„ჰარიქეინსმა“ სუპერ რაგბის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. დედაქალაქელები ოკლანდში „ბლუზს“ ესტუმრნენ და ანგარიშით 23:19 გაიმარჯვეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა და გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ. მასპინძლებს საკუთარი მაყურებლის თვალწინ რევანში ჰქონდათ ასაღები, ხოლო შარშანდელი ფინალისტი „ქარიშხლები“ პირველ გამარჯვებას ელოდნენ.
ანგარიში მე-12 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, იჰაია ვესტმა ჯარიმა გაიტანა. შეხვედრაში პირველი ლელო 23-ე წუთზე ვიხილეთ, სტუმრთა ჩათვლის მოედანთან რაქი შეიქმნა, ბურთი მარჯვენა ფლანგზე ხუთმეტრიან ხაზთან მდგარ რენე რეინჯერს მიუვიდა, რომლის შეჩერებას ჯულიან სავეა ამაოდ ეცადა - 8:0.
ამის შემდეგ უპირატესობის მოპოვება „ქარიშხლებმა“ შეძლეს, მომენტებში ჩანდა სტუმრების შეტევითი პოტენციალი და მასპინძლების დაცვის სისუსტე. 27-ე წუთზე „ჰარიქეინსმა“ კარგი მოლი ააგორა, 10-12 მეტრი გაიარა და ვიქტორ ვიტოს ლელოს დადების საშუალება მიეცა, ბარეტმა გარდასახვა უშეცდომოდ დაარტყა 8:7.
31-ე წუთზე სტუმრების მორიგი ლელო ვიხილეთ, ახლა უკვე ხაზის მოთამაშეების მონაწილეობით - შეტევა მოედნის ცენტრიდან ტიჯეი პერენარამ წამოიწყო, ბექებმა მარჯვენა ფლანგზე სწრაფად ჩაათამაშეს ბურთი, სადაც ნეჰე მილნერ-სკადერმა მოკლეზე გადაკიდა ოვალი, მდევრებიდან ყველაზე სწრაფი პერენარა აღმოჩნდა და დაამიწა კიდეც, გარდასახვა ბარეტმა ააცილა. თუმცა ამ უკანასკნელმა ოთხ წუთში ჯარიმა გაიტანა - 8:15.
მეორე ტაიმში ანგარიში კვლავ მასპინძებმა გახსნეს, თავი ჯორჯ მოალამ ლელოთი გამოიჩინა, ხოლო „ჰარიქეინსმა“„ბლუზს“ ბარეტის შესრულებული ჯარიმით უპასუხა- 13:18. 54-ე წუთზე დენ კოულის არყოფნაში გაკაპიტნებულმა პერენარამ შეხვედრაში თავისი მეორე ლელო დადო - „ბლუზის“ ჩათვლის მოედანთა ახლოს რაქი იყო შექმნილი, როცა პერენარა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ბურთი უმალ დაამიწა, უნდა ითქვას რომ პერენარა მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ბევრი მცდელობის მიუხედავათ მაპინძლებმა ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მათ მხოლოდ ორი ჯარიმა გაიტანეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო.
ბოლო წუთებზე „ბლუზმა“ სტუმრებს ნამდვილი შტურმი მოუწყო, მასპინძლები ლელოს ხაზთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ „ჰარიქეინსმა“ ბრწყინვალე დაცვა აჩვენა და ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:23. პირველი გამარჯვების შემდეგ „ჰარიქეინსი“ სუპერ რაგბის ცხრილში მე-12 ადგილ იკავებს, ხოლო „ბლუზი“ ერთი მოგებითა და ორი მარცხით მეთერთმეტეა.
ბლუზი - ჰარიქეინსი 19:23
ბლუზი: 2 ლელო - რეინჯერი, მოალა; 3 ჯარიმა - ვესტი
ჰარიქეინსი: 3 ლელო - პერენარა (2), ვიტო; 1 გარდასახვა: - ბარეტი; 2 ჯარიმა - ბარეტი; სინბინი: - ვიტო
სრული მატჩი
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია