საქართველოში ქვიშის რაგბი სულ რაღაც 5 წლის წინ შემოვიდა. საოცრად ლამაზმა და დინამიურმა თამაშმა ამ მოკლე დროშიც მოასწრო საკმაოდ დიდი პოპულარობის მოპოვება და ეს პროცესი წლიდან წლამდე გრძელდება. გასულ უქმეებზე პროფესიონალმა და მოყვარულმა მორაგბეებმა ტრადიციულად, ზღვისპირეთში მოიყარეს თავი. 2010 წლის ტურნირს შარშანდელის მსგავსად, ბათუმმა უმასპინძლა, ოღონდ ამჯერად გაცილებით ლამაზად და ორგანიზებულად. შეჯიბრის ორგანიზატორები, ოცდაერთივე გუნდის წევრები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები ერთ სასტუმროში დაბინავდნენ. თამაშები კი ბულვარის გაგრძელებაზე გაშენებულ ახალ რაიონში მოწყობილ ლამაზ არენაზე გაიმართა. ქვიშის სახეობების პირველი ქართული მოედანის გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ტურნირი გაჩაღდა.
ქვიშის რაგბი სხვა სარაგბო დისციპლინებისგან გუნდის განაცხადის სიმცირით, მოკლე სათამაშო დროით და დინამიზმით გამოირჩევა. გასართობი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკურორტო ქალაქებში, სანაპიროზე იმართება. მაყურებელთა გახალისებაზე დიჯეი აქტიურად მუშაობს, მუსიკა თამაშების დროსაც არ ჩერდება, შეხვედრებს შორის კი მოკლე შოუები ეწყობა. ბათუმშიც ასე იყო.
1200-ადგილიანი ტრიბუნა პირველსავე დღეს გადაიჭედა და აქტიური ქომაგობაც გაჩაღდა. ერთმანეთს პროფესიონალთა, მოყვარულთა და ქალთა გუნდების თამაშები ენაცვლებოდა. მოედნიდან გამოსული ქანცგაცლილი მორაგბეები ზღვაში ბანაობით ცდილობდნენ დახარჯული ძალის აღდგენას და მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას.
ყველაზე მეტი - 10 გუნდი პროფესიონალებს შორის მოგროვდა. თბილისური კლუბები “ყოჩები”, “თი-ბი-სი”, “დევები”, “ხულიგანა”, “აკადემია” და “არმაზი” და ასევე, ქუთაისის “აია”, გორის “ლომები”, ფოთის “რაინდები” და ბათუმის “ბათუმი-15” ორ ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური თამაშები კვირას, დილით ჩამთავრდა. თასისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება ორ-ორმა საუკეთესომ მოიპოვა. გადამწყვეტი მატჩები კი კვირასვე, საღამოს ჩატარდა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში ქუთაისის “აიამ” და ბათუმის “ბათუმი-15”-მა იმარჯვეს. ქუთათურებმა “ხულიგანას” ბოლო წამზე გატანილი ლელოთი 2:1 აჯობეს. აქვე გეტყვით, ცნობილი ქართველი მორაგბეები, ბესიკ ხამაშურიძე და ირაკლი ჩხიკვაძე “აიას” სახელით თამაშობდნენ, ხოლო გიორგი შკინინი – “ხულიგანას” მაისურით გავიდა ქვიშაზე. ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი საფინალო სასტვენის შემდეგ მომხდარმა ინციდენტმა ოდნავ გააუფერულა. მსაჯის უხეში შეცდომებით აღშფოთებულმა რამდენიმე მორაგბემ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზატორებმა “ხულიგანა” ტურნირიდან მოკვეთეს. მეორე ნახევარფინალში “ბათუმი-15”-მა “”აკადემია” დაჩაგრა.
იმერულ-აჭარული დაპირისპირება კოკისპირული წვიმის ქვეშ ჩატარდა და მაყურებელთა რაოდენობაც შემცირდა, მაგრამ ვინც წვიმას არ შეუშინდა და ტრიბუნაზე დარჩა, არავის უნანია. დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისელებმა 3:2 მოიგეს და ქვიშის რაგბის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მორედ მოიპოვეს.
მოყვარულთა შორის შეჯიბრში 8 გუნდი ჩაერთო – “პროკრედიტ ბანკი”, ფორმულა “კრეატივი”, ჯარისკაცებით დაკომპლექტებული “სპა”, ეროვნული ბანკი, ვეტერანი მორაგბეები, “სინემაბიჩი”, “გეპეის ვეტერანები” და “ნატახტარი კასრის” გუნდი, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები გამოდიოდნენ. ჟურნალისტთა გარდა “ნატახტარი კასრის” ხელშეწყობით მიიღო ტურნირში მონაწილეობას ფორმულა “კრეატივმაც”.
უმთავრესი ფავორიტი რომ ჯარისკაცთა გუნდი იყო, ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ითქვა. სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრებით დაკომპლექტებულ კლუბს სარაგბო გამოცდილება ჯარის შიდა ჩემპიონატში აქვს მიღებული და სასურველია მომავალ წელს პროფესიონალებში იბრძოლოს. მოყვარულებში დარჩენის შემთხვევაში კი მას კონკურენტი ალბათ კიდევ დიდხანს არ ეყოლება.
ფავორიტმა იმედები არავის გაუცრუა – ქვეჯგუფშიც და გადამწყვეტ შეხვედრებშიც ერთი ამოსუნთქვით გადათელა ყველა მეტოქე. ფინალში კი სულაც, ვეტერანი მორაგბეებით დაკომპლექტებულ სიმპათიურ გუნდს 6 უპასუხო ლელო გაუტანა.
სპორტული ჟურნალისტების გუნდი წილისყრამ სწორედ მომავალ ფინალისტთა ქვეჯგუფში მოახვედრა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. ხოლო მეორე ქვეჯგუფიდან ფორმულა “კრეატივი” და “გეპეის ვეტერანები” გავიდნენ. ეს გუნდები მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ერთხელაც უნდა გაჯიბრებოდნენ, მაგრამ კრეატიველებმა ტრავმების სიმრავლის გამო თამაში ვეღარ შეძლეს.
მინი-ტურნირი გაიმართა ქალთა 3 გუნდს შორისაც. ერთმანეთს თბილისის “ჯვაროსნები”, ქუთაისის სარაგბო სკოლა და ბაქოს “კასპიელი კატები” დაუპირისპირდნენ. “ჯვაროსნებმა” ორივე თამაში პირველსავე დღეს ჩაატარეს, ორჯერვე მოიგეს და ჩემპიონობაც გაინაღდეს. მეორე ადგილისთვის შეხვედრაში კი ქუთაისელებმა ბაქოელები დაჩაგრეს.
ტრადიციული მესამე ტაიმს წინასწარ შეგულებული ღია კაფეს ნაცვლად, წვიმის გამო სასტუმროს ბარმა უმასპინძლა. ტურნირის გენერალური სპონსორი “ნატახტარი” მონაწილეებს “კასრის ნატახტარით” გაუმასპინძლდა, სპონსორი “თელიანი ველი” - ღვინით. “პროკრედიტ ბანკმა”, “ცენტრ-პოინტმა” და “ორიფლეიმმა” კი სპორტსმენთათვის სპეციალური პრიზები დააწესეს.
ქვიშის რაგბის 2011 წლის ტურნირი ისევ ბათუმში ჩატარდება.
ოთარ მაღლაკელიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია