“შავი ზღვის თასი” საქართველოში დარჩება და მის მოსაპოვებლად საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ლელო” და ვერცხლის პრიზიორი “ბათუმი XV” იბრძოლებენ. გასული ჩემპიონატის ფინალის განმეორება ამჯერად საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში შედგება, მაგრამ რადგან კლუბები გაძლიერებული შემადგენლობებით გამოდიან, მოედანზე ერთბაშად 50 საუკეთესო ქართველი მორაგბე გავა და კლუბის სახელებს პირობითი დატვირთვა ექნება.
B ჯგუფის გამარჯვებული ქართული კლუბი რომ იქნებოდა, ეს ბოლო რაუნდის წინაც იყო ცნობილი. ბათუმელებმა საერთაშორისო ტურნირზე დახმარება მათ ფინალში გამყვან მწვრთნელ ლევან მგელაძეს სთხოვეს და არც შემცდარან. “ლოკომოტივმა” “შავი ზღვის თასი”-სთვის ბრძოლის უფლება ყველაზე გვიან, უკრაინელთა მეორე გუნდის უარის შემდეგ მიიღო და მისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა. რუმინელებთან პირველ რაუნდში დიდი ჯახის შემდეგ, მათ ფინალში გასასვლელად გფამარჯვება უნდოდათ, მაგრამ ბათუმურ კლუბს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
მართალია “ლოკომოტივი” მე-3 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მერე შეცდომა დაუშვა და ლელო გაუშვა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. შესვენებამდე გუნდებმა 45-45 მეტრიდან გატანილი ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 10:6 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში ზღვისპირელებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს. მათ ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, მერე კი ლელო-გარდასახვა მიითვალეს. ამ ტურნირზე, მეორე შეხვედრაში, მე-4 ლელო გაიტანა ბერიშვილმა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ რეალიზაცია უზუსტო აღმოჩნდა, თუმცა, მალე ბათუმელები სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ და თბილისელებმა ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს - 14:20. “ბათუმი XV”-მა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლო და სანამ კაცნაკლული იყო, ორი ჯარიმა გამოიყენა, მერე კი შეტევა ფლანგზე კარგად განავითარა და შკინინმა ლელო გაიტანა. ზუსტმა რეალიზაციამ ტაბლოზე 19 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა, “ლოკომოტივი” მიხვდა, რომ ჩამორჩენას ვეღარ აღმოფხვრიდა და მატჩის მიწურულს ბათუმელებმა კიდევ ერთი, რიგით მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაიტანეს, ზუსტმა რეალიზაციამ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ლელო”-სთვის მთავარი იყო დიდი სხვაობით არ წაეგო და ფინალის საგზური გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ ლევან მაისაშვილის შეგირდებს მხოლოდ დაცვაზე არ უზრუნიათ, რუმინული “ბუქარესტი” სოლიდური სხვაობით დაამარცხეს და ფინალში ღირსეულად გავიდნენ. სტუმრებმა მატჩის დასაწყისში გასატანი ჯარიმა გაფუჭეს, ყიასაშვილმა კი მე-10 წუთამდე შორიდან ორი სტანდარტი გამოიყენა. რუმინელებს ჯარიმით სხვაობის შემცირების შანსი მიეცათ, მაგრამ ისევ არაზუსტად დაკრეს, მერე კი შეცდომა დაუშვეს და “ლელომ” ლელო მიითვალა, თანაც ყიასაშვილმა მონაგარს ზუსტი რეალიზაცია შემატა. შესვენებამდე მან კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 19:0 დასრულდა, მე-2 ნახევრის საწყის ხუთ წუთში კი, თბილისელებმა ორი ლელო მიითვალეს, გარდასახვებიც ზუსტად შეასრულეს და 33-ქულიან უპირატესობას უწიეს. აქ უკვე ცხადი გახდა, გამარჯვება ვის დარჩებოდა და შეხვედრა გაიხსნა. 53-ე წუთზე ქართველები სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც სტუმრებმა იხეირეს და ორი ლელო გაიტანას, თანაც რეალიზაციებიც გამოიყენეს. “ლელომ” შემადგენლობა შეავსო თუ არა, მყის ლელო გაიტანა, მაგრამ ჯოგლიძეს რეალიზაცია გაუფუჭდა. სტუმრებმა სხვაობა კიდევ იფრო მეტად 69-ე წუთზე გატანილი ლელოთი შეამცირეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ ბოლოსკენ ლელო კვლავ ქართველებმა გაიტანეს, ამჯერად ჯოგლიძემ რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დაფიქსირა.
მაშ ასე, 5 სექტემბერს მთავარი პრიზისთვის ერთურთს ორი ქართული კლუბი შეერკინება, წინა დღეს კი, “ლოკომოტივი” “ბუქარესტთან” მე-5 პოზიციისთვის იბრძოლებს, რუმინული “არადი” და უკრაინის “კრედო 63” კი, ერთმანეთში მე-3 პოზიციას გაითამაშებენ.
საქართველო. თბილისი. “შავი ზღვის თასი”
28 აგვისტო. “მიხეილ მესხი”. მესამე რაუნდი. 900 მაყურებელი
A ჯგუფი
ლელო (თბილისი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 45:21 (19:0)
ლელო: 15. ყიასაშვილი (ცერცვაძე 55), 14. ჯოგლიძე, 13. ჩხიკვაძე (ანდღულაძე 47), 12. მანჯავიძე, 11. გუგავა, 10. ლომინაძე, 9. გ. კაჭარავა (თოფურია 40+1), 1. ლომიძე (ასეიშვილი 47), 2. ჭყონია (მამუკაშვილი 55), 3. სანიკიძე, 4. აზალაძე, 5. ხორბალაძე, 6. კოლელიშვილი (სარდანაშვილი 41), 7. დ. დაუშვილი (მძინარიშვილი 38), 8. ზ. მაისურაძე.
5 ლელო:აზალაძე, ზ. მაისურაძე, სარდანაშვილი, აზალაძე, ხორბალაძე
4 გარდასახვა: ყიასაშვილი (3), ჯოგლიძე
4 ჯარიმა: ყიასაშვილი
სინბინი: ხორბალაძე
მწვრთნელი: მაისაშვილი
ბუქარესტი: 15. იონი, 14. შეცეუ, 13. ბადეა, 12. ბუდილეანუ, 11. მინკუ, 10, სურუჯუ, 9. ზაინეა, 1. გროზავი, 2. ი. მუნტეანუ, 3. დუმიტრუ (იონესკუ 49), 4. მიტროი, 5. ვილკუ, 6. ვასილე (ზაპანი 17), 7. ბელდეანი, 8. კ. მუნტეანუ.
3 ლელო: ბელდეანი, იონესკუ, ვილკუ
3 გარდასახვა: მინკუ
მწვრთნელი: ნეაგა
რეფერი: ჯავახიშვილი
ასისტენტები: ამირხანაშვილი, წულაია
1. | ლელო | 2 | 2 | 0 | 0 | 73-31 | 10 |
2. | კრედო 63 | 2 | 1 | 0 | 1 | 38-51 | 4 |
3. | ბუქარესტი | 2 | 0 | 0 | 2 | 44-73 | 1 |
B ჯგუფი
ბათუმი XV - ლოკომოტივი (თბილისი) 40:14 (10:6)
ბათუმი XV: 15. ხამაშურიძე (ნიჟარაძე 73), 14. გ. სვინტრაძე (გეგენავა 47), 13. აშვეთია, 12. სინაურიძე, 11. შკინინი, 10. შერვაშიძე (ხონელიძე 66), 9. როხვაძე (ბეგაძე 47), 1. გურეშიძე (გოგიშვილი 60), 2. სოსელია (ბრეგვაძე 60), 3. მოქია (ხოსიტაშვილი 60), 4. არჩუაშვილი, 5. ბერიძე, 6. თხილაიშვილი, 7. რევიშვილი, 8. გუგუშვილი.
4 ლელო: გუგუშვილი, გურეშიძე, შკინინი, ნიჟარაძე
4 გარდასახვა: სინაურიძე
4 ჯარიმა: სინაურიძე
სინბინი: ბრეგვაძე
მწვრთნელი: მგელაძე
ლოკომოტივი: 15. ელიზბარაშვილი (მახარაშვილი 75), 14. შიოშვილი, 13. ხუციშვილი (ქავთარაძე 73), 12. გ. კობერიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. სოხაძე, 9. ღვინჯილია, 1. გასვიანი (ვეფხვაძე 21), 2. გენებაშვილი, 3. კორკოტაძე, 4. ჩიტიძე, 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე, 7. ახვლედიანი (ოზგებაშვილი 35, ელოშვილი 61)), 8. ბერიშვილი.
1 ლელო: ბერიშვილი
3 ჯარიმა: სოხაძე
მწვრთნელი: ჩავლეიშვილი
რეფერი: ფრესინეანუ (რუმინეთი)
ასისტენტები: რობიტაშვილი, ჩერგოლეიშვილი
1. | ბათუმი XV | 2 | 2 | 0 | 0 | 70-31 | 9 |
2. | არადი | 2 | 1 | 0 | 1 | 47-56 | 4 |
3. | ლოკომოტივი | 2 | 0 | 0 | 2 | 42-70 | 1 |
4 სექტემბერი. V ადგილისთვის
ბუქარესტი (რუმინეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) (18:00 საათი)
III ადგილისთვის
კრედო 63 (უკრაინა) - არადი (რუმინეთი) (20:00 საათი)
5 სექტემბერი. ფინალი
ლელო (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) (18:00 საათი Live)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია