თბილისის “ლოკომოტივი”, “შავი ზღვის თასზე” მეორე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდა და ეს მატჩი იმავე სცენარით წარიმართა, როგორც “რკინიგზელთა” ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ოღონდ შებრუნებული ვარიანტით.
გემახსოვრებათ, ახლადდაარსებულ ტურნირზე შემთხვევით მოხვედრილი გუნდი, რუმინულ “არადთან” 37-ე წუთისთვის 0:21-ს აგებდა, მაგრამ მატჩის მსვლელობის შემოტრიალება შეძლო და 79-ე წუთზე 28:27 დაწინაურდა, თუმცა, საბოლოოდ ჯარიმა მიიღო, თავად ბოლო წუთებზე ასეთივე შანსი ვერ გამოიყენა და 28:30 დაამარცხდა. ჯგუფურ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეორე შეხვედრაც დათმეს, ამჯერად, “ბათუმი XV”-თან და V ადგილისთვის რუმინეთის მეორე კლუბს, “ბუქარესტს” დაუპირისპირდნენ, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე თავის მხრივ უკრაინის “კრედო 63”-თან (23:28) და თბილისის “ლელოსთან” (21:45) დამარცხდა.
ზევით ჩავლეიშვილი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, რომ ქართული კლუბები გაძლიერებული შემადგენლობებით თამაშობენ (ისევე, როგორც რუმინული და უკრაინული გუნ¬დები), ასე რომ, “ლელოში”, “ბათუმი XV”-სა და “ლოკომოტივში”, სხვა კლუბის მორაგბეების გვარებს თუ ამოიკითხავთ, ნუ გაგიკვირდებათ. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატში “ლოკომოტივს” თემურ ბენდიაშვილი ათამაშებს, მაგრამ “შავი ზღვის თასზე” ის ჩავლეიშვილს გამოჰყავდა, ისევე, როგორც “ბათუმი XV”-ს ლევან მგელაძე ათამაშებს, რომელიც სინამდვილეში “ვისოლი-ყოჩების” მწვრთნელია. გუშინ გუნდებმა V და III ადგილები გაითამაშეს, ქართველ გულშემატკივარს უფრო მეტად პირველი შეხვედრა აინტერესებდა, რადგანაც აქ ქართული “ლოკომოტივი” რუმინულ “ბუქარესტს” ხვდებოდა.
სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ “კრედო 63”-ისა და “ბუქარესტის” შეხვედრისას ატეხილი ჩხუბის გამო, ორივე მათგანმა დისკვალიფიკაციისა და ტრავმების შედეგად, არაერთი მორაგბე დაკარგა და ლოკომოტიველთა წინააღმდეგ, ბუქარესტელებმა სათანადოდ განაცხადიც ვერ შეავსეს - მათ თადარიგში მხოლოდ 4 მორაგბე ჰყავდათ.
საწყისივე წუთებიდან მოედანზე ბრძოლა გაჩაღდა. ბოლო ადგილის დაკავება და თავის შერცხვენა არცერთ გუნდს სურდა, თბილისელებს კი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რევანშიც სწყუროდათ. ანგარიშის გახსნის შანსი მე-12 წუთზე რუმინელებს ჰქონდათ, მაგრამ მინკუმ დაახლოებით 30 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, მიზანმა არ უმტყუნა სოხაძეს, რომელსაც ამ მატჩში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მან მე-16 წუთზე, 22 მეტრიდან ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში კი 30 მეტრიდანაც ზუსტად დაარტყა - 6:0. თბილისელთა თავგამოდება ლელოდ 25-ე წუთზე გადაიქცა, მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი ჩიტიძემ გადაკვეთა, რეალიზაცია კი სოხაძემ გამოიყენა. “ბუქარესტს” ჯარიმით შემცირების შანსი სამ წუთში მიეცა, მაგრამ მინკუს დარტყმა ამ¬ჯერად 20 მეტრიდან გაუცუდდა, მსაჯის მიერ პირველ ნახევარზე წამატებულ წუთებში კი, სოხაძემ ინიციტივა საკუთარ თავზე აიღო, გუნდის მეორე ლელო მიითვალა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, რის შემდეგაც ტაბლოზე 20:0 დაფიქსირდა.
მე-2 ტაიმი მასპინძლებისათვის თავიდანვე ცუდად დაიწყო. რუმინელმა რეფერიმ 43-ე წუთზე გასვიანი გაასინბინა და სტუმრებმა რიცხვობრივი მეტობა 47-ე წუთზე გამოიყენეს, როდესაც კომენესკუმ რუმინელთა პირველი ლელო გაიტანა. იონუცს გარდასახვა გაუცუდდა და თითქოს საგანგაშოც არაფერი ხდებოდა, მით უმეტეს, რომ სოხაძემ 49-ე წუთზე ჯარიმა გამოიყენა და სხვაობა 18 ქულამდე გაზარდა. მაგრამ ბოლო ოც წუთში “ლოკომოტივს” დაღლა დაეტყო და “ბუქარესტმა” მე-60 და 72-ე წუთებზე 2 ლელო გაიტანა, რასაც ზედ ზუსტი გარდასახვები დაერთო და სხვაობა სახიფათო ზღვარს, ოთხ ქულას მიუახლოვდა. რუმინელებმა მოინდომეს, მათ მატჩის მოსაგებად ერთი ლელოც ჰყოფნიდათ, მაგრამ “ლოკომოტივმა” გაძლო, 23:19 იმარჯვა და “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება მე-5 პოზიციაზე დაასრულა, “ბუქარესტი” კი შინ შერცხვენილი გაისტუმრა.
მე-3 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, უკრაინული “კრედო 63” თითქმის ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც “ლოკომოტივის” მეტოქე “ბუქარესტი”. ზემოთნახსენებმა ჩხუბმა ისინიც დააზარალა და სათადარიგოთა შორის მხოლოდ 6 მორაგბე ჰყავდათ. მაგრამ მათ მეორე რუმინული გუნდი “არადიც” არ დაინდეს, 17:12 დაამარცხეს და ქართული კლუბების შემდეგ, პრესტიჟული III ადგილი დაიკავეს. ქართველი გულშემატკივრები ოდესელებს გულშემატკივრობდნენ და ეს გასაკვირი სულაც არაა. ჯერ ერთი, უკრაინა სა¬ქარ¬თველოსთან უფრო “ახლოსაა” ვიდრე რუმინეთი და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მომენტი - “კრედოს” შემადგენლობაში ქართველები მრავლად არიან და მათი მწვრთნელიც ჩვენებურია.
შეხვედრის დებიუტშივე, შეჯახების შედეგად, ორივე გუნდს თითო-თითო მორაგბე დაუშავდა და ისინი შესაცვლელი გახდნენ. მერე უკრ¬აინელებმა იძალეს და მე-15 წუთზე ვასილაკის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც მონასტიროვმა ზუსტი რეალიზაცია დაურთო. ამ უკანასკნელმა 28-ე წუთზე ჯარიმა გააფუჭა, შესვენებამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე კი, ლელო უკვე “არადმა” გაიტანა (იოანი), შეცვლაზე შესულმა მარიანიმ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ფრედ დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში 2 ლელო გავიდა _ 43-ე წუთზე თავი მონასტიროვმა გამოიჩინა და რეალიზაცია თავადვე შეასრულა. “არადმა” თავისი წილი ლელო 52-ე წუთზე მიითვალა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტად დაარტყა.
სამ წუთში ოდესელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რეფერიმ ქობილაშვილი გაასინბინა. ამით რუმინელებმა ვერ იხეირეს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეძლეს, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლეს. 66-ე წუთზე მონასტიროვმა ჯარიმით ოდესელები კიდევ უფრო დააწინაურა. უპირატესობაც უკრაინელთა მხარეს გადავიდა, მით უმეტეს, რომ 74-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლულნი რუმინელები დარჩნენ. შეხვედრის ბოლომდე ანგარიშის შეცვლის შანსი უკრაინელებს ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ჯერ 40, ხოლო შემდეგ 45 მეტრიდან მათ მიერ დარტყმული ჯარიმები მიზანს ასცდა და “კრედო 63”-მა “არადის” 17:12 დამარცხებით, მე-3 საპატიო ადგილი დაიკავა.
“შავი ზღვის თასი”. 4 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 1000 მაყურებელი
V ადგილისთვის
"ლოკომოტივი" (თბილისი) - "ბუქარესტი" (რუმინეთი) 23:19 (20:0)
ლოკომოტივი: 15. გ. კობერიძე, 14. შიოშვილი, 13. ქავთარაძე, 12. ბერძენიშვილი (ხუციშვილი 57), 11. ჟამუტაშვილი, 10. სოხაძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. გენებაშვილი, 3. ვეფხვაძე, 4. ჩიტიძე, 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე (ზამბახიძე 75), 7. ნადირაძე, 8. ბერიშვილი (ელოშვილი 43).
2 ლელო: ჩიტიძე, სოხაძე
2 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე
სინბინი: გასვიანი
მწვრთნელი: ჩავლეიშვილი
ბუქარესტი: 15. ფლორეა იონუცი, 14. კომენესკუ, 13. ბადეა, 12. ბუდილეანუ, 11. მინკუ, 10, სურუჯუ, 9. ზაინეა; 1. დუმიტრუ (შუცეუ 51), 2. იონესკუ, 3. იაკობი, 4. ზაპანი, 5. მიტროი, 6. გროზავი, 7. ბელდეანი, 8. ვილკუ (პლოპეანუ 41).
3 ლელო: კომენესკუ, ბელდეანი, ბადეა
2 გარდასახვა: მინკუ
მწვრთნელი: ნეაგა
რეფერი: ფრესინეანუ
ასისტენტები: ჩერგოლეიშვილი, წულაია
III ადგილისთვის
"კრედო 63" (უკრაინა) - "არადი" (რუმინეთი) 17:12 (7:7)
კრედო 63: 15. ჟულავსკი, 14. ტაკუნოვი, 13. გეგიძე, 12. დ. მასიუკოვი (ქობილაშვილი 4), 11. ჩიშკო (სტასენკო 80), 10. მონასტიროვი, 9. დელიერგიევი; 1. პ. მასიუკოვი (ღამბაშიძე 41), 2. ვასილაკი, 3. ვერტილეცკი, 4. მილოვი, 5. კულაკოვსკი, 6. ფედეშინი, 7. ნოვოკრეშჩენოვი (დიდინჩუკუ 61), 8. დ. კირსანოვი (პოლიანსკი 24).
2 ლელო: ვასილაკი, მონასტიროვი
2 გარდასახვა: მონასტიროვი
ჯარიმა: მონასტიროვი
სინბინი: ქობილაშვილი
მწვრთნელი: ლეჟავა
არადი: 15. ფერკუ, 14. ფლორეა იოანი, 13. იფტოდე (სტრუნა 54), 12. სტოიკიცა, 11. ბელცატუ (გობჟილა 77), 10. კონაკე (მარიანი 4), 9. ფ. ბალანი; 1. ცერუსი, 2. ბეკა, 3. ბიტია, 4. გრინდეი (მაქსიმი 25), 5. მორარუ, 6. ბურჩა, 7. პურიჩე (კატარჯუ 67), 8. სელევესტრუ.
2 ლელო: ფლორეა იოანი, ფ. ბალანი
1 გარდასახვა: მარიანი
სინბინი: კატარჯუ
მწვრთნელი: შერბანი
5 სექტემბერი.
ფინალი
ლელო (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) (18:00 საათი Live)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია