საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მეორე ტურში, ქართველი ლეგიონერების ექვსი კლუბიდან ხუთმა გაიმარჯვა. წარმატებას მხოლოდ “აჟენმა” ვერ მიაღწია, დანარჩენებმა კი, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, წლევანდელ გათამაშებაში პირველი მოგებები იზეიმეს.
საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, პირველ ტურში გასული გათამაშების ფინალისტ “პერპინიანთან” სტუმრად 13:21 დამარცხდა და უქულოდ დარჩა, ახლა კი, ასევე სტუმრად “ბურგონს” დაუპირისპირდა და 25:12 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა, ჩემპიონატის დაწყების წინ კოჭი იტკინა და საკუთარი გუნდის განაცხადში ამის გამო არ იყო. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში კი, “ბურგონმა” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 12:6 დაწინაურდა. ჩემპიონმა, მასპინძელთა წინააღმდეგობა დასკვნით 10 წუთში გატეხა. სამი ლელო გაიტანა, ორი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. Top 14-ის დებულების თანახმად, გუნდი, რომელიც მეტოქეზე სამით მეტ ლელოს გაიტანს, ერთ პრემიალურ ქულას იღებს და ამრიგად, “კლერმონმა” გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა.
პირველ ტურში “კლერმონის” დამმარცხებელი “პერპინიანი”, დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა” 26:11 დასცა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა. მისი შეცვლის დროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. საწყის 18 წუთში “ბრივმა” ორი ლელო, ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, თავად მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა და 20:3 დაწინაურდა, ტაიმის ბოლომდე კი, კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა. მეორე ნახევარში გუნდებმა ჯერ ჯარიმები გაცვალეს, ბოლოს “პერპინიანმა” ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “ბრივმა” პირველ ტურში პრემიალური ქულა აიღო, ახლა მონაგარს ოთხი შემატა და ჯამში 5 ქულა დაუგროვდა.
ქართველებით დახუნძლულმა “მონპელიემ”, “მეტრო რასინგი” 36:19 დაამარცხა, თანაც მეტოქის ერთ ლელოს ოთხით უპასუხა და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ოთხი ქართველი ლეგიონერიდან, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ითამაშა და მოედანზე 64 წუთი გაატარა. პირველხაზელები - გოდერძი შველიძე და გიორგი ჟღენტი განაცხადში იყვნენ და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. ჟღენტი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა, შველიძე კი 70-ეზე. ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე. სტუმრები მე-12 წუთისთვის ორი ჯარიმით, ერთი ლელოთი და რეალიზაციით დაწინაურდნენ, მაგრამ მერე “მონპელიე” გააქტიურდა და შესვენებამდე სამი ლელო გაიტანა, ორი რეალიზაცია გამოიყენა, ერთხელ არეკნით იხეირა და ტაიმი 22:13 მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა სამი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი, ლელო მიითვალეს და აქტივს პრემიალური ქულაც შემატეს.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის მოქალაქე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” სტუმრად 13:3 დაამარცხა. ტულონელები ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი შესვენებამდე იაშვილის ჯარიმით სხვაობა შეამცირეს. მეორე ნახევარში “ტულონმა” თითო-თითო ჯარიმა და არეკნი გაიტანა. ქუბრიაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, “ტულუზა” 22:16 დაამარცხა, მაგრამ ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც ტრავმებს იშუშებენ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოედანზე არ გამოჩენილა ბექა შეყლაშვილიც, რომლის “აჟენიც” სტუმრად “ბაიონთან” 0:27 განადგურდა. Top 14-ის მეორე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “სტად ფრანსემ” “ლა როშელს” 41:26 სძლია. მესამე ტურის თამაშები 27-28 აგვისტოს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია