ამბები

13:18 | 10.08.2010 | ნანახია 4099 - ჯერ

ქვიშის რაგბის ტურნირი აჭარაში

ტალღების ხმაური, ქვიშა და თორმეტი გუნდი, მათ შორის ორი – ქალთა; ამას დაუმატეთ ბრძოლა, ფიზიკური სიმაგრე, მეგობრული სულისკვეთება და დიდი მხიარულება. რა არის ეს? ქვიშის ფრენბურთი? ქვიშის ფეხბურთი? არა! ეს ქვიშის რაგბია – ყველაზე სახალისო და სადღესასწაულო სარაგბო ტურნირი, რომელიც აგერ უკვე მესამედ, აჭარის სანაპიროზე ეწყობა.
წლევანდელი ღონისძიება ბათუმში, 14-15 აგვისტოს, ბულვარის გაგრძელებაზე გაშენებულ ახალ რაიონში გაიმართება. საამისოდ, პირველად საქართველოში, ქვიშის რაგბის სტადიონიც აშენდა, რომლის საზეიმო გახსნა ტურნირის დაწყების დღეს დაემთხვევა.
ქვიშის რაგბი, ცხადია, ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებული სპორტის სახეობაა; ის ძალზე პოპულარულია ევროპაში, კერძოდ: იტალიაში, სადაც ლინიანოში ყოველ ზაფხულს ფესტივალის სახის ასპარეზობა იმართება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვიშის რაგბის განთქმული შეჯიბრება, სახელწოდებით “ზღვის სანაპიროს შვიდკაცა“ ტეხასის შტატში, კერძოდ, კორპუს კრისტიში ეწყობა.
2007 წლიდან IRB -ს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ქვიშის რაგბი ახალ სარაგბო დისციპლინად ჩამოყალიბდა და უკვე პროფესიონალიზმის ელემენტებს იძენს.
შვიდკაცას მსგავსად, ქვიშის რაგბი სათამაშო დროის სიმცირითა და სანახაობრიობით გამოირჩევა, რაც სამომავლოდ, შესაძლებელს ხდის, ქვიშის სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიადაზე ეს სარაგბო დისციპლინაც იქნას წარმოდგენილი.
ქვიშის რაგბის მოედნის ზომა სიგრძეში 30-50 მეტრის ფარგლებში, სიგანეში კი – 20-35 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კარებები არ იდგმება. ლელოს ხაზი მოედნის სიგანეზე გაჭიმული სპეციალური ლენტით აღინიშნება. თითო გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა 5-7 კაცს შეადგენს. რეზერვს 3-7 მოთამაშე ქმნის. ქულათა დაანგარიშება თავად კავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ერთი ლელო ერთ ქულად ფასობს. ტაიმები 5-7 წუთს გრძელდება, 1-3 წუთიანი შესვენებებით.
ბურთაობა მხიარული განწყობითა და შოუს ელემენტებით გამოირჩევა: მოთამაშეებს ლელოები მალაყებითა და ლამის სამმაგი სალტოებით გააქვთ. საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი, “მხარდამჭერთა ჯგუფის“ ლამაზმანები კი მაყურებლების თვალს ახალისებენ.
საქართველოში ქვიშის რაგბის კავშირი 2006 წელს დაფუძნდა. შემდგომ წელს კი პირველი ტურნირი გაიმართა ქობულეთში, რომელის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს რაგბის კავშირმა, ქობულეთის გამგეობამ და ინტურისტის სიახლოვეს მდებარე LIVE BAR-მა; ტურნირის მოწყობასა და მის პოპულარიზაციაში ასევე დიდი როლი ითამაშეს ქობულეთის პოლიციის უფროსმა რაულ შველიძემ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა, დიმა ობოლაძემ, რომელმაც ამ ღონისძიებიდან ექვსი პირდაპირი ჩართვა გააკეთა.
2008 წელს დაგეგმილი ტურნირი ომმა ჩაშალა; 2009 წელს, ქვიშის რაგბის ასპარეზობამ აჭარის კულტურისა და სპორტის იმდროინდელი მინისტრის, მათე ტაკიძის დახმარებით, უკვე ბათუმში გადაინაცვლა. აქ დიდი ხალისით ითამაშეს ვეტერანებმა.
წლვენდელ ტურნირში, 6 სამოყვარულო და 6 პროფესიონალური გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ: უმაღლესი ლიგაში მოასპარეზე ქუთაისის “აია“, თბილისის “ყოჩები“ და რუსთავის “ხარები“, პირველი ლიგის გორის “ლომები“, თბილისის TBC და “დევები“. სამოყვარულოებს შორის აღსანიშნავია ვეტერანთა და ქალთა ორი გუნდი: თბილისის “ჯვაროსნები“ და ბაქოს გუნდი, სახელწოდებით “კასპიელი კატები“, რომელიც British Petroleum-ის ბაქოს ოფისის ინგლისელმა თანამშრომლებმა, სტეფი სილიტომ და პამელა კიმსლიმ ჩამოაყალიბეს. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ტურნირს დაესწრება და თავის კლუბს უქომაგებს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბათუმის წლევანდელი ტურნირი სპეციალურად ქვიშის რაგბისთვის აშენებულ 1200 კაციან სტადიონზე გაიმართება. ეს ახალი, კეთილმოწყობილი სტადიონი “ცენტრ-პოინტის” ტერიტორიაზე, ორმოცდაათაიანი წლების საბჭოთა კლასიკის სტილში დაპროექტებული, ამავე კომპანიის საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარეობს. მის აშენებასა და კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანეს აჭარის კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მათე ტაკიძემ და ცენტრ-პოინტის ბათუმის ფილიალის ხელძღვანელმა, ირაკლი მინდელმა.
ახალი სტადიონს, ტურნისის დაწების დღეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე გახსნის, ხოლო მატჩების ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი მოახდენს.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07822