საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე დავით ნამგალაური და ჟურნალისტები, მშენებარე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მიიწვია და მშნებლობის დათვალიერებასთან ერთად, მათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი და უკანა ხაზის მწვრთნელი დონ კასკი წარუდგინა.
რაგბის კავშირმა და დიქსონმა, სამწვრთნელო შტაბი უკვე დააკომპლექტეს, თუმცა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საკლუბო ტურნირ “შავი ზღვის თასისთვის” თვალის მისადევნებლად, საქართველოში ჯერ მხოლოდ დიქსონი და კასკი ჩამოვიდნენ, დანარჩენი სპეციალისტები კი საქმიანობას მოგვიანებით შეუდგებიან. შოტლანდიელი სპეციალისტი “ბორჯღალოსანთა” დამრიგებლად ივლისის დასაწისში დაინიშნა, მაგრამ მაშინ ის საქართველოში არ იმყოფებოდა. რიჩიმ ბრიტანეთში სამწვრთნელო შტაბის მომავალ წევრებთან მოლაპარაკება აწარმოა და საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც საკუთარი გუნდი დააკომპლექტა.
მაშ ასე, 1947 წლის 3 იანვარს დაბადებული ჯეიმს რიჩარდ (რიჩი) დიქსონი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოფიციალურად 2010 წლის 1 ნოემბრიდან გახდება და მისი კონტრაქტი ძალაში 2011 წლის 31 ოქტომბრამდე, ანუ ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის დასრულებამდე იქნება. დიქსონი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში საქმიანობს და 2009 წლის ოქტომბრიდან, ის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის - გიორგი ნიჟარაძის პირადი მრჩეველი იყო. ამასთან, ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს სანაკრებო კონსულტანტიცაა და საქართველოში რაგბის განვითარების კონცეფცია შეიმუშავა.
დიქსონმა 1966-69 წლებში, ჯორდანჰილის პედაგოგიური კოლეჯი და შოტლანდიის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1969-1980 წლებში, ის საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის მოთამაშე იყო და ჯერ უკანა ხაზში, შემდეგ კი შერკინების მესამე ხაზში თამაშობდა. 1975-1979 წლებში, ის პარალელურად შოტლანდიის B ნაკრების კაპიტანი იყო. რიჩიმ სამწვრთნელო მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო და 1990 წლამდე კლუბ “გლაზგოს” მთავარი მწვრთნელი იყო, პარალელურად, 1981-1983 წლებში, შოტლანდიის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 1983-1987 წლებში, ის შვედეთის ეროვნულ ნაკრებსაც ავარჯიშებდა და თან IRB-ს განვითარებადი რაგბის კავშირების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ტონგაში, შვედეთში, დანიაში, კანადასა და ჰოლანდიაში, მწვრთნელთა სასწავლო კურსებს ატარებდა (1983-1987 წლები).
1984-1987 წლებში, ის შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და თან B ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას ითავსებდა. 1987-1990 წლებში, ის უკვე B ნაკრების და კლუბ “სტერლინგ ქაუნტის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 1991-1995 წლებში, ის შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 1995-1998 წლებში კი, სქოთთა უპირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. 1999-2002 წლებში, დიქსონი “გლაზგოს” პროფესიონალთა გუნდს წვრთნიდა, რის შემდეგაც სამწვრთნელო საქმიანობას შეეშვა. ამის შემდეგ ის შოტლანდიის რაგბის კავშირში მწვრთნელთა განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მერე კი IRB-ში დასაქმდა და განვითარებად ქვეყნებს მწვრთნელთა აღზრდაში და რაგბის განვითარების კონცეფციის შექმნაში ეხმარებოდა.
1965 წლის 12 დეკემბერს დაბადებული დონალდ კასკი უკანა ხაზის მწვრთნელია. მისი კონტრაქტი ძალაში 2010 წლის 1 სექტემბერს შედის და მოქმედების ვადა 2011 წლის 31 ოქტომბრამდეა. სხვადასხვა დროს, ის კლუბების - “ბრისტოლ რაგბის”, “ლონდონს სქოთიშის” და “გლოსტერის” ღირსებას იცავდა. ამავდროულად, შოტლანდიის სტუდენტთა, 21-წლამდელთა, A და B ნაკრებებში თამაშობდა. 2003-2004 წლებში, დონალდი “ჩელტენჰემის” ხაზის მწვრთნელი იყო, 2004-2010 წლებში კი, “მოსლის” ხაზის და ვიდეონალიზის სპეციალისტად მუშაობდა. საგულისხმოა, რომ კასკი საქართველოში წლის განმავლობაში 10-11 თვეს დაჰყოფს და ქართული რაგბის განვითარებისთვის იზრუნებს.
ჯონ მაგლტონი დაცვის მწვრთნელია. ავსტრალიელი სპეციალისტი 1960 წლის 16 იანვარს დაიბადა და საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 ოქტომბრამდე გააფორმა. 1978-1981 წლებში, ის კასლ ჰილის კათოლიკურ კოლეჯში სწავლობდა. 1976-1989 წლებში სხვადასხვა ავსტრალიურ კლუბებში გამოდიოდა და 13-კაცა რაგბს თამაშობდა. შუალედში, 1984-1986 წლებში, ის ინგლისის კლუბ “ჰალის” ღირსებას იცავდა. 1990-1997 წლებში მაგლტონი 13-კაცა რაგბის კლუბების - “ვოი-ვოი”-ს და “ნორთ სიდნეი ბეარს”-ის მწვრთნელად მუშაობდა. პარალელურად, 1990-იდან 1999 წლამდე, ავსტრალიის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 1997-2000 წლებში კჯი, ავსტრალიურ კლუბ “ბრამბიზის” დაცვის მწვრთნელი იყო. 2000-2003 წლებში ის “ვორათაზის”, 2005 წლამდე კი “ქუინსლენდ რედს”-ის დაცვის მწვრთნელი იყო. 1997-2007 წლებში, ჯონი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო და მასთან ერთად 1999 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2003 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდა, 2000-2001 წლებში “სამი ერის” გამარჯვებული იყო, 1998-2003 წლებში კი “ბლედისლოუს თასს” ფლობდა. 2006 წელს ის ავსტრალიის A ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, 2008 წლიდან კი, უელსურ კლუბ “ლიანეჰლი სკარლეტს”-ის დაცვის მწვრთნელია.
დიქსონის ტექნიკური მრჩეველი ირლანდიელი მაიკლ ბრედლია და ის საქართველოს ნაკრებში მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს. ბრედლი 1962 წლის 17 ნოემბერსაა დაბადებული და ირლანდიის ეროვნულ გუნდში 9 ნომრის პოზიციაზე 40 მატჩი აქვს ჩატარებული. ის 1987 და 1995 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, საკლუბო დონეზე კი “კორკ კონსტიტიუშენის” ღირსებას იცავდა. მოგვიანებით ამავე კლუბში ის მწვრთნელად დაინიშნა, მერე კი ირლანდიის 21-წლამდელთა და A ნაკრებების მწვრთნელი იყო. 2008 წელს ის ირლანდიის ეროვნულ გუნდს ახალი ზელანდია-ავსტრალიის ტურნეს დროს და “ბარბაროსებთან” გამართულ ტესტ-მატჩში წვრთნიდა. ახლა ის კლუბ “კონახტ რაგბის” დირექტორია.
ყველაზე მოკლევადიანი კონტრაქტი საქართველოს ეროვნულ გუნდთან ფიზმომზადების მწვრთნელმა გერეთ ადამსონმა გააფორმა. ის “ბორჯღალოსნებს” 2011 წლის 1 ივნისს შეუერთდება, გუნდს მსოფლიოს თასისთვის მოამზადებს და 2011 წლის 31 ოქტომბერს დაემშვიდობება. ავსტრალიელი ადამსონი 1972 წლის 27 მაისს დაიბადა, “ისტვუდში” თამაშობდა და მასთან ერთად ავსტრალიის ჩემპიონობა მოიპოვა. მისი სამწვრთნელო კარიერა ავსტრალიურ კლუბ “ვორათაზში” დაიწყო, 2001-2005 წლებში საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონის კლუბ “გრენობლს” ავარჯიშებდა, 2006 წლიდან კი ინგლისის “ჰარლიქვინზის” ფიზმომზადების მწვრთნელია.
გიორგი ნიჟარაძე (სრკ-ს პრეზიდენტი): “ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისათვის ახალი მწვრთნელის წარდგენა იყო. რიჩი დიქსონი უკვე ერთი წელია რაც საქართველოში იმყოფება, მუშაობდა რაგბის განვითარების პროგრამაზე, რეგიონებში, სკოლებში, ახალგაზრდა მწვრთნელებთან. თავის დროზე ის შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჯერ შერკინების, მერე კი მთავარი მწვრთნელი იყო. ვთვლით, რიჩი ის პიროვნებაა, რომელსაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნა უნდა ჩავაბაროთ. მართალია, მსოფლიო თასზე უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ დიქსონს ვენდობით და გვწამს, ის შედეგს მიაღწევს. მიზანი მინიმუმ ერთი თამაშის მოგება და დანარჩენ მოწინააღმდეგეებთან მედგარი ბრძოლის გამართვაა. ახალ ზელანდიაში თამაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ინგლისთან, ბრინჯაოსმედალოსან არგენტინასთან და ძლიერ შოტლანდიასთან მოგვიწევს ბრძოლა. რეპეშაჟიდან, სავარაუდოდ, რუმინეთი გვერგვება, რომელიც იოლი მოწინააღმდეგე არაა. რუმინელებმა შიდაპრობლემები მოაგვარეს და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. მჯერა, ისინი ურუგვაის დაამარცხებენ. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კარგად გამოსვლისთვის, ძლიერი სამწვრთნელო შტაბი გვჭირდებოდა და არჩევანი უკვე გავაკეთეთ.
რიჩი და კასკი უკვე აქ არიან და “შავი ზღვის თასზე” ქართულ კლუბებში მობურთალ ბიჭებს აკვირდებიან. ტიმ ლეინისადმი მთავარი პრეტენზია ის გვქონდა, რომ საქართველოში საკმაო დროის არ ატარებდა, კასკი კი აქ 10-11 თვის განმავლობაში იქნება. მაიკლ ბრედლი ნოემბერში კანადისა და აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში დაგვეხმარება და მისი მომავალი ამის შემდეგ გადაწყდება. უკვე ცნობილია, რომ 20 და 27 ნოემბერს კანადისა და აშშ-ს ეროვნული გუნდები გვეწვევიან. მომავალი წლის თებერვალ-მარტში “ერთა თასის” შეხვედრები გველის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კი მზადებას 2011 წლის ივნისში “შევარდენის” ბაზაზე დავიწყებთ, როდესაც იქ სამუშაოები უკვე დასრულებული იქნება. მერე დიდი ხნით საფრანგეთში გავემგზავრებით, სადაც ძლიერ ტურნირში - “ვაკერენის თასზე” მივიღებთ მონაწილეობას. იქ საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდები თამაშობენ. ამის გარდა, საფრანგეთში 2-3 ამხანაგური შეხვედრის გამართვაც გვინდა, 5 სექტემბერს კი ზელანდიაში ჩავალთ. გვსურდა, რომ ადამსონი ნაკრებს უფრო ადრე შეერთებოდა, მაგრამ მას კლუბთან ვალდებულება აქვს და ეს ვერ ხერხდება. ის ნაკრების მორაგბეების ფიზმომზადების მწვრთნელებს დაუკავშირდება და ბიჭების მდგომარეობას მათგან გაიგებს. მარტში ნაკრების წევრებს გაიცნობს, ივნისიდან კი გუნდთან ერთად იქნება”.
ლადო ვარძელაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “სახელმწიფო არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ზოგადად რაგბის განვითარებაზე ზრუნავს. ჩვენ მათ მიწის ნაკვეთებს ვაძლევთ, სადაც “ქართუ” ულამაზეს სტადიონებს აშენებს. თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაჭირდება, სახელმწიფო მზადაა მას ყველანაირი დახმარება გაუწიოს”.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრებმა წინა მსოფლიო თასზე ყველა გააოცა და მეტოქეებისთვის სიურპრიზის შეთავაზება რთული იქნება. ქართველთა მენტალიტეტი კარგად შევიცანი და ვეცდები, ის ასისტენტებსაც გავაცნო, რათა მათი ნაკრებში ინტეგრაცია მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. უნდა შევქმნათ გუნდი, რომლის ბაზაც ქართველი მორაგბეების ძლიერი მხარე იქნება. ქართველებს უნდა შთავუნერგოთ, რომ ძლიერები არიან და მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ”.
დონალდ კასკი (საქართველოს ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელი): “ქართველი მორაგბეები უკომპრომისო თამაშით გამოირჩევიან. ჩემი მიზანია, რომ უკანა ხაზის მორაგბეები ისეთ დონეზე ავიყვანო, რომ მათ ძლიერი და შთამბეჭდავი თამაში აჩვენონ. გარდა ლეგიონერებისა, ძლიერი მოთამაშეები ქართულ კლუბებშიც თამაშობენ. საჭიროა, რომ მათი დონე გავზარდოთ და ნაკრებში კონკურენცია გავზარდოთ. მსოფლიო თასზე კარგი გამოსვლისთვის, გუნდის განვითარება ფესვებიდან უნდა დავიწყოთ და მწვერვალს პიკზე მივაღწიოთ. ქართველი მორაგბეები ერთგვარად შებოჭილები არიან. მათ მეტი იმპროვიზაციის საშულება უნდა მივცეთ”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია