საქართველოს რაგბის კავშირმა, თბილისის მერიისა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პატრონაჟით, დიდი საქმე წამოიწყო და ამიერიდან, ქართულ კლუბებს ძალის საერთაშორისო ასპარეზზე მოსინჯვის საშუალება მიეცემათ. ორი რუმინული კლუბი, ერთი უკრაინული და სამიც ქართული, ახალ საკლუბო ევროტურნირს საფუძველს თბილისში ჩაუყრიან. “მსოფლიო სპორტი” რაგბის კავშირის თავკაც გია ნიჟარაძეს შეხვდა და მომავალი ტურნირის გარდა, სხვა აქტუალურ თემებზეც ესაუბრა.
გია ნიჟარაძე: დიდი ხანია საუბრობენ, რომ ჩვენი დონის სარაგბო ქვეყნების კლუბები, მოკლებული არიან საერთაშორისო პრაქტიკას. ვარიანტი იმისა, რომ ქართულმა კლუბებმა ევროპულ ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა, ჩვენი გათვლებით და IRB-დან მიღებული რეკომენდაციებით, უახლოესი რამდენიმე წელი, ამის გაკეთება უაზრობაა. ერთის მხრივ, Challenge Cup-ში მონაწილეობა ქართული კლუბებისთვის ძვირი სიამოვნებაა და ამას ვერცერთი ქართული კლუბი, მათ შორის რაგბის კავშირის დახმარებითაც კი, ვერ გაწვდება. იქ მონაწილეობა დაახლოებით 350 ათასი ევრო ჯდება და ამის საშუალება ახლა არცერთ კლუბს გააჩნია. მეორეს მხრივ, ბევრად ძლიერ გუნდებთან თამაში, როცა შედეგი წინასწარაა ცნობილი, რამის სწავლის ფაქტორი ბევრად ნაკლები იქნება და დემორალიზაციისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მომენტი გახდება. არც ის მგონია, რომ ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე წლის განმავლობაში გაიხაროს იმის ყურებით, როგორ მარცხდება ქართული კლუბი დიდი ანგარიშით რომელიმე ბრიტანულ გუნდთან.
აქედან გამომდინარე, იშვა იდეა, შეიქმნას ტურნირი, რომელიც მეტნაკლებად თანაბარი ძალის კლუბებს გააერთიანებს. ეს ჩვენი იდეა იყო და დიდი ხნის განმავლობაში IღB-ს ამ იდეის განხორციელებაში დახმარებას ვთხოვდით. ბოლო-ბოლო მათგან თანხმობა მივიღეთ და ასე გაჩნდა “შავი ზღვის თასის” ჩატარების იდეა. შეთანხმების მიხედვით, მასში ოთხ რუსულ და ორ-ორ ქართულ და რუმინულ კლუბს უნდა მიეღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, აქ ჩაერია პოლიტიკა და რუსეთის რაგბის კავშირის ნების საწინააღმდეგოდ (ამაში დარწმუნებული ვარ), რუსული კლუბები ვერ ჩამოვიდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსული გუნდები უკრაინულ კლუბებს ჩაენაცვლებინა. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, უკრაინის ჩემპიონატი ჩვენს პირველობაზე უფრო მაღლა დგას მატერიალური თვალსაზრისით. ინფრასტრუქტურა, კლუბების შესაძლებლობები, ხელფასები, არც შეედრება ჩვენს პირობებს. ასე მივედით შეთანხმებამდე, რომ ჩამოვიდოდა 2 რუმინული კლუბი, რომელსაც შემოგვთავაზებდა რუმინეთის რაგბის კავშირი, უკრაინის 2 საუკეთესო გუნდი და ორიც ჩვენი გუნდი.
IRB-სთან შეთანხმებით, მივიღეთ უფლება, რომ 2 საუკეთესო ქართული კლუბი, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით გაძლიერების უფლებას მიიღებდა. ქართული კლუბები ითამაშებენ “ლელოს” (ჩემპიონი) და “ბათუმი XV”-ის (მეორეადგილოსანი) სახელით, მაგრამ, ამავდროულად, ისინი იქნებიან კლუბების ნაკრებები. სამწუხაროდ, სულ ბოლო მომენტში, უკრაინის მეორე კლუბმა “ავიატორმა”, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, “შავი ზღვის თასის” გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჩვენ ეს შევატყობინეთ IRB-ს, მათ შესთავაზეს პორტუგალიას, მაგრამ იმდენად ცოტა იყო დრო, რომ ისინი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას ვეღარ ასწრებდნენ და გუშინ მივიღეთ წერილი, რომელშიც პორტუგალიელები მადლობას გვიხდიან შეთავაზებისთვის, წლეულს ვერ ასწრებენ ჩამოსვლას და მომავალ წელს დიდი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ამ გათამაშებაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წლეულს მესამე ქართული გუნდიც ითამაშებს, ბრინჯაოს პრიზიორი “ლოკომოტივი” და გვეყოლება 2 რუმინული, ერთი უკრაინული და სამიც ქართული გუნდი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ტურნირის ისტორია შევქმნათ, ხოლო მერე და მერე, დარწმუნებული ვარ, ის იმდენად პრესტიჟული გახდება, რომ ამ რეგიონის უძლიერესი კლუბები მასში ყოველთვის მიიღებენ მონაწილეობას.
- ასეთი ტურნირის ჩატარება, ალბათ, დიდი ფინანსებსაც მოითხოვს...
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ტურნირის ჩატარების უფლება ჩვენ მოგვეპოვებინა და ამ მხრივ, ფინანსები ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო. ჩვენი იდეა იყო და მისი ჩატარების უფლების სხვისთვის დათმობა არ გვსურდა. საქართველოს სჭირდება საერთაშორისო დონის ტურნირები. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ასეთი მასშტაბური შეჯიბრებების მოწყობა შეგვიძლია. მხსნელად ქალაქ თბილისის მერია მოგვევლინა და “შავი ზღვის თასი” სწორედ მისი ეგიდით და პატრონაჟით გაიმართება. მთელი ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარმილიონიანია და მის უდიდეს ნაწილს მერია გაიღებს, დანარჩენ ხარჯებს კი IRB დაფარავს. ქართული მხარე დაფარავს ყველა ხარჯს, გარდა გუნდების მგზავრობისა.
- ტურნირი რა ფორმატით გაიმართება?
- ყველა თამაში ჩატარდება “მიხეილ მესხის” სტადიონზე. ის 24 აგვისტოს დაიწყება და ხუთ სექტემბრამდე გასტანს. იქნება 2 სამგუნდიანი ქვეჯგუფი. ჯგუფურ ეტაპზე თითო გუნდს 2 თამაში უწევს, რის შემდეგაც ჯგუფის საუკეთესოები ფინალს ითამაშებენ, მეორეადგილოსნები მცირე ფინალს, ანუ მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ, ჯგუფის ნაბოლარები კი, ერთურთში მე-5 ადგილს გაითამაშებენ.
- უკრაინიდან ოდესის “კრედო 63” გვეწვევა, რუმინეთიდან რომელ გუნდებს ველით?
- რუმინეთიდან შარშანდელი ჩემპიონატის V-VI-ადგილოსნები - “ბუქარესტი” და “არადი” ჩამოვლენ. ვფიქრობ, რომ ეს გუნდებიც სხვა კლუბების მოთამაშეებით გაძლიერებული შემადგენლობებით იქნებიან.
- პირველ-მეორეადგილოსნები რატომ არ ჩამოვიდნენ?
- რუმინელებს მძიმე წელი აქვთ. ფედერაციაში მცირე არეულობაა, მათ ნაკრებს რეპეშაჟი აქვს სათამაშო ურუგვაისთან, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ობიექტურად, რუმინეთის ჩემპიონატი საქართველოსას ბევრად სჯობს და რეალურად, ეს გუნდები ჩვენი წამყვანი გუნდების დონის, შესაძლოა, უფრო ძლიერებიც კი არიან. 3 თამაში ტელევიზიით გაშუქდება, დასწრება უფასო იქნება და ვფიქრობ, ვისაც რაგბი უყვარს, ამაზე კარგ სანახაობას ვერ იხილავს.
- თქვით, ეს ტურნირი ტრადიციული გახდებაო და მას მომავალშიც საქართველო უმასპინძლებს?
- უწინარესად, იდეა ისეთი იყო, რომ მასი ჩატარების ადგილი როტაციული იქნებოდა, ანუ, ყოველ წელს სხვადასხვა ადგილას გაიმართებოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დონეზე ჩავატარებთ ჩვენ ამ ტურნირს. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, “შავი ზღვის ტურნირი” ტრადიციულად თბილისში გაიმართება. მთავარია, მაღალი შეფასება მოგვცეს IRB-მ, მერე კი, მათთან და მერიასთან მოლაპარაკებით, ყველა სირთულე შეიძლება გადაიჭრას.
- “შავი ზღვის თასის” ტურნირი გასულ წელსაც ჩატარდა, ოღონდ ბავშვთა სანაკრებო დონეზე. თითქოს, ისიც ტრადიციული უნდა გამხდარიყო, მაგრამ წლეულს მისი გამართვა ვერ მოხერხდა.
- ეს იმ ქვეყნების ფედერაციების დამსახურებაა, რომელთაც ამ ტურნირში უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ვისთანაც მოლაპარაკება გვქონდა ევროპის რაგბის საბჭოს “ქოლგის ქვეშ”. ამაზე საკმაოდ მძიმე საუბარი მქონდა მალტაზე გამართულ ევროპის რაგბის საბჭოს სხდომაზე. ამას კრიტიკა არ ერქვა, ჩემი გამოსვლა უფრო მეტი იყო. როდესაც რაღაცაზე თანხმდები, ის უნდა შესრულდეს. რუსეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვას და პოლონეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა, ჩვენგან დიდი დარტყმა მიიღეს. მით უმეტეს, რომ მათი ხარჯი მხოლოდ გზის ფული იყო და ჩვენი მასპინძლობა როგორი იქნებოდა, ყველასათვის ცხადია. ყველაფერი მზად გვქონდა ამ ტურნირის ჩასატარებლად. ფირა-მ, რომელმაც ამ ინციდენტის გამო სხვა ფედერაციების საქციელი დაგმო, შესაძლოა, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩაატაროს.
- “მიხეილ მესხის” სტადიონი ცოტა ხნის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა და სარაგბო მატჩების ჩატარების მხრივ ეს პრობლემას ხომ არ შეგიქმნით?
- ოფიციალურად ჯერ არ გადაცემია, მაგრამ გადაეცემა. ამ ტურნირს პრობლემა არ აქვს. ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს მოველაპარაკეთ და პირიქით, გვერდით გვიდგანან. მომავალში, მათთან მოლაპარაკება მოგვიწევს. ეს, რასაკვირველია, გარკვეულ პრობლემას გვიქმნის, რადგანაც “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი ტრადიციულად სარაგბო იყო და ახლა, ამ გაჭირვებულ ყოფაში, ერთი მოედნით ნაკლები გვექნება.
- “შევარდენის” ბაზის და “სინათლის” სტადიონის რეკონსტრუქცია როდისთვის დასრულდება?
- შემოდგომაზე ორივე მათგანი მზად იქნება, ოღონდ “შევარდენზე” სასტუმროს გამოკლებით.
- საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრის მატჩები სად გაიმართება?
- ისევ “მიხეილ მესხის” სტადიონზე და ვარკეთილში. “შევარდენს” და “სინათლეს” წლეულს არ შევეხებით, რათა ბალახი მომძლავრდეს. ხელოვნურსაფარიანი მინდორი შეიძლება გამოვიყენოთ.
- რამდენად რეკომენდირებულია რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში?
- ეს სპეციალური რაგბის საფარია და ფეხბურთის ხელოვნურსაფარიან მოედნებს არ ჰგავს. უბრალოდ, საერთაშორისო თამაშების ჩატარება არ შეიძლება, მაგრამ იმ კლიმატის გათვალისწინებით, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა, შიდა ჩემპიონატის პირველი წრის მატჩები იქ უნდა ვითამაშოთ. სუპერთანამედროვე ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვაქვს.
- “შევარდენის” ბაზის მშენებლობა მარტისთვის უნდა დასრულებულიყო. რატომ გაიწელა მისი დასრულება?
- მუშაობის პროცესში ახალი იდეები გაჩნდა, სამუშაოს შემსრულებელი კომპანიების გამოვლენის პროცესი გაიწელა. სამუშაო შესაძლოა სექტემბერში დასრულდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვუთხარით “ქართუს”, რომ არ იჩქარონ, რადგანაც მიმდინარე წელს ბალახს მაინც დასვენება უნდა და იქ თამაშს არავინ აპირებს. ამდენი ხანი ვიცადეთ და კიდევ მოვიცდით, რათა მივიღოთ მართლა ის საოცრება, რაც მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა “ქართუს”, ოღონდ სამადლობლად სიტყვები არ მყოფნის. აგრეთვე, მადლობა სახელმწიფოს, რომელიც არა მარტო ფინანსურად, არამედ მიწის ნაკვეთების გადმოცემითაც გვეხმარება.
- “შევარდენზე” სასტუმროს აშენება როდისთვის იგეგმება?
- მომავალი წლის ივნისისთვის, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები იქ სამსოფლიოჩემპიონატო შეკრებისთვის უნდა შევიდეს.
- ხომ არ გადაწყვეტილა, ვინ იქნებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის თანაშემწეები?
- ვისთანაც ხელს ვაწერთ, იმას ვახმოვანებთ. მოვაწერეთ ხელი ავსტრალიელ ჯონ მაგლტონთან, რომელიც დაცვის მწვრთნელია. უდავოა - ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. წლების განმავლობაში იყო ავსტრალიის ეროვნული ნაკრების დაცვის მწვრთნელი. 1999 წელს, როდესაც ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა, ამ გუნდის დაცვის მწვრთნელი სწორედ მაგლტონი იყო. ამ შეთანხმებით ბედნიერები ვართ. ახლა მთავრდება მოლაპარაკება ფიტნესის მწვრთნელთან, რომელიც აგრეთვე ავსტრალიელია. ისიც უბრალოდ კარგი კი არა, ტოპ-მწვრთნელია და ახლა ინგლისის ერთ-ერთ კლუბში მუშაობს. რჩება რიჩის 2 ასისტენტის ვინაობის გარკვევა, რომლებიც უკანა ხაზთან და შერკინებასთან იმუშავებენ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან სერიოზული სამწვრთნელო შტაბი გვეყოლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტი, რომელიც ტიმ ლეინის და მისი ასისტენტების ხელფასს სჭირდებოდა, ამათაც ჰყოფნით, ძალიან კარგი ვარიანტი შევარჩიეთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის შეცვლა დაგვიანებული იყო?
- არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. უნდა მივსულიყავით რაღაც ზღვრამდე, საიდანაც ჩანს მთელი სურათი. უწინარესად, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ ლეინი არ გაგვიგდია და ის პრობლემები, მიზეზები, ერთი წლის წინაც იყო. ლეინს რაც შეეძლო გააკეთა, მან შეასრულა თავის მისია, მაგრამ ვერ გააკეთა ის, რასაც ვთხოვდით. სამწუხაროდ, ყველაფერი იმ კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, როდესაც ჩვენ გარისკვის უფლება აღარ გვქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლაზეა დამოკიდებული, ქართული რაგბის შემდგომი 4 წლით განვითარება. ლეინი ეცადა, მაგრამ ნაკრების მიღმა საქართველოში რაც უნდა გაეკეთებინა, ის ვერ გააკეთა. მას უნდა ემუშავა მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან, აკადემიებთან და ეს ვერ შეასრულა. ახალი მწვრთნელები, ამას შეძლებენ. იმედი მაქვს, მალე გავაფორმებთ კონტრაქტს ფიზმომზადების მწვრთნელთან. გეხსომებათ ნიკოლა ფულკიე, რომელმაც ფიზიკურად ბრწყინვალედ მოამზადა ნაკრების ბიჭები 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ბიჭების სიტყვებს გეტყვით - გაამრავლეთ ფულკიე ათასზე და ის იქნება ჩვენი ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია