ამბები

0:48 | 28.08.2010 | ნანახია 4247 - ჯერ

ლევან მგელაძე: "ქართველები მოწინააღმდეგეს თავგანწირვის ხარჯზე ვჯაბნით"

საქართველოს მორაგბეთა გასული წლის გათამაშების ვერცხლისმედალოსანი "ბათუმი XV", დღეს "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში ჩაერთვება და რუმინული "არადის" დამარცხებით, მისთვის ფინალისკენ მავალი გზის გადაღობვას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ "შავი ზღვის თასი" პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირია, რომელშიც ქართული გუნდები იღებენ მონაწილეობას. ის საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით დაარსდა, IRB-ს პატრონაჟით ტარდება და პირვანდელი იდეით, მასში ოთხ რუსულ და ორ-ორ რუმინულ და ქართულ კლუბებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. აქ საქმეში პოლიტიკა ჩაერთო და რუსეთის რაგბის კავშირისა და მათი კლუბების სურვილის მიუხედავად, რუსულმა კლუბებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოთხი რუსული კლუბი კლუბი ორ უკრაინულ გუნდს უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ბოლო მომენტში კიევის "ავიატორს" ფინანსური პრობლემები შეექმნა, საქართველოში გამომგზავრებაზე უარი განაცხადა და "შავი ზღვის" თასის პირველ გათამაშებას ორი რუმინული, ერთი უკრაინული და სამი ქართული კლუბი შერჩა.
ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ფინალში მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მესამე ადგილს გაითამაშებენ, ჯგუფის ნაბოლარები კი ბოლოსწინა ადგილისთვის იბრძოლებენ. ჯგუფურ ეტაპზე ქულათა დარიცხვა სამხრეთული რაგბის სტილით ხდება, ანუ გამარჯვებაზე გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეზე ორს, წაგებაზე არაფერს, ხოლო 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ერთ პრემიალურ ქულას იღებს.
პირველ ტურში ორივე ჯგუფის თითო-თითო გუნდმა დაისვენა - "ბათუმი XV"-მა და რუმინულმა "ბუქარესტმა", ახლა კი ისინიც საქმეში ერთვებიან. A ჯგუფში, პირველ ტურში, მეორე უკრაინული გუნდის ნაცვლად მობურთალმა თბილისის "ლოკომოტივმა", ლამის სასწაული მოახდინა, 0:21 ჩამორჩენის შემდეგ, მატჩის დასრულებმდე რამდენიმე წუთით ადრე, რუმინულ "არადს" 28:27 გაასწრო, მაგრამ მსაჯის დამატებულ წუთებზე შორეული ჯარიმა გაუშვა, კიდევ ორ წუთში, ჯარიმიდან თავად ვეღარ იხეირა და ორი ქულის სხვაობით დამარცხდა. შედეგად, რუმინელებს ოთხი ქულა ერგოთ, რადგანაც სულ ორი ლელო გაიტანეს, "ლოკომოტივმა" კი 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისათვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს.
ახლა საქმეში "ბათუმი XV" ერთვება და იმისათვის, რომ რუმინელებმა ფინალში თამაშის უფლება არ მიიღონ, მეტოქეს გამარჯვება არ უნდა დაანებონ, მერე კი, ყველაფერი დასკვნით ტურში გადაწყდება, როდესაც "არადი" დაისვენებს და ურთიერთობას ქართული კლუბები - "ლოკომოტივი" და "ბათუმი XV" გაარკვევენ. ბათუმელებმა გასულ წელს მეორე ადგილი კი დაიკავეს, მაგრამ წელს მოისუსტებენ და საერთაშორისო ტურნირისთვის, მის შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მხოლოდ "შავი ზღვის თასზე", გუნდს დროებით დაუბრუნდა გასული წლის სასწაულის შემოქმედი, მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე, რომელიც ამჟამად თბილისის "ვისოლი-ყოჩების" დამრიგებელია. ბათუმელები სხვა ქართული კლუბის მორაგბეებით გაძლიერდნენ და მთლიანობაში, გუნდში ახლა, ყველაზე მეტი მორაგბე ქუთაისის "აია"-დანაა, რომელიც საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობს და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
"სპორტული ამბები" "ბათუმი XV"-ის დროებით მთავარ მწვრთნელ ლევან მგელაძეს დაუკავშირდა და ტურნირისთვის გუნდის მზადებასა და მომავალ მატჩზე ესაუბრა.
ლევან მგელაძე: დღეს საღამოს ბოლო ვარჯიში გვქონდა. ხვალ დავისვენებთ, თამაშამდე კიდევ გავისაუბრებთ და მერე მატჩის დროც დადგება.
- როდიდან დაიწყეთ მზადება და რომელი კლუბების მორაგბეებით გაძლიერდით?
- შეკრება 16 აგვისტოს დავიწყეთ, მაგრამ არასრული შემადგენლობით. ქუთაისის "აია"-ს და "ბათუმი XV"-ის მორაგბეთა ნაწილი, ქვიშის რაგბის ტურნირში იღებდა მონაწილეობას და ისინი მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. მართალია, "ბათუმი XV"-ის სახელით გამოვდივართ, მაგრამ ყველაზე მეტი მორაგბე ქუთაისიდანაა. მერე ბათუმელები მოდიან. რამდენიმე მორაგბე სხვა კლუბებიდანაც გვყავს დამატებული.
- პრაქტიკულად, ახალი გუნდი კეთდება და არ გაგიჭირდათ მათი შეთამაშება?
- ამას თამაში გვანახებს. გვსურდა, რომ ერთი ამხანაგური მატჩი მაინც გაგვემართა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და ორმხრივი თამაშით შემოვიფარგლეთ.
- "შავი ზღვის თასზე" "არადმა" ერთი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო. მოწინააღმდეგის შესახებ რას იტყვით?
- ნორმალური გუნდია. რუმინელები ევროპულ რაგბს თამაშობენ. ისინი სწრაფები არიან და ხელით კარგად ბურთაობენ. სწორედ ამის ხარჯზე დაჯაბნეს "ლოკომოტივი". კარგად თამაშობენ აუტებში, სადაც რუმინეთის ნაკრების მორაგბე დაიმატეს. მაგრამ ჩვენ რამდენიმე სუსტი წერტილიც შევნიშნეთ და მათ გამოყენებას ვეცდებით.
- კონკრეტულად?
- შერკინების მორაგბეები ყავთ სუსტი. ისინი დაჯახებისას პოზიციას თმობენ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ვეცდებით "არადს" გამარჯვება არ დავანებოთ, თორემ მათ, ფინალში გასვლა გარანტირებული ექნებათ. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, მერე ფინალისტის ბედი ბოლო ტურში, ჩვენსა და "ლოკომოტივის" დაპირისპირებაში გაირკვევა. საერთოდ, ნებისმიერ მეტოქესთან, ქართველების უპირატესობა თავგანწირული თამაშია. ჩვენ, ძირითადად, შერკინების მორაგბეების ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას, თუმცა მსურს, რომ უფრო თანამედროვე რაგბი ვითამაშოთ. კარგია, როდესაც მორკინალები დარტყმებს ანხორციელებენ, მაგრამ უკანახაზელებით ლამაზ სტილში შეტევა, უფრო სასიამოვნო საყურებელია. სწორედ უკანახაზელებმა გაიტანეს "ლელოს" ოთხივე ლელო და ეს ძალიან კარგი იყო.
- თქვენ "ვისოლი-ყოჩების" მწვრთნელი ხართ და "შავი ზღვის თასისთვის", "ბათუმი XV"-ის სათავეში როგორ აღმოჩნდით?
- გასულ წელს, როდესაც ბათუმელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ამ გუნდს მე ვავარჯიშებდი. ბიჭებს და კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი სჯერათ, მთხოვეს, რომ მხოლოდ "შავი ზღვის თასისთვის" დავხმარებოდი და მეც უპრობლემოდ დავთანხმდი.

B ჯგუფში, მეორე დღე ქართული კლუბის გარეშე ჩაივლის. საქართველოს ჩემპიონი "ლელო", რომელმაც პირველ რაუნდში უკრაინის "კრედო 63" 28:10 დაამარცხა და ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა, ისვენებს. საქმეში კი რუმინული კლუბი "ბუქარესტი" ჩაერთვება. რუმინელთა მეტოქე "ლელოს" მიერ ძლეული "კრედო 63" იქნება. მართალია, ამ დღეს ამ ჯგუფში ქართული კლუბი არ თამაშობს, მაგრამ ოდესური გუნდის შემადგენლობაში ქართველი მორაგბეები მრავლად არიან (4) და მთავარი მწვრთნელიც ჩვენებურია - ზაზა ლეჟავა. უკრაინელებს, ფინალში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად, რუმინელთა დიდი სხვაობით მარცხი და პრემიალური ქულის აღება, ანუ მინიმუმ, ოთხი ლელოს გატანა მართებთ. თუ გამარჯვება "ბუქარესტს" დარჩა, მაშინ ამ ჯგუფის დასკვნითი მატჩი, რომელშიც "ლელო" რუმინელებს უნდა დაუპირისპირდეს, ფინალში მოხვედრისთვის ერთგვარ მცირე ფინალად იქცევა.
დღევანდელი შეხვედრები, ისევე როგორც "შავი ზღვის თასის" ყველა თამაში, "მიხეილ მესხის" ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. "ბათუმი XV"-ისა და "არადის" დაპირისპირება 18:00 საათზე იწყება, "კრედო 63"-ი და "ბუქარესტი" კი, ერთმანეთის პირისპირ 20:00 საათიდან წარსდგებიან.   

A ჯგუფი
24 აგვისტო. სამშაბათი. 20:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არადი (რუმინეთი) 28:30 (7:21)

1. არადი    1    1    0    0    30-28    4
2. ლოკომოტივი    1    0    0    1    28-30    1
3. ბათუმი XV    0    0    0    0-0    0

28 აგვისტო. შაბათი. 18:00 საათი

ბათუმი XV (ბათუმი) - არადი (რუმინეთი)

1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 18:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)

B ჯგუფი
24 აგვისტო. სამშაბათი. 18:00 საათი

ლელო (თბილისი) - კრედო 63 (უკრაინა) 28:10 (16:7)

1. ლელო    1    1    0    0    28-10    5
2. ბუქარესტი    0    0    0    0    0-0    0
3. კრედო 63    1    0    0    1    10-28    0

28 აგვისტო. შაბათი. 20:00 საათი
კრედო 63 (უკრაინა) - ბუქარესტი (რუმინეთი)

1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 20:00 საათი

ლელო (თბილისი) - ბუქარესტი (რუმინეთი)

4 სექტემბერი. შაბათი. V ადგილისთვის
A III - B III (18:00 საათი)

4 სექტემბერი. შაბათი. III ადგილისთვის
A II - B II (20:00 საათი)

5 სექტემბერი. კვირა. ფინალი
A I - B I (18:00 საათი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079964