მოგებით რეკორდსმენები ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლიტვა არიან (ბუნებრივია, ამ უკანასკნელმა წარმატებას დაბალ დონეზე მიაღწია), “ოლ ბლექსს” კი, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება სწადია.
რაც შეეხება “სამი ერის” გათამაშებას, რადგან ზელანდიამ ერთის საპასუხოდ მხოლოდ ორი ლელო გაიტანა, ის პრემიალური ქულის გარეშე დარჩა და მართალია, ტურნირის მოგების და სამხრეთ აფრიკიდან თასის წაღების უპირველეს ფავორიტად რჩება, მაგრამ ოფიციალურად ბრძოლა ჯერ არ დასრულება. “ოლ ბლექსს” 2010 წლის “სამი ერის” მოსაგებად ერთი პრემიალური ქულაც ეყოფა, თუმცა, მას შესაძლოა ამ პრემიალური ქულის გარეშეც დაეუფლოს. ახლა ზელანდიელებს 4 თამაშიდან 19 ქულა აქვთ, სამიდან სამი წაგებით და ნული ქულით ბოლო ადგილზე მყოფ აფრიკას კი თასის შენარჩუნების შანსი აღარ დარჩა. ავსტრალიამ სამი შეხვედრა გამართა, ერთი მოიგო, ოღონდ პრემიალური ქულის აღების გარეშე, ორჯერ დამარცხდა და პრემიალური ქულები ვერც იქ აიღო, ასე რომ, მხოლოდ 4 ქულა აქვს. ახლა მათ დარჩენილი სამივე თამაში დიდი სხვაობით უნდა მოიგონ, ოთხ-ოთხი ლელო იტანონ და ზელანდიის ორივე მატჩში დიდი სხვაობით მარცხს დაელოდნონ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა და სავარაუდოდ, მეორე სამხრეთული თასიც ერთი წლით ახალ ზელანდიაში დაბინავდება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ავსტრალიელებმა ერთი კვირის წინანდელზე უკეთ ითამაშეს და მხოლოდ ორი ლელო გაუშვეს, მაგრამ შეტევაში მაინც ვერ ივარგეს. მართალია, ბურთს უმეტესად ისინი აკონტროლებდნენ, მაგრამ მაინც მეტოქეზე ორჯერ ნაკლები ქულა დააგროვეს და ისევ დამარცხდნენ. ზელანდიამ მეტოქეს კვლავ საკუთარი შანსების რაციონალურად გამოყენებაში აჯობა და კარგი დაცვა ითამაშა.  როგორც კი ბურთს მასპინძლები ეუფლებოდნენ, კარგი კონტრშეტევით, ან ფეხით გადაკიდებით, ისინი დიდ მანძილს იგებდნენ და ავსტრალიას ყველაფრის თავიდან დაწყება უხდებოდა.
მართალია, საწყისი ხუთი წუთი ბურთს ავსტრალია აკონტროლებდა, მაგრამ ლელო მაინც ახალმა ზელანდიამ გაიტანა. ტომ დონელის წამოწყებული კონტრშეტევა ავსტრალიელებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 22 მეტრში კი შეაჩერეს, მაგრამ მასპინძლებმა სწრაფად შეცვალეს შეტევის მიმართულება და მილს მულიაინა კუთხეში გაგზავნეს, კარტერმა კი რეალიზაცია ზუსტად შესრულა - 7:0. წონასწორობა მალევე აღდა. თამაში ორი წუთის განახლებული იყო, როდესაც კარტერმა ბურთი დაკარგა, დევიდ პოკოკმა და ნეითან შარპმა კი, კერტილ ბილი გარღვევაზე გაიყვანეს, მანაც დაახლოებით 65 მეტრი ირბინა და საპასუხო ლელო ძელებსშუა გაიტანა, რის შემდეგაც მეტ ჟიტოს გარდასახვის გატანა და წონასწორობის აღდგენა აღარ გაჭირვებია.
საყაიმო ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა, რადგან მე-13 წუთზე ზელანდიელებმა ფლანგელი უკანახაზელის, ჯეიმს ოკონერის შეცდომით ისარგებლეს, რასაც კონარდ სმიტის ლელო მოყვა. ავსტრალიელმა რატომღაც ფლანგი მიატოვა და ცენტრში შეიწია, ეს მაა ნონუმ შენიშნა, გრძელი გარღვევა განახორციელა და სმიტმა ლელო კუთხეში გაიტანა, კარტერმა კი გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად გამოიყენა. მე-18 წუთზე სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, რადგანაც ახალი ზელანდია თამაშგარედან თამაშისთვის დაჯარიმდა და ჟიტომ ჯარიმა გაიტანა. 7 ქულიანი ჰანდიკაპი 36-ე წუთზე აღდგა. ავსტრალია ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა, კარტერმა ზუსტად დაარტყა და ტაიმი 17:10 დასრულდა.
მეორე ტაიმში ავსტრალიელებმა შტურმი მოაწყვეს და მთელი 30 წუთის განმავლობაში მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ცხვირი არ გამოაყოფინეს, მაგრამ “ოლ ბლექსის” დაცვამ გაძლო, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, კარტერმა ჯარიმით უპირატესობა 10-ქულიანი გახადა და ზელანდიამ 20:10 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში, ავსტრალიელთა მიძალებების შეჩერებში დიდი როლი ითამაშა დენ კარტერმა, რომელიც ხელით თუ ფეხით, ბურთი საკუთარი ჩათვლის მოედნიდან მაქსიმალურად შორს გაჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
ზელანდიამ კი იმარჯვა და “სამი ერის” თასის დაბრუნებასთანაც ძლიერ ახლოსაა, მაგრამ აღსანიშნავია ერთი მომენტი - სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ვილერსი, მსაჯებს ხშირად ადანაშაულებდა, რომ წელს ისინი ახალ ზელანდიას განსაკუთრებით წყალობენ. ავსტრალიასთან კრაისტჩერჩში გამართულ ამ შეხვედრაში, ორჯერ იყო მომენტი, როდესაც ზელანდიელებმა მეტოქის შერკინება განზრახ ჩაშალეს, მაგრამ მსაჯი ორივეჯერ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა და ყვითელი ბარათი არ გამოიყენა.

2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 28:49
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 20:10

1.    ახალი ზელანდია 4   4   0   0   132-67   19
2.    ავსტრალია 3 1 0 2 68-82 4
3.    სამხრეთ აფრიკა 3 0 0 3 42-93 0



შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, შვიდი და ნაკლები ქულით მარცხი, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა

21 აგვისტო. სოუეტო
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია

ზურა ქსოვრელი


 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074868