ხვალ ბათუმის სანაპიროზე, საქართველოში ქვიშის სპორტის სახეობების პირველი მოედანი გაიხსნება. ბულვარში მოწყობილი 1200-კაციანი ლამაზი არენის პრეზენტაციას ქვიშის რაგბი გაალამაზებს, ორდღიანი ტურნირით, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალთა და მოყვარულთა 21 გუნდი მიიღებს.
ქვიშის რაგბი, შვიდკაცა რაგბის მსგავსად, სხვა სარაგბო დისციპლინებისგან გუნდის განაცხადის სიმცირით, მოკლე სათამაშო დროით და დინამიზმით გამოირჩევა. მიმზიდველი სანახაობაა, რომელიც, გასართობი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკურორტო ქალაქებში - სანაპიროზე, ქვიშის მინი-მოედანზე, მუსიკალური წუთშესვენებებისა და სხვადასხვა გასართობი ელემენტების თანხლებით ტარდება.
ამ ლამაზ სახეობას საქართველოში სულ რაღაც 4-წლიანი ისტორია აქვს, მაგრამ ამ მოკლე პერიოდშიც მოასწრო საკმაო პოპულარობის მოპოვება. 2006 წელს ქვიშის რაგბის კავშირი დაფუძნდა, 2007-ში კი ქობულეთში პირველი სამოყვარულო ტურნირი გაიმართა. მასში მას-მედიისა და შოუ-ბიზნესის ცნობადმა სახეებმა მიიღეს მონაწილეობა, რამაც შეჯიბრს სადღესასწაულო, სახალისო ელფერი შემატა და ბლომად მაყურებელიც მიიზიდა. ტურნირი ტრადიციული გახდა. შარშან კი მოყვარულებთან ერთად ქვიშაში უკვე პროფესიონალებმაც იბურთავეს.
წლეულს ყველაზე მეტი - 10 გუნდი სწორედ პროფესიონალებს შორის იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: თბილისური კლუბები - “ყოჩები”, “თი-ბი-სი”, “დევები”, “ხულიგანა”, “აკადემია” და “არმაზი” და ასევე, ქუთაისის “აია”, გორის “ლომები”, ფოთის “რაინდები” და ბათუმის “ბათუმი-15”. ცნობისთვის, მოქმედი ჩემპიონი “აიაა”. ქუთაისელებმა შარშან სწორედ ბათუმში იმარჯვეს.
მოყვარულთა შორის შეჯიბრში 8 გუნდი ჩაერთვება – “პროკრედიტ ბანკი”, ფორმულა “კრეატივი”, ჯარისკაცებით დაკომპლექტებული “სპა”, ეროვნული ბანკი, ვეტერანი მორაგბეები, “ცენტრ-პოინტი”, “გეპეის ვეტერანები” და “ნატახტარი კასრის” გუნდი, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები ითამაშებენ. ჟურნალისტთა გარდა “ნატახტარი კასრის” ხელშეწყობით მიიღებს ტურნირში მონაწილეობას ფორმულა “კრეატივიც”.
მინი-ტურნირი გაიმართება ქალთა 3 გუნდს შორისაც. ერთმანეთს თბილისის “ჯვაროსნები”, ქუთაისის სარაგბო სკოლა და ბაქოს “კასპიელი კატები” დაუპირისპირდებიან.
ტურნირის გენერალური სპონსორი “ნატახტარია”. სპონსორები - “პროკრედიტ ბანკი”, “ცენტრ-პოინტი”, “ორიფლეიმი” და “თელიანი ველი”.
შეჯიბრი შაბათს, 18:00 საათზე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყება. 19:00 საათზე მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, შემდეგ კი, ისევ თამაშები გაგრძელდება. ნახევარფინალში გამსვლელი გუნდები კვირას, დილით გამოვლინდებიან, საღამოს კი გადამწყვეტი თამაშები ჩატარდება, რომელთაც ტრადიციული სარაგბო მესამე ტაიმი მოჰყვება.
ოთარ მაღლაკელიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია