ამბები

11:20 | 4.09.2010 | ნანახია 3075 - ჯერ

“შავი ზღვის თასი” ღუზის ჩასაშვებად ემზადება

საერთაშორისო სარაგბო საკლუბო ტურნირის, “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება, რომელსაც თბილისის “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება. დღეს ექვსგუნდა გათამაშების ბოლოსწინა და მე-3 ადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან, ხვალ კი, ფინალის ჯერი დადგება და ახალ თასსაც პირველი პატრონი გამოუჩნდება.
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაარსებული და მისივე ორგანიზებული “შავი ზღვის თასი”, თბილისის მერიის პატრონაჟით, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და (IRB) და ევროპული რაგბის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. ისე მოხდა, რომ პირველ გათამაშებაში, რვის ნაცვლად 6-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, თანაც ოთხმა რუსულმა კლუბმა, მასში გამოსვლაზე უარი თქვა და ისინი უკრაინულმა გუნდებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ ორიდან ერთმა უკრაინულმა კოლექტივმა, თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ორ რუმინულ და ერთ უკრაინულ გუნდთან ერთად, მასში საქართველოს სამი საუკეთესო კლუბი გამოდის.
გუნდები ორ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ამ ჯგუფების ნაბოლარები ერთმანეთს V ადგილს შეეცილებიან. A ჯგუფში რუმინეთის მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 ადგილზე მყოფი “ბუქარესტი”, პირველ ტურში უკრაინულ “კრედო 63”-თან 23:28 დამარცხდა, მეორე ტურში კი საქართველოს ჩემპიონ “ლელოსთან” 21:45 განადგურდა. B ჯგუფში, პირველ ტურში ვაჟკაცური ბრძოლის მიუხედავად, თბილისის “ლოკომოტივი” რუმინულ “არადთან”, რომელიც შიდა ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზე, 28:30 დაეცა, არადა, ქართველმა მორაგბეებმა 0:21-ის შემდეგ, მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 28:27 დაწინაურდნენ, მაგრამ სასწაული ვერ მოახდინეს. მეორე ტურში, “ლოკომოტივი” გაძლიერებულმა “ბათუმი XV”-მა 40:14 დაამარცხა. ამრიგად, 4 სექტემბერს, 18:00 საათზე ერთმანეთს V ადგილისთვის “ბუქარესტი” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან.
მართალია, უკრაინულმა “კრედომ” მეორე ტურში “ბუქარესტი” დაამარცხა, მაგრამ პირველ ტურში თბილისის “ლელოსთან” 10:28 დამარცხდა და ახლა, ოდესურ კლუბს მიზნად მე-3 ადგილის დაკავება აქვს დასახული. მისი მეტოქე რუმინული “არადი” იქნება, რომელმაც “ლოკომოტივი” კი დაამარცხა, მაგრამ “ბათუმი XV”-ის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. ეს მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ორ-ორი მოგებით, ჯგუფების გამარჯვებულები თბილისის “ლელო” და “ბათუმი XV”, მთავარი პრიზისათვის 5 სექტემბერს, 18:00 საათიდან იბრძოლებენ. ამრიგად, “შავი ზღვის თასის” პირველი გამარჯვებული, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული კლუბი იქნება. იმედია, რაგბის კავშირის იმედები გამართლდება, ტურნირი ტრადიციული გახდება და მომავალ წელს, მასში უფრო ძლიერი სარაგბო ქვეყნების ძლიერი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

A ჯგუფი
ლელო - კრედო 63 28:10
კრედო 63 - ბუქარესტი 28:23
ლელო - ბუქარესტი 45:21
 

1 ლელო 2 2 0 0 73-31 10
2 კრედო 2 1 0 1 38-51 4
3 ბუქარესტი 2 0 0 2 44-73 1


B ჯგუფი

ლოკომოტივი – არადი 28:30
ბათუმი XV – არადი 30:17
ბათუმი XV  - ლოკომოტივი 40:14

1   ბათუმიXV 2 2 0 0 70-31 9
2  არადი 2 1 0 1 47-58 4
3 ლოკომოტივი  2 0 0 2 42-70 1


4 სექტემბერი. V ადგილისთვის

ბუქარესტი (რუმინეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) (18:00 საათი)
III ადგილისთვის
კრედო 63 (უკრაინა) - არადი (რუმინეთი) (20:00 საათი)
5 სექტემბერი. ფინალი
ლელო (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) (18:00 საათი Live)
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101539