ერთა თასი

11:32 | 12.03.2016 | ნანახია 1627 - ჯერ

რისი ეიმედებათ რუსებს

დღეს რაგბია, საქართველოს ნაკრები სოჭში რუსეთს ეთამაშება და მე-20 საიუბილეო რკენაში, ჯამში მე-18 და ზედიზედ მე-15 გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს დიდი არაფერი თამაშია. წლიდან წლამდე ქართული რაგბი მნიშვნელოვნად იზრდება, მოთამაშეთა ინდივიდუალურმა თუ გუნდურმა თამაშის ხარისხმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ „დათვებთან“ ჯახმა სიმწვავე დაკარგა. თუ აქამდე მეტოქის დამარცხება ხასიათის ხარჯზე, ძალების სრული მობილიზებით ხდებოდა, ახლა ქართველებისგან დაკომპლექსებული რუსების დამარცხება კლასის ხარჯზე, „ცალი ხელითაც“ შესაძლებელია.

პირადად ჩემთვის, როგორც რაგბის გულშემატკივრისთვის, ამ გუნდთან თამაშმა, ისევე, როგორც ესპანეთთან და პორტუგალიასთან, აზრი დაკარგა. მაგრამ „ბორჯღალოსნებს“ სხვა გზა უბრალოდ არა აქვთ და ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ რუსები დაამარცხონ. სამწუხაროდ, განწყობა ისეთია, რომ თუ ესპანეთთან, ან პორტუგალიასთან შესაძლო მარცხი ასე თუ ისე ასატანი იქნება, „დათვებთან“ წაგების გაფიქრებაც კი, დიდ ცოდვად ითვლება და მის შედეგს ქართული რაგბის მომავალი პირდაპირ უკავშირდება.

თავის მხრივ, რუსებს ოცნებად აქვთ 23-წლიანი მარცხიანი სერიის შეწყვეტა. ეს ოცნება განსაკუთრებით მაშინ უღვივდებათ, როდესაც საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვთ და რადგან წელს თამაში სოჭშია, გამარჯვებისთვის გარკვეული მონახაზები კეთდება.

რუსთა ის ნაწილი, რომელთაც რაგბი ესმით, ამბობენ - „ქართველებთან ვერ უნდა მოვიგოთ, მაგრამ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ“. არიან ისეთებიც, რომლებიც შანსებს თითქმის თანაბრად აფასებენ და ორივე მხარე ერთად, განიხილავენ იმ შესაძლებლობებს, რითაც მათი აზრით რუსებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ. აი რისი ეიმედებათ საქართველოსთან რუსებს:

„საქართველოს ნაკრებისთვის ერთა თასზე თამაში წმინდა ფორმალობაა. მათი მიზანი ტურნირში გამარჯვებაა, რათა გამარჯვებულის სტატუსით გააგრძელონ ექვსი ერის კარზე კაკუნი. მეორეს მხრივ, სამწვრთნელო შტაბის მიზანია ძალისმიერი სტილით მოთამაშე ქართველებს ხელდახელ ბურთაობა ასწავლოს და კომბინაციური რაგბი აათვისებინოს. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მწვრთნელი მიზანს უახლოვდება. თუმცა, დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ დროს ბურთი დაიკარგოს და... ესეც რომ არა, პირდაპირი მძლავრი დარტყმებისგან განსხვავებით, რუსებს თავისუფლად შეუძლიათ გაშლილ სტილში მოთამაშე ქართველების შეტევების მოგერიება.

გამარჯვების შანსი მინიმალური, მაგრამ მაინც არის და ამისთვის ღირს „დათვების“ ტრიბუნებიდან გამხნევება. დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობენ და ეს 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიამაც დაამტკიცა, რომელმაც სამხრეთ აფრიკას სძლია.

მნიშვნელოვანია ის, რომ „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში არ ითამაშებს „დიდი და საშიში“ მამუკა გორგოძე. ეს საქართველოს ნაკრებს არ ასუსტებს, მილტონ ჰეიგს ყავს მისი შემცვლელები, თუმცა რუს მორაგბეებს მოეხსნებათ მისი შიშის სინდრომი - არაა გორგოძე, ესეიგი საქართველო არც ისე საშიშია.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებთან მცირედი სხვაობით მარცხი და პრემიალური ქულის აღება, ალექსანდრ პერვუხინისთვის მიღწევად ჩაითვლება, მაგრამ თუ მან შეძლო ქართველების დამარცხება, ის ღმერთად იქცევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 თვის წინ, თბილისში, პერვუხინმა ჰეიგს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო და რუსეთი დასკვნით მეოთხედში მხოლოდ ქართველთა ინდივიდუალური ოსტატობის გამო დამარცხდა“.

თავად პერვუხინი სიტუაციას რეალურად აფასებს, თუმცა გამარჯვების იმედსაც არ კარგავს:

„ისინი რა თქმა უნდა ფავორიტები არიან. მათ წარმატებით ითამაშეს მსოფლიო თასზე და სურთ უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩაებნენ. ბოლოს საქართველოსთან ქულები მრავალი წლის წინ ავიღეთ და ესეც ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში გვამყოფებს. ერთის მხრივ, არის ფავორიტი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში, მეორეს მხრივ - საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასევე დარწმუნებულია საქართველოს გამარჯვებაში. მაგრამ არის მესამე მხარეც, რომელიც ამოცანად ღირსეულ თამაშს და რა თქმა უნდა, გამარჯვებას ისახავს“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083155