ამბები

1:34 | 25.08.2010 | ნანახია 5159 - ჯერ

“ლელოს” კვალზე “ლოკომოტივს” ცოტა დააკლდა

სულ ცოტა დააკლდა თბილისის “ლოკომოტივის” საიმისოდ, რომ ახლად დაბადებული “შავი ზღვის თასი” ორივე ქართულ კლუბს გამარჯვებით დაეწყო. ზედ სასტვენის წინ, მახარაშვილს შორეული ჯარიმა რომ ზუსტად დაერტყა, ქართული რაგბის გულშემატკივრებს ზეიმის საბაბი ექნებოდათ, მაგრამ მეორე ნახევარში მებრძოლმა “ლოკომოტივმა”, “ლელოს” დარად გამარჯვებას ვერ უწია და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა, რომელიც გუშინ დაწყებული ტურნირისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.
ახალი ევროპის სარაგბო ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის - გიორგი ნიჟარაძის და თბილისის მერის, გიგი უგულავას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რასაც ქართული სარაგბო ჰიმნი “მაგრად დაჰკარი” და ტურნირის დროშის აღმართვა მოყვა, რის შემდეგაც თბილისის “ლელოს” და უკრაინული “კრედო 63”-ის ჯახი გაჩაღდა. ამ შეხვედრამ ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, რაც ძირითადად მეტოქის აუტების მოგებამ განაპირობა.ს წორედ ოდესელთა მოწოდებული აუტის მოგებას მოყვა სტუმართა დაჯარიმება და ახალი ტურნირს პირველი ქულები ირაკლი ყიასაშვილმა მიითვალა, რომელმაც მე-2 წუთზე დაახლოებით 15 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
“კრედო 63”-ს წონასწორობის აღდგენა სამ წუთში შეეძლო, მაგრამ დელიერგიევმა სამ წუთში 40 მეტრიდან ჯარიმა გააცუდა. ამას უკრაინელთა მიძალება მოჰყვა, რომელთაც მოლით კარგად წაიწიეს წინ, ჯარიმა 5-მეტრა აუტში გადაიტანეს, მაგრამ საკუთარი მოწოდება წააგეს და სიტუაცია განიმუხტა. მე-14 წუთზე უკვე ქართველთა მოლმა ითამაშა კარგად და სტუმრები მისი ჩაქცევისთვის დაჯარიმდნენ, თუმცა ყიასაშვილმა დაახლოებვით 25 მეტრიდან გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. ყიასაშვილს შეცდომის გამოსწორების შანსი სამ წუთში მიეცა და ამჯერად, კარის გასწვრივ 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა - 6:0.
21-ე წუთზე ტურნირის პირველი ლელო გავიდა. “ლელომ” თავისივე გადაკიდებული ბურთი აიღო, რაქიდან ბურთი სწრაფად გათავისუფლდა, ბაირამაშვილმა ირაკლი ჩხიკვაძეს გადაცემა არ დაუგვიანა, მანაც ხაზი გაჭრა და ბურთი უკრაინელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. ყიასაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა. სტუმრებმა ამას თავისი შეტევით უპასუხეს, ჯარიმა კარში არ დაარტყეს, ლელოზე გაიწიეს, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი მიზანს უწიეს, რასაც ზედ ზუსტი გარდასახვა დაურთეს. შესვენებამდე დარჩენილმა წუთებმა “ლელოს” შეტევებში გაიარა. მათ დაახლოებით 6-7 წუთი მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაატარეს, ერთი ხანობა თითქოს სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ საბოლოოდ მანჯავიძემ ოდესელთა დაცვის ხაზი გაჭრა და ლექსო გუგავამ ქართველთა მეორე ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, ტაიმი “ლელოს” სასარგებლოდ 16:7 დასრულდა.
მეორე ტაიმი ბრძოლით განახლდა და “კრედოს” სხვაობის შემცირების შანსი 54-ე წუთზე მიეცა, მაგრამ გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენეს. 58-ე წუთზე ჩხიკვაძემ ჯოგლიძის გადაცემით ისარგებლა, ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრა და თავისი მეორე, “ლელოს” კი მესამე ლელო გაიტანა. მართალია, ორტურიანი შეჯიბრისთვის ქულათა დარიცხვას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ გუნდი, რომელიც ოთხ და მეტ ლელოს გაიტანს, ან 7 და ნაკლები ქულით დამარცხდება, ერთ პრემიალურ ქულას იღებს. “ლელომ” მეოთხე ლელოზე გაიწია, მაგრამ 66-ე წუთზე ბაირამაშვილმა სინბინი დაიმსახურა, რითაც “კრედომ” ისარგებლა და სამ წუთში ჯარიმით სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, კაცნაკლული ქართველები მეტოქეს არ შეუშინდნენ, 73-ე წუთზე კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, ყიასაშვილის წამოწყებული გარღვევა ჩხიკვაძემ გააგრძელა, თავის მხრივ, მან გადაცემა გუგავას არ დაუგვიანა და ახლა დუბლი ლექსომ შეასრულა. უნდა ითქვას, რომ ჩხიკვაძე-გუგავას წყვილმა კარგად ააწყო თამაში და ისინი სამომავლოდ პრობლემებს სხვა მოწინააღმდეგეებსაც შეუქმნიან. რადგან ყიასაშვილს დარტყმები არ მიდიოდა, რეალიზაციის შესრულება ჯოგლიძემ ითავა, ზუსტად დაარტყა და ტაბლოზე 28:10 დაფიქსირდა. ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეხვედრის დასრულებამდე მაინც მოხდა. სინბინიდან დაბრუნებულმა ბაირამაშვილმა, 79-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამრიგად, ტრავმირებული ხმალაძის გარეშე დარჩენილ “ლელოს”, ნახევარდაცვაში (10 ნომრის პოზიციაზე) სერიოზული პრობლემა აქვს და ლევან მაისაშვილის თავსატეხიც სწორედ ეს იქნება.
მეორე თამაშში საქართველოს გასული ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი თბილისის “ლოკომოტივი” რუმინულ “არადს” მასპინძლობდა. ქართველთაგან წარმატებას არავინ ელოდა, მაგრამ ანგარიშის გახსნის სწორედ მათ ჰქონდათ, თუმცა, მე-8 წუთზეარეკნი, ერთ წუთში კი 35 მეტრიდან ჯარიმა, ელიზბარაშვილმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, თბილისელთა შეცდომით კარგად ისარგებლეს რუმინელებმა და მე-14 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნეს. 23-ე და 28-ე წუთებზე, მათ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე რეალიზაცია გამოიყენეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 34-ე წუთზე მათ ჯარიმით იხეირეს, ორ წუთში “ლოკომოტივი” სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, რასაც “არადმა” გატანილი ჯარიმა დაურთო და შესვენებამდე სამი წუთით ადრე სტუმრები 21:0 დაწინაურდნენ.
აბა ვინღა ივარაუდებდა “შავი ზღვის თასისთვის” სახეცვლილი, შეუთამაშებელი “ლოკომოტივი” თამაშის ინტრიგის შენარჩუნესა თუ მოახერხებდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ბერიშვილი, რომელმაც შესვენებამდე დამატებულ წუთებში თბილისელთა ლელო გაიტანა, რასაც ზედ ელიზბარაშვილის ზუსტი რეალიზაცია დაერთო და ტაიმი კაცმეტმა “არადმა” მხოლოდ 21:7 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის 8 წუთში ელიზბარაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, თუმცა შუაში ერთი დარტყმა თავადაც გაუშვა. 55-ე წუთზე ბერიშვილმა თავისი მეორე ლელო მიითვალა, თუმცა ამჯერად გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და “ლოკომოტივმა” ჩამორჩენა მხოლოდ 6 ქულამდე შეამცირა - 18:24. 62-ე წუთზე რუმინელებმა ჯარიმით თავიანთთვის სასარგებლო ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 74-ე წუთზე ბერიშვილმა მათ კიდევ ერთი ლელო უძღვნა, მახარაშვილმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა - 25:27. მატჩის ბოლო წუთები დაძაბული და დრამატული გამოდგა. მახარაშვილმა 79-ე წუთზე ჯარიმით “ლოკომოტივი” დააწინაურა. თითქოს გამარჯვება ახლოს იყო, მაგრამ თბილისელები დაჯარიმდნენ და რუმინელებმა 40 მეტრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულეს. განახლდა შეხვედრა და ახლა “არადი” დაჯარიმდა, რადგან დრო აღარ რჩებოდა, მახარაშვილმა 45 მეტრიდან სტუმართა კარში დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და რუმინელებმა 30:28 იმარჯვეს, რითაც თავად 4 ქულა ჩაიწერეს, “ლოკომოტივს” კი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი პრემიალური ქულა დაუტოვეს.  

საქართველო. თბილისი. “შავი ზღვის თასი”
24 აგვისტო. “მიხეილ მესხი”. პირველი რაუნდი

A ჯგუფი
ლელო (თბილისი) - კრედო 63 (ოდესა, უკრაინა) 28:10 (16:7)
ლელო:
15. ყიასაშვილი (ლომინაძე 80+1), 14. ჯოგლიძე, 13. ჩხიკვაძე (ანდღულაძე 80), 12. მანჯავიძე, 11. გუგავა, 10. ბაირამაშვილი, 9. გ. კაჭარავა; 1. ასეიშვილი (ლომიძე 55), 2. ჭყონია (მამუკაშვილი 65), 3. სუჯაშვილი (სანიკიძე 70), 4. აზალაძე, 5. შალამბერიძე, 6. კოლელიშვილი, 7. დ. დაუშვილი (სარდანაშვილი 74), 8. ზ. მაისურაძე.
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი.
4 ლელო: ჩხიკვაძე (21), გუგავა (38), ჩხიკვაძე (58), გუგავა (73).
1 გარდასახვა: ჯოგლიძე (73).
2 ჯარიმა: ყიასაშვილი (2, 17).
კრედო 63: 15. მარკოზაშვილი (ჟულავასკი 20), 14. ტაკუნოვი (სტასენკო 80+2), 13. გეგიძე, 12. დ. მასიუკოვი, 11. კ. მასიუკოვი, 10. მონასიროვი, 9. დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 59); 1. ჩაიკა, 2. პოლიანსკი, 3. ვერტლიეცკი, 4. რადჩუკი, 5. კულაკიავსკი, 6. ნოვოკრეშჩენოვი, 7. ფედიშინი, 8. კირსანოვი (მილოვი 57).
მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა.

28 აგვისტო

“ბუქარესტი (რუმინეთი) - “კრედო 63” (უკრაინა) (20:00 საათი)
 

1 სექტემბერი
“ლელო” (თბილისი) - “ბუქარესტი” (რუმინეთი) (20:00 საათი)

B ჯგუფი
ლოკომოტივი (თბილისი) - არადი (რუმინეთი) 28:30 (7:21)
ლოკომოტივი:
15. ი. დავითაშვილი (მახარაშვილი 41), 14. შიოშვილი, 13. ქავთარაძე, 12. ხუციშვილი, 11. ჟამუტაშვილი (კობერიძე 46), 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. გენებაშვილი, 3. ვეფხვაძე, 4. გუჯარაიძე, 5. კორკოტაძე (ელოშვილი 68), 6. ნიშნიანიძე (ზარიძე 36), 7. ოზგებაშვილი (ჩიტიძე 26), 8. ბერიაშვილი.
მწვრთნელი: ჩავლეიშვილი.
3 ლელო: ბერიაშვილი (42+2, 55, 74).
2 გარდასახვა: ელიზბარაშვილი (42+2), მახარაშვილი (74).
3 ჯარიმა: ელიზბარაშვილი (43, 48), მახარაშვილი (79).
არადი: 15. ფერკუ, 14. გობჟილა, 13. იფტოდე, 12. სტოიკიცე, 11. ლემნარუ (სტრუნე 41), 10. ანდრეი, 9. კალაფეტიანუ (ბიტია 49); 1. ცარუსი, 2. ბეკა (მაქსიმი 63), 3. გრინდეი, 4. დრენჩიანუ, 5. მორარუ, 6. ტურიჩე, 7. სელევესტრუ, 8. ჩოკანი.
მწვრთნელი: შერბანი.

28 აგვისტო
“ბათუმი XV” - “არადი” (რუმინეთი) (18:00 საათი)
 

1 სექტემბერი
“ბათუმი XV” - “ლოკომოტივი” (თბილისი) (18:00 საათი - Live)

4 სექტემბერი. V ადგილისთვის
A III – B III (18:00 საათი)
 

III ადგილისთვის
A II – B II (20:00 საათი)
 

5 სექტემბერი. ფინალი
A I – B I (18:00 საათი - Live)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104634