ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, სამხრეთაფრიკელთა წინააღმდეგობა ბოლო მომენტში გატეხა, მასპინძლებს დასკვნით ხუთ წუთში ორი ლელო გაუტანა, 29:22 იმარჯვა და სამი ერის თასი მეათედ აღმართა.
ისე, “ოლ ბლექსი” რომ წლეულს ტიტულს ხელიდან აღარ გაუშვებდა, აქამდეც ცნობილი იყო. ამ გუნდს ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობდა და თასამდე ერთი პრემიალური ქულაღა აშორებდა, მაგრამ საქმე აღარ გაირთულა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და გასულ წელს სამხრეთ აფრიკისგან ჩამორთმეული ტიტული, წელს სამხრეთ აფრიკაში მოგებით დაიბრუნა.
ახლა, აფრიკელთა მთავარ მწვრთნელ პიტერ დე ვილერს, მსაჯების მიმართ კიდევ უფრო მეტი ექნება სასაყვედურო. მის მიერ აგორებული “შეთქმულების თეორია”, უელსელმა რეფერიმ ნაიჯელ ოუენმა კიდევ უფრო გაამყარა, რომელმაც რამდენჯერმე ზელანდიელთა წინთამაში “გაატარა”. გადამწყვეტი 77-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ვერც რეფერიმ და ვერც მისმა დამხმარემ, წინთამაში ვერ დაინახა, შეტევა კი რიჩი მაკქოუს ლელოთი დაგვირგვინდა და იმ მომენტში ანგარიში გათანაბრდა, მერე კი, ზელანდიამ გამარჯვების ლელოც გაიტანა. ისე, დე ვილერს, მსაჯების კრიტიკასთან ერთად, თავისი გუნდის თამაშზეც მართებს ზრუნვა. მეორე ნახევარში, ბურთს თითქმის სულ სტუმრები აკონტროლებდნენ, თამაში აფრიკელთა ნახევარზე მიდიოდა და ზელანდიელთა გამარჯვება, დიდწილად, ამანაც განაპირობა. თავად განსაზღვრეთ: “ოლ ბლექსი”, სათამაშო დროის 71 პროცენტი მეტოქის ნახევარზე იყო და რა გასაკვირია, გამარჯვება მათ რომ დარჩათ?
იოჰანესბურგში ტრიბუნებზე 94 013-მა მაყურებელმა მოიყარა თავი და ამან, აფრიკელთა კაპიტანი ჯონ სმიტი, რომელიც ნაკრების მაისურით თავის მე-100 (74 კაპიტნის რანგში) შეხვედრას ატარებდა და მისი თანაგუნდელები, შეაგულიანა. “ქურციკები” აქტიურად თამაშობდნენ ბოჭვებზე, მეტოქეს ბურთის ხეირიანად მიღებას არ აცდიდნენ და მე-5 წუთზე, დე იონგი, კორი ჯეინის ყელსზევით ბოჭვისთვის დაჯარიმდა, კარტერმა კი 51 მეტრიდან კარში დაარტყა და ანგარიში გახსნა. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა და ორივე გუნდი, ძირითადად, ხელით უტევდა. მე-10 წუთზე, ზელანდია რაქში გვერდიდან შესვლისთვის დაჯარიმდა. მორნი შტეინმა 38 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში, ზელანდია რაქში ერთხელაც დაჯარიმდა, შტეინმა ამჯერად კარის გასწვრივ 45 მეტრიდან დაარტყა და ისევ გაიტანა. მე-16 წუთზე, უკვე აფრიკამ დაარღვია რაქში თამაშის წესი, კარტერმა 47 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ 21-ე წუთზე, მან თამაშგარედან თამაშისთვის დანიშნული ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
23-ე წუთზე შტეინმა 35 მეტრიდან არეკნი დაკრა არაზუსტად, ერთ წუთში კი, “ქურციკებმა” მეტოქის 22-ის ხაზთან დანიშნული ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და შალკ ბურგერმა ლელო გაიტანა, შტეინმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 13:6. 28-ე წუთზე, კარტერმა ზედ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა შეამცირა. ზელანდიამ სალელოვედ შეუტია, კარტერმა ორჯერ ფეხით კარგად გადაკიდა ბურთი, მაგრამ აფრიკელებმა ის ჩაჭრეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ახლა “ოლ ბლექსი” დაჯარიმდა და შტეინმა 32-ე წუთზე 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. 37-ე წუთზე, ზელანდიელებმა თავიანთი ნახევრიდან ხელით წამოიწყეს შეტევა, მარცხენა ფლანგზე მათი მიძალება მასპინძლებმა შეაჩერეს, მაგრამ მარჯვნივ სტუმართა რამდენიმე თავისუფალი მორაგბე დარჩა, ბურთიც იქით ჩათამაშდა და ტონი ვუდკოკმა საპასუხო ლელო უპრობლემოდ გაიტანა. კარტერმა რეალიზაცია გააფუჭა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. მორაგბეები იმდენად იყვნენ თამაშის ეშხში შესულნი, რომ რეფერი ოუენი ვერ შენიშნეს და ტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, ის ისე გადათელეს, რომ გონზე მოსასვლელად რამდენიმე წუთი და ექიმების დახმარება დაჭირდა, მალე კი, ტაიმი დასრულდა და ის, აფრიკამ 16:14 მოიგო.
მეორე ტაიმი კარტერის შეცდომით და ლამის, ლელოთი დაიწყო, მაგრამ ხაზის გადაკვეთა აფრიკელებმა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მათ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და შტეინს მისი გამოყენება არ გასჭირვებია - 19:14. მეორე ტაიმი, მთლიანობაში, ორივე გუნდიდან შეცდომების სიუხვით გამოირჩა. ხშირი იყო წინპასი თუ ბურთის წინვარდნა, არასწორი გადაწყვეტილებები, გაუმართლებელ სიტუაციებში ბურთის დაკარგვა. ამრიგად, 15 წუთი, თამაში, ძირითადად, ცენტრის მახლობლად მიმდინარეობდა, მერე კი, ფლანგზე კარტერი გაიქცა, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე ნახევარი მეტრი დააკლდა.
62-ე წუთზე, მასპინძლებმა ცენტრის გადაკვეთა შეძლეს, ზელანდია დაჯარიმდა და შტეინმაც შორიდან ზუსტად დაჰკრა, რითაც სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა - 22:14. ზელანდია ამას არ შეეგუა და შეტევები განაგრძო. 67-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე კორი ჯეინი გაიჭრა და ლელოც უნდა გაეტანა, მაგრამ ზედ ხაზთან შებოჭეს, მერე აფრიკა დაჯარიმდა და 68-ე წუთზე კარტერმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა. ორი წუთის შემდეგ, ჯეინი ერთხელაც შევიდა მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ ფეხით შეცურებული ბურთის დამიწება მას მასპინძელმა დაასწრო. 73-ე წუთზე, აფრიკა რაქში დაჯარიმდა და კარტერმა კარის გასწვრივ 30 მეტრიდან 100 პროცენტით გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ზელანდიელთა მიძალებამ და თავგამოდებამ, შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო. მარჯვენა ფლანგზე მაკკოუ გაიჭრა და მიუხედავად სამი მბოჭავის მცდელობისა, ლელო გაიტანა, რითაც ანგარიში გათანაბრდა, კარტერმა კი, ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა და ახლა გარდასახვა გააფუჭა.
როგორც ჩანს, ამ ეპიზოდმა და მანამდე რეფერის მიერ გატარებულმა წინპასმა, აფრიკელებს გული გაუტეხა. მათ თითქოს გაიბრძოლეს, მაგრამ იუბილარმა სმიტმა შეცდომა დაუშვა, მას მაანონუ გაექცა, რომელმაც ბურთი დაგს გაატანა და მანაც ლელო გაიტანა, ხოლო კარტერმა რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამრიგად, სამი ერის XV გათამაშების დასრულებამდე სამი რაუნდით ადრე, ზელანდიამ თასი ჩაიბარა, ავსტრალიას და განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკას კი, თავსატეხი გაუჩინა.
2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 28:49
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 20:10
21 აგვისტო. იოჰანესბურგი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 22:29 (16:14)
1 | ახალი ზელანდია | 5 | 5 | 0 | 0 | 161-89 | 23 |
2 | ავსტრალია | 3 | 1 | 0 | 2 | 68-82 | 4 |
3 | სამხრეთ აფრიკა | 4 | 0 | 0 | 4 | 64-122 | 1 |
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, შვიდი და ნაკლები ქულით მარცხი, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია