“მიხეილ მესხზე” მიმდინარე “შავი ზღვის თასის” მეორე რაუნდის შეხვედრები ისეთი შედეგებით დასრულდა, შანსი იმისა, რომ ამ ტურნირის პირველი გათამაშების გამარჯვებული ქართული გუნდი გახდეს, ძალზე გაიზარდა. უფრო მეტიც. ერთი ქართული კლუბი ფინალში უცილობლად იქნება და იქ მეორე ჩვენებურის მოხვედრაც რეალურია.
A ჯგუფში “ბათუმი XV”-მა რუმინული “არადი” 30:17 დაამარცხა, ბოლო ტურში ის თბილისის “ლოკომოტივს” ეთამაშება და ერთი ფინალისტის ვინაობა სწორედ ამ დაპირისპირების შედეგად გამოვლინდება. B ჯგუფში, პირველ რაუნდში თბილისის “ლელოს” მიერ დამარცხებულმა უკრაინულმა “კრედო 63"-მა, რუმინულ “ბუქარესტს” 28:23 აჯობა და თუ დასკვნით ტურში “ლელო” რუმინელებთან 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით დამარცხდება და მეტოქეს ოთხი ლელოს გატანის საშუალებას არ მისცემს, ჯგუფში პირველი ადგილი, ანუ ფინალში თამაშის უფლება მას დარჩება.
28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, მოედანზე პირველად “ბათუმი XV” და “არადი” გავიდნენ. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა, მას სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა და შედეგმაც არ დააყოვნა. რუმინელებმა პირველ ტურში “ლოკომოტივი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. მაშინ სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოსთვის 21:0 იგებდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა იმდენი შეძლეს, რომ შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე 28:27 დაწინაურდნენ, თუმცა, “არადმა” მიწურულს გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანა და მერე შეხვედრაში, მოედანზე მეორე ქართული გუნდის დამარცხების იმედად გავიდა, რაც მათთვის ფინალის საგზურის მომტანი იქნებოდა.
თამაში დაძაბულად დაიწყო. მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, რუმინელები ქართველთა პროვოკაციაზე წამოგებას და ჩხუბის ატეხვას ცდილობდნენ, მაგრამ ქართველებმა შესაშური დისციპლინა გამოავლინეს და “არადის” მორაგბეების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. საგულისხმოა, რომ “არადი” იმ რუმინელი მორაგბეებით იყო გაძლიერებული, რომლებიც გასულ წელს რუმინეთის ჩემპიონატში, ბუქარესტის “დინამოსა” და “ფარულის” შეხვედრისას ატეხილ ჩხუბში, ფარულელი ქართველი ლეგიონერების ცემაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
რუმინელი თანამსაჯი დანაშაულს მუდამ მხოლოდ ქართველთა მხრიდან ხედავდა და მე-7 წუთზე რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრმა კალაფეტეანუმ 22 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, რითაც სტუმრები 3:0 დააწინაურა. საწყისი 10 წუთის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მოკლე-მოკლე დარტყმებით წინ წაიწიეს და მე-10 წუთზე ქუთაისის “აია”-ს უკანახაზელმა ბესიკ ხამაშურიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია, დავით კიკნაძემ კი რეალიზაცია გამოიყენა - 7:3. ნელ-ნელა ქართველების უპირატესობა გამოიკვეთა და რამდენიმე წუთში ხამაშურიძემ “ვისოლი-ყოჩების” გარემარბი სანდრო ნიჟარაძე გაიყვანა გარღვევაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა რატომღაც ბურთი ფეხით გადაიკიდა და მერე მას ვეღარ დაეწია, არადა ამ შეტევას წესით ლელო უნდა მოყოლოდა.
კალაფეტეანუმ მე-17 წუთზე ჯარიმით სცადა სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ 30 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი, ქართველებმა კვლავ მოკლე დარტყმებით წაიწიეს წინ, ბურთი მარცხნივ ჩაათამაშეს და “ხულიგანას” გარემარბმა გიორგი შკინინმა 24-ე წუთზე ლელო გაიტანა, კიკნაძემ კი რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად შეასრულა. სამ წუთში რუმინელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და კალაფეტეანუს დარტყმა ამჯერადაც გაუცუდდა. 32-ე წუთზე “ბათუმი XV” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. კიკნაძემ უბურთო რუმინელი შებოჭა და სინბინი დაიმსახურა. სტუმრებმა რიცხობრივი მეტობა კარგად გამოიყენეს, ბურჩამ მარჯვენა ფლანგიდან ფეხით გადაკიდებული ბურთი დაიჭირა და მარცხენა ალამთან ლელო უპრობლემოდ გაიტანა, კალაფეტეანუმ კი რეალიზაცია ზუსტად დაარტყა. შესვენებამდე აშვეთიამ ჯარიმა კარში ორჯერ დაარტყა, აქედან ერთი ძელებსშუა გააძვრინა და ტაიმი 17:10 დასრულდა.
მეორე ტაიმში “ბათუმი XV”-მა მეტოქე საკუთარ ნახევარზე გამოკეტა და შეტევის წამოწყების საშუალება არ მისცა. მორკინალების კარგ თამაშს “არადმა” ვერაფერი დაუპირისპირა და მართალია კიკნაძეს ჯერ არეკნი გაუცუდდა, მაგრამ 48-ე წუთზე მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ქართველ მორაგბეთა სათამაშო უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მინიმუმ ორი ლელო უნდა გაეტანათ, მაგრამ აქ ტექნიკურმა წუნმა იჩინა თავი, შეტევებში ბურთი წინ დაუვარდათ და შანსები გამოუყენებელი დარჩა. სამაგიეროდ, 61-ე წუთზე ბათუმელებმა ნაცადი ხერხით, მოკლე დარტყმებით წაიწიეს წინ და რამდენიმე ფაზის შემდეგ რუმინელთა ჩათვლის მოედანში არჩუაშვილმა შეაღწია, კიკნაძემ კი გარდასახვა ისევ გამოიყენა - 27:10.
დასკვნით ათ წუთში “არადი” გააქტიურდა და 75-ე წუთზე სტოიკიცამ ლელო გაიტანა, ფილიპმა კი რეალიზაცია გამოიყენა. სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, მაგრამ ქართველებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქეს წინსვლის საშუალება აღარ მისცეს, კიკნაძემ კი ბოლო წუთზე 35 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:17.
“არადისა” და “ლოკომოტივის” შეხვედრა ვნახეთ. მაშინ რუმინელებმა მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე აჯობეს, დღეს ჩვენ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მივეცით, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა ფინალისტის ვინაობა ჩვენსა და “ლოკომოტივის” დაპირისპირებაში გაირკვევა” - თქვა ნამატჩევს ბესიკ ხამაშურიძემ.
მეორე თამაში პირველზე უფრო დაძაბული გამოდგა. აქ მორაგბეებმა ნერვების მოთოკვა ვეღარ მოახერხეს და მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდური ჩხუბი ატყდა, რასაც სამი მორაგბის გაძევება მოყვა. “ბუქარესტმა” პირველსავე წუთზე ჯარიმით ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, რასაც უკრაინელთა საპასუხო შეტევა მოჰყვა და კულაკოვსკიმ მე-3 წუთზე ლელო გაიტანა, რასაც დელიერგიევის რეალიზაცია მოჰყვა. მე-11 წუთზე მანვე 30 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 10:0. ამას რუმინელთა გააქტიურება მოჰყვა და მინკუმ ჯარიმები მე-15 წუთზე 30, ხოლო მე-17 წუთზე 35 მეტრიდან გაიტანა. 22-ე წუთზე მან ჯარიმა 45 მეტრიდანაც დაარტყა, მაგრამ ნამეტანი მოუვიდა და ამჯერად მიზანმა უმტყუნა. ტაიმის შუაწელს ჯარიმა უკრაინელებს გაუცუდდათ, შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, მონასტიროვმა “კრედოს” შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, თუმცა, მასიუკოვს გარდასახვა გაუფუჭდა და ტაიმი 15:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მონასტიროვმა ჯარიმით უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა, მაგრამ 45-ე წუთზე უკრაინელებმა ლელო მიიღეს, მაგრამ “ბუქარესტს” რეალიზაცია გაუფუჭდა. “კრედო 63”-ს ცუდს მაინც არაფერი უქადდა და 50-ე წუთზე მისმა ქართველმა ლეგიონერმა კიკაჩეიშვილმა თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, 52-ე წუთზე კი ზემოთნახსენები ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ერთ რუმინელთან ერთად, ორი უკრაინელი მორაგბე გააძევა. ამ ორიდან ერთი ქართველი კიკაჩეიშვილი იყო, რომელმაც მანამდე ორი წუთით ადრე თავი ლელოს გატანით გამოიჩინა. კაცნაკლულმა უკრა¬ინელებმა ათი წუთი გაძლეს, მაგრამ 62-ე წუთზე, როდესაც რეფერიმ გეგიძე გაასინბინა და “კრედო 63” მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩა, “ბუქარესტმა” გაილაღა. 66-ე და 71-ე წუთებზე, მათ ორი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს - 23:25, მაგრამ უკრაინელებს მალე სინბინიდან გეგიძე დაუბრუნდათ, რუმინელებს მსაჯმა მინკუ გაუსინბინა და რიცხობრივ თანაფარდობაში, ოდესელებმა ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 28:23. ამრიგად, 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის, “ბუქარესტმა” ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა, “კრედო 63”-ს გამარჯვებისათვის 4 ქულა ერგო, თუმცა, 4 და მეტი ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ჯგუფის გამარჯვებულად გახდომის ყველაზე კარგი შანსი, თბილისის “ლელომ” შეინარჩუნა.
საქართველო. თბილისი.
“შავი ზღვის თასი”
28 აგვისტო. “მიხეილ მესხი”. მეორე რაუნდი. 800 მაყურებელი
A ჯგუფი
ბათუმი XV (ბათუმი) - არადი (რუმინეთი) 30:17 (17:10)
ბათუმი XV: 15. ხამაშურიძე, 14. ნიჟარაძე, 13. აშვეთია, 12. ხონელიძე, 11. შკინინი, 10. კიკნაძე, 9. როხვაძე (ბეგაძე 68), 1. გურეშიძე (გოგიშვილი 65), 2. ბრეგვაძე, 3. ხოსიტაშვილი (მოქია 62), 4. ძაგნიძე (არჩუაშვილი 18), 5. ბერიძე, 6. თხილაიშვილი (კალმახელიძე 70), 7. რევიშვილი, 8. გუგუშვილი (ალიქაძე 70).
მწვრთნელი: მგელაძე
3 ლელო: ხამაშურიძე, შკინინი, არჩუაშვილი
3 გარდასახვა: კიკნაძე
3 ჯარიმა: აშვეთია, კიკნაძე (2)
სინბინი: კიკნაძე
არადი: 15. ფერკუ, 14. გობჟილა, 13. იფტოდე, 12. სტოიკიცა, 11. სტრუნა (ბელცატუ 49), 10. ფილიპი, 9. კალაფეტეანუ (კონაკე 55), 1. ცერუსი, 2. მაკსიმი (ბეკა 51), 3. გრინდეი, 4. დრენჩანუ (კატარჯუ 62), 5. მორარუ, 6. პურიჩე, 7. ბურჩა, 8. ფლორეა.
მწვრთნელი: შერბანი
2 ლელო: ბურჩა, სტოიკიცა
2 გარდასახვა: კალაფეტეანუ, ფილიპი
1 ჯარიმა: კალაფეტეანუ
რეფერი: ამირხანაშვილი
ასისტენტები: ნარიმანიძე, ფრესინეანუ (რუმინეთი)
24 აგვისტო
ლოკომოტივი (თბილისი) - არადი (რუმინეთი) 28:30
1. | ბათუმიXV | 1 | 1 | 0 | 0 | 30-17 | 4 |
2. | არადი | 2 | 1 | 0 | 1 | 47-56 | 4 |
3. | ლოკომოტივი | 1 | 0 | 0 | 1 | 28-30 | 1 |
1 სექტემბერი
ბათუმი XV - ლოკომოტივი (თბილისი) (18:00 საათი - Live)
B ჯგუფი
კრედო 63 (უკრაინა) - ბუქარესტი (რუმინეთი) 28:23 (15:6)
კრედო 63: 15. მონასტიროვი, 14. ტაკუნოვი, 13. პ. მასიუკოვი, 12. გეგიძე, 11. აზანოვი, 10. დ. მასიუკოვი (ჟულავსკი 59), 9. დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 38), 1. ჩაიკა, 2. პოლიანსკი (ვასილაკი 38), 3. ვერტილეცკი (ზიბალო 59), 4. რადჩუკი, 5. კულაკოვსკი, 6. ნოვოკრეშჩენოვი, 7. ფედეშინი, 8. დ. კირსანოვი (მილოვი 69).
მწვრთნელი: ლეჟავა
3 ლელო: კულაკოვსკი, მონასტიროვი, კიკაჩეიშვილი
2 გარდასახვა: დელიერგიევი, მონასტიროვი
3 ჯარიმა: მონასტიროვი
სინბინი: გეგიძე
გაძევება: რადჩუკი, კიკაჩეიშვილი
ბუქარესტი: 15. იონი, 14. ბელდეანი, 13. პლოპეანუ (ბადეა 69), 12. ბუდილეანუ, 11. კომენესკუ (მინკუ 5), 10, ვოიკუ, 9. სურუჯუ, 1. ზაპანი, 2. იონესკუ (ი. მუნტეანუ 64), 3. იაკობი (დუმიტრუ 32), 4. დინუ, 5. კ. მუნტეანუ, 6. პეტრეანუ, 7. ვასილე (მიტროი 59), 8. ვილკუ.
მწვრთნელი: ნეაგა
3 ლელო: დინუ, ი. მუნტეანუ, მინკუ
1 გარდასახვა: ვოიკუ
2 ჯარიმა: მინკუ
სინბინი: მინკუ
გაძევება: პეტრეანუ
რეფერი: ჩაჩუა
ასისტენტები: რობიტაშვილი, ჯავახიშვილი
24 აგვისტო
ლელო (თბილისი) - კრედო 63 (უკრაინა) 28:10
1. | ლელო | 1 | 1 | 0 | 0 | 28-10 | 5 |
2. | კრედო 63 | 2 | 1 | 0 | 1 | 38-51 | 4 |
3. | ბუქარესტი | 1 | 0 | 0 | 1 | 23-28 | 1 |
1 სექტემბერი
ლელო (თბილისი) - ბუქარესტი (რუმინეთი) (20:00 საათი)
4 სექტემბერი. V ადგილისთვის
A III - B III (18:00 საათი)
III ადგილისთვის
A II - B II (20:00 საათი)
5 სექტემბერი. ფინალი
A I - B I (18:00 საათი Live)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია