“სამი ერის” წლევანდელ გათამაშებაში, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიას 44:31 სძლია და დაკარგული პრესტიჟი ნაწილობრივ დაიბრუნა.
სწორედ პრესტიჟის დაკარგვას უნდა უკავშირდებოდეს ის ფაქტი, რომ პრეტორიაში გამართულ მატჩზე ტრიბუნები არ შეივსო. ამ სახალისო დაპირისპირებას, თვალი სულ რაღაც 43152-მა მაყურებელმა მიადევნა და დაახლოებით 7 ათასი ადგილი ცარიელი დარჩა. არადა, შეხვედრა სწრაფი და კარგი სანახავი გამოდგა. გუნდებმა მთლიანობაში ცხრა ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანეს, მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანმა დაცვაში უსუსტესად ითამაშა, რაც “სამი ერის” წარმომადგენლებისათვის არადამახასიათებელია.
“სამი ერის” წლევანდელი თასი, ერთი კვირის წინ ახალმა ზელანდიამ უკვე მოიპოვა და ახლა გუნდები მეორე ადგილის დაკავებისათვის იბრძვიან. ოთხი და მეტი ლელოსთვის დაწესებული ერთი პრემიალური ქულა ორივე გუნდმა მოიპოვა, მაგრამ აფრიკელებმა გამარჯვების ოთხი ქულაც მიითვალეს და მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრეს. ეს მატჩი “სპრინბოკის” ვიცე-კაპიტან ვიქტორ მეტფილდისთვის მე-100 სანაკრებო შეხვედრა იყო და მისდა სასიხარულოდ, აფრიკელებმა უმძიმესი დასაწყისი შემდეგ, თამაშის ბედის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს.
ბრაიან ჰაბანამ სამი უხეში შეცდომა დაუშვა და ორი მათგანი მის გუნდს 14 ქულად დაუჯდა, რადგანაც ავსტრალიელებმა ორი ლელო გაიტანეს და რეალიზაციებიც გამოიყენეს. თუმცა, აფრიკას ჰყავდა ნახევარმცველი ფრანსუა უგარდი, რომელიც თანაგუნდელებს წინ გაუძღვა, ხუთიდან სამი ლელოს შემოქმედი გახდა და “სპრინბოკის” გამარჯვება დიდწილად, სწორედ მისმა აქტიურობამ განაპირობა. თამაში ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც დრიუ მიჩელმა აფრიკელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია, მაგრამ ვიდეორეფერიმ მისი ლელო გააუქმა. სამაგიეროდ, სტუმრებმა 5-მეტრა შერკინება მოიგეს უილ გენიამ ლელო გაიტანა, მეტ ჟიტომ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-5 წუთზე ანგარიში 14:0 გახდა. კერტლი ბილმა ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა, მასპინძელთა ხუთ მცველს დაუსხლტა, როკი ელსომი დროულად მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი, ბურთი ჩათვლის მოედანში ჯეიმს ოკონერს შეაყოლა.
ჟიტოს რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად იყო, მაგრამ აფრიკა დანებებას არ აპირებდა, მე-8 წუთზე ავსტრალიელთა დაცვის ხაზი უგარდმა გაარღვია და ჟუან სმიტმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო მორნი შტეინმა რეალიზაცია გამოიყენა. ერთ წუთში ჰაბანამ შეცდომა დაუშვა და ოკონერმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ჟიტომ კი რეალიზაციით სხვაობა კვლავ 14 ქულამდე გაზარდა. სახალისო თამაში გაგრძელდა და მე-14 წუთზე შეხვედრის მეხუთე ლელო გავიდა. სმიტისა და მეტფილდის ჭკვიანური თამაშის შემდეგ, სტეენკამპმა აფრიკელთა მეორე ლელო გაიტანა, შტეინმა კი რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად შეასრულა, ხოლო მე-19 წუთზე, მან 60 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა - 17:21.
25-ე წუთზე კვლავ ჰაბანას შეცდომის დრო დადგა, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო, ბურთი დაკარგა და დინ მამმა ავსტრალიელთა მეოთხე, პრემიის მომტანი ლელო გაიტანა და ჟიტოს რეალიზაციის შემდეგ, ავსტრალიელთა უპირატესობა სოლიდური გახდა. შესვენებამდე ცხრა წუთით ადრე, უგარდმა სტუმართა დაცვის ხაზში ნაპრალი გახა, წინ გაიჭრა და პიერ სპის ლელო ძელებსშუა გაატანინა, შტეინმა კი რეალიზაციისთ პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 24:28. აღსანიშნავია, რომ საერთაშორის დონის შეხვედრებში, ერთ ტაიმში ორივე გუნდის მიერ ჯამში 52 ქულის მოგროვება იშვიათობაა და ეს უმეტესწილად გუნდების დაცვაში არასწორ თამაშზე მიუთითებს.
მეორე ტაიმი აფრიკელთა გატანილი ჯარიმით დაიწყო და სხვაობა მინიმუმადე შემცირდა, მაგრამ ორ წუთში ავსტრალიელებმაც ჯარიმითვე უპასუხეს და სტატუს-კვო აღადგინეს. ამ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკა პირველად 50-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ივნისის შემდეგ ნაკრებში პირველად მობურთალმა ფრანსუა შტეინმა ლელო გაიტანა, რასაც მორნი შტეინმა ზუსტი რეალიზაცია დაურთო და “სპრინბოკი” 34:31 დაწინაურდა. ამას ავსტრალიელთა გააქტიურება მოჰყვა, მაგრამ ისინი დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. 67-ე წუთზე ფრანსუა შტეინმა ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. დასკვნით 10 წუთში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ავსტრალია ფლობდა, მაგრამ აფრიკელთა ჩათვლის მოედანში ვერ შეაღწიეს, მერე კი კონტრშეტევაზე პიტერსენი გაიქცა, ლელო გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 28:49
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 20:10
21 აგვისტო. იოჰანესბურგი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 22:29
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 44:31
1. | ახ. ზელანდია | 5 | 5 | 0 | 0 | 161-89 | 23 |
2. | სამხ. აფრიკა | 5 | 1 | 0 | 4 | 108-153 | 6 |
3. | ავსტრალია | 4 | 1 | 0 | 3 | 99-126 | 5 |
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, შვიდი და ნაკლები ქულით მარცხი, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია