ამბები

20:27 | 23.08.2010 | ნანახია 4286 - ჯერ

“შავი ზღვის თასი” და “მიხეილ მესხის” სტადიონი გულშემატკივართა მოლოდინშია

24 აგვისტოს ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იბადება - “შავი ზღვის თასი”. პირველ ჯერზე ორ რუმინულ და ერთ უკრაინულ კლუბს, სამი ქათული გუნდი დაუპირისპირდება, სამომავლოდ კი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ მასში მრავალი ქვეყნის წამყვანი კლუბები ჩაერთვებიან. ეს ის ტურნირია, რომელიც ქართული რაგბის მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი ცხრავე შეხვედრა თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. დასწრება უფასოა და ჯერი ქართველ გულშემატკივრებზეა, რომელთაც ისღა დარჩენიათ, რომ მოიცალონ და ტრიბუნებზე მრავლად მოიყარონ თავი.
გულშემატკივართა სიმრავლეს რამდენიმე დატვირთვა აქვს. პირველი ისაა, რომ ქართულ კლუბებს “უცხო ტომელთა” წინააღმდეგ თამაშში მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე, ეს ტურნირი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ეგიდით იმართება და მათ უნდა ნახონ, თუ როგორ უყვართ ქართველებს სპორტის ეს სახეობა, რათა სამომავლოდ უფრო დიდი ტურნირების მასპინძლობის უფლება მოგვეცეს. და მესამე, იგივე უნდა დაინახოს საქართველოს მთავრობამ, რომელიც ქართულ რაგბს ახლა კი ეხმარება, მაგრამ აუცილებელია, ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს და ქართულმა რაგბმა მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი თავი სამუდამოდ დაიმკვიდროს.
ორი წლიწადი დასჭირდა საქართველოს რაგბის კავშირს IRB-ს დასაყოლიელებლად, რათა ეს, ქართული რაგბისთვის ესოდენ საჭირო ტურნირი დაარსებულიყო. მართალია, პირველადი იდეა მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა, მაგრამ 2010 წლის 24 აგვისტოს “შავი ზღვის თასი” დაიბადება. ამ ტურნირთან დაკავშირებით, ორშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის კავშირმა პრესკონფერენცია გამართა.
“საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის დეფიციტს განვიცდით და იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. შეგვეძლო “ჩელენჯ ქაფ”-ზე (რანგით მეორე დონის საკლუბო ჩემპიონატი ევროპაში) გვეთამაშა, მაგრამ ეს ყოველმხრივ წამგებიანი იქნებოდა. ჯერ ერთი, იქ თამაში ქართულ კლუბს დაახლოებით 350 ათასი ევრო დაუჯდება, ამის შესაძლებლობა კი, ქართულ კლუბებს და სრკ-ს არ გააჩნია. მეორე, თამაში მოგვიწევს ბრიტანულ და ფრანგულ უძლიერეს კლუბებთან, სადაც დაახლოებით 100-ქულიანი მარცხი, წინასწარ გვექნება გარანტირებული, ეს კი, ქართული რაგბის პოპულარიზაცია ნამდვილად არ იქნება. შანსი იმისა, რომ რამე ვისწავლით, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე იმედგაცრუება და ფსიქოლოგიური პრობლემები” - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის თავკაცმა გია ნიჟარაძემ.
ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, IRB “შავი ზღვის თასის” ჩატარებას დათანხმდა. უწინარესი იდეით, მასში ორ საუკეთესო რუსულ, ორ საუკეთესო რუმინულს და ორ  საუკეთესო ქართულ კლუბს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერთო და რუსეთის რაგბის კავშირისა და რუსული კლუბების სურვილის საწინააღმდეგოდ, მათ საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს. შედეგად, რუმინეთის რაგბის კავშირმა ორი არცთუ წამყვანი რუმინული კლუბი მოავლინა - “არადი” და “ბუქარესტი”. პირველი, რუმინეთის 12-გუნდა ჩემპიონატში ამჟამად მეხუთე ადგილზეა, მეორეს კი მე-7 საფეხურს ვერავინ შეეცილება. ცნობისთვის, რუმინეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, ექვსი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, დანარჩენი ექვსი კი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი სხვა კლუბების მორაგბეებით გაძლიერებულნი იქნებიან, ისევე, როგორც საქართველოს სამი წარმომადგენელი გაძლიერდება საქართველოს ჩემპიონატში მობურთალი მორაგბეებით. წესით, ორი კლუბით უნდა ეთამაშა უკრაინას, მაგრამ კიევის “ავიატორმა” ფინასური პრობლემების გამო თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვა. საქართველოს რაგბის კავშირმა მოწვევა პორტუგალიელებს გაუგზავნა, თუმცა მათ, დროის სიმცირის გამო, უარი შემოთვალეს. ამგვარად, ჩემპიონ თბილისის “ლელოს” და ვერცხლისმედალოსან “ბათუმი XV”-ს, მესამე ქართული კლუბი, ბრინჯაოსმედალოსანი “ლოკომოტივი” დაემატა. უკრაინელებს ერთი გუნდი - ოდესის “კრედო 63” ეყოლებათ, რომელსაც ერთ დროს ქართველი გია ჭუმბურიძე წვრთნიდა, სადაც საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე დაიხვეწა და რომელიც ამჟამად უკრაინის ჩემპიონატის ლიდერია.
ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარებას გვარიანი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა და მისი დიდი ნაწილი თავის თავზე თბილისის მერიამ აიღო, დანარჩენს კი IRB ისტუმრებს. მასპინძელი, ანუ ქართული მხარე, ყველაფერზე პასუხისმგებელია, გარდა მგზავრობისა, სულ კი, “შავი ზღვის თასი” დაახლოებით 500 ათასი ლარი ჯდება. პრიზი ტრადიციულად გია ჯაფარიძემ დაამზადა და რაგბის კავშირში იმედოვნებენ, რომ ის საქართველოში დარჩება.
სტუმარი გუნდები დიღმის მასივში მდებარე “ლოკომოტივის” ბაზაზე, დიდი დიღმის “ვისოლი-ყოჩების” ბაზაზე და “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ. ქართული კლუბები საქართველოს ჩემპიონატში მობურთალი მორაგბეებით გაძლიერებულნი იქნებიან. “ლელომ” რვა მორაგბე დაიმატა, “ვისოლი-ყოჩების” მწვრთნელი, რომელიც შარშან “ბათუმი XV”-ს ავარჯიშებდა, “შავი ზღვის თასზე” ისევ ზღვისპირელთა გუნდს გაუძღვება, თანაც, შემადგენლობის უმეტესობა დამატებული მორაგბეები იქნებიან, შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი “ლოკომოტივი” კი, თავისი მორაგბეებით სხვას დაეხმარა, თავად ახლებით გაძლიერდა და მაინც თასის მოპოვებას ეცდება.
ამრიგად, საქართველოს ჩემპიონატის 100-მდე საუკეთესო მორაგბე, რომელიც სამ კლუბშია გადანაწილებული, უცხოტომელთა შემოტევის მოგერიებას და “შავი ზღვის თასის” საქართველოში დატოვებას ეცდება, მათ კი, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა  სჭირდებათ. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი სამი თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს, მაგრამ ტურნირი ცხრა შეხვედრისგან შედგება და ცხრა თამაშიც, სამის ტოლფასი ვერ იქნება. ასე რომ, რაგბის ქომაგებს სტადიონზე შეკრება ურჩევნიათ.

A ჯგუფი
24 აგვისტო

“ლელო” (თბილისი) - “კრედო 63”  (უკრაინა)  (18:00 საათი - Live)
28 აგვისტო
“ბუქარესტი (რუმინეთი) - “კრედო 63” (უკრაინა) (20:00 საათი)
1 სექტემბერი
“ლელო” (თბილისი) - “ბუქარესტი” (რუმინეთი) (20:00 საათი)
 

B ჯგუფი
24 აგვისტო

“ლოკომოტივი” (თბილისი) - “არადი” (რუმინეთი) (20:00 საათი)
28 აგვისტო
“ბათუმი XV” - “არადი” (რუმინეთი) (18:00 საათი)
1 სექტემბერი
“ბათუმი XV” - “ლოკომოტივი” (თბილისი) (18:00 საათი - Live)
4 სექტემბერი. V ადგილისთვის
A III – B III (18:00 საათი)
III ადგილისთვის
A II – B II (20:00 საათი)
5 სექტემბერი. ფინალი
A I – B I (18:00 საათი Live)

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085438