ავსტრალიელმა ფულბეკმა კერტლი ბილმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჯარიმა 55,6 მეტრიდან ძელებსშუა გააძვრინა და “კენგურუებს” 41:39 გაამარჯვებინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2010 წლის “სამი ერის” გათამაშებას ავსტრალია მე-2 საფეხურზე დაასრულებს, წინა წლის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკას კი, ამჯერად ნაბოლარას სტატუსი მიენიჭა.
მართალია ტურნირის დასრულებამდე კიდევ ერთი რაუნდი დარჩა, მაგრამ ახალმა ზელანდიამ ხუთიდან ხუთი გამარჯვებით პირველობა ვადაზე ადრე დაიბევა და ახლა მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი, შეაჩერებს თუ არა ავსტრალია “ოლ ბლექსის” ძლევამოსილ სვლას. შერცხვენილმა “სპრინბოკმა”, ექვსიდან ხუთი შეხვედრა დათმო, რამაც მათი მწვრთნელის, პიტერ დე ვილერის წინააღმდეგ აგორებული კამპანია კიდევ უფრო გაამძაფრა და სავარაუდოდ, ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ ჰიგველდის რეგიონში ბოლო გამარჯვება მოიპოვა. უფრო მეტიც, “კენგურუებს” ბლუმფონტეინში 1933 წლის შემდეგ არ ემარჯვათ და ახლაც, ამ ტრადიციის შენარჩუნების ზღვარზე იდგნენ. მაგრამ ბილს ნერვებმა არ უმტყუნა, არც ფეხი აუკანკალდა, 38 ათასი აფრიკელის გამაყრუებელ სტვენას ყური არ ათხოვა და ჩათვლის მოედნის ხაზიდან დაახლოებით 50 მეტრიდან, თანაც მახვილი კუთხიდან, გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტრიბუნებთან ერთად აფრიკელი მორაგბეებიც გაოცებული დატოვა.
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონმა წელს ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი დაკარგა - “სამი ერის”, “თავისუფლების” და “მანდელას” თასები ერთმანეთის მიყოლებით გაანიავა. მომავალ წელს მსოფლიოს თასის ჯერი დგება და თუ “ქურციკებმა” სასწრაფოდ რაიმე არ იღონეს, ისიც წინამორბედი თასების გზას გაუყვება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სამხრეთ აფრიკამ გულშემატკივრების და რაგბის სამყაროს პატივისცემა დაკარგა. ეს დიდწილად დე ვილერსის დამსახურებაა, რომელიც მარცხის მიზეზებს მუდამ გარეშე მოვლენებში ეძებდა და საკუთარ გუნდს რაღაც დააკლო, ის რაღაც, რაც შესაძლოა მას პოსტის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
თავად თამაში უაღრესად დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. ჯერ იყო და თითქოს ავსტრალიელებს გამარჯვება “ჯიბეში ჰქონდათ”, მაგრამ აფრიკამ წარმოუდგენელი შეხვედრა შემოატრიალა და თავად დაწინაურდა, მაგრამ მათი გარჯა ერთი კაცის მარდმა ფეხმა წყალში გადაყარა.
როგორც ჩანს, წინა შეხვედრისგან აფრიკელებმა სათანადო გაკვეთილი ვერ მიიღეს და საწყის 25 წუთში, ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის მსგავსად ოთხი ლელო მიიღეს, რითაც ავსტრალიამ ერთი პრემიალური ქულა თავიდანვე მიითვალა, მაგრამ ამჯერად გამარჯვების მეტი იმედიც გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ კენგურუებმა მეტოქისგან განსხვავებით სწორი გაკვეთილი მიიღეს, დაცვაში უკეთ ითამაშეს და ამ პერიოდისთვის მხოლოდ ორი ჯარიმა გაუშვეს. ავსტრალიელებმა გატანილ ოთხ ლელოს ზედ ოთხი გარდასახვა დაურთეს, მანამდე ერთხელ ჯარიმითაც იხეირეს და 25-ე წუთზე 31:6 იგებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ლელო მატჩის მომავალმა გმირმა კერტლი ბილმა მიითვალა. ანგარიში მე-2 წუთზე მეტ ჟიტომ ჯარიმიდან გახსნა, რაზეც ოთხ წუთში მორნი სტეინმაც ჯარიმითვე უპასუხა. მე-8 წუთზე, ავსტრალიამ ცენტრის სიახლოვეს, საკუთარი ნახევრიდან ხელით შეუტია, ბურთი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა კიდემდე სწრაფად ჩათამაშდა, მასპინძლებმა ხაზის გადაწყობა ვერ მოასწრეს და ჯეიმს ოკონორის პასის შემდეგ, ბილმა ლელო მიითვალა, ჟიტომ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-14 წუთზე წუთზე აფრიკელებმა თავიანთი ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7-8 მეტრში, საკუთარი აუტი უხეიროდ მოაწოდეს, ბურთი ავსტრალიელებმა სწრაფად აიტაცეს, მარცხნიდან მარჯვნივ ისევ სწრაფად ჩაათამაშეს, ჟიტომ ადამ ეშლი-კუპერს უპასა, მან ოკონორი მონახა, ამ უკანასკნელმა დროული პაუზით და მოძრაობის მიმართულების შეცვლით ორი მოწინააღმდეგე გააცურა და ლელო გაიტანა, ჟიტოს გარდასახვა ისევ ზუსტი იყო - 17:3.
სტეინმა მე-18 წუთზე ახლო ჯარიმით ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა, სამ წუთში კი ავსტრალიამ მორიგი ლელო გაიტანა. “სპრინბოკის” ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, ავსტრალიამ მოლი ვერ დააყენა, მაგრამ ბურთი სტეფან მურს მიაწოდეს, სიჩქარეაკრეფილი პირველხაზელის შეჩერება ჰაბანამ სცადა, მაგრამ აბა თავისზე დაახლოებით 25 კილოგარმით მეტ მოწინააღმდეგესთან რას გახდებოდა და ვიდეორეფერიმ ლელო დააფიქსირა, ჟიტომ კი ამჯერადაც შეუცდომლად დაარტყა. სანამ აფრიკელები გონს მოეგებოდნენ, ავსტრალიამ თავისი მე-4 ლელო გაიტანა. ოკონორი ცენტრის სიახლოვიდან დაიძრა, სისწრაფეში მასპინძელთა დაცვის ხაზი გაჭრა და როკი ელსოლმს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა და მეტოქის ფეხებში ვარდნის მიუხედავად, თითქმის ძელებშუა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში შეცურდა, ჟიტოს კი მორიგი რეალიზაციის გამოყენება არ გაჭირვებია. 31:6 25-ე წუთზე, ეს ფანტასტიკური შედეგია.
პირველი ტაიმის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ვიქტორ მეტფილდმა რაქიდან ბურთი აიტაცა და თავისუფალ ზონაში გაიქცა, ბოლო მცველს მან ბურთი თავზე გადაავლო და ის ჰაერში ისე დაიჭირა, რომ სვლა არ შეუნელებია. ავსტრალიელებმა მისი შებოჭვა კი მოახერხეს, მაგრამ მეტფილდს ჟაკ ფური კარგად მიჰყვა, თითქმის წაქცეული თანაგუნდელისგან გადაცემა მიიღო და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, სტეინმა რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 31:13 დასრულდა. მეორე ნახევარი აფრიკელთა მიძალებით დაიწყო და ამან 45-ე წუთზე შედეგი გამოიღო. მასპინძელთა რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 6 მეტრში ბურთი სტეენკამპმა მიიღო, მოწინააღმდეგეებზე ჯიქურ წავიდა და სამი ავსტრალიელის მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მას შემდეგ დაეცა, როცა მათ ჩათვლის მოედანში შევიდა. სტეინმა რეალიზაცია გამოიყენა, 50-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა 8 ქულამდე შემცირდა - 23:31.
აფრიკამ ძალისმიერი თამაში განაგრძო, მეტოქის 5-მეტრა შერკინებიდან გამოტანილი ბურთი ჟან დე ვილერსმა მიიღო, მაღალ სისწრაფეში დაახლოებით 12 მეტრი ისე დაფარა, რომ ხელი ვერავინ შეავლო, ბოლო 3-4 მეტრი ჭიდაობით დაძლია და ბურთი ჩათვლის ხაზს იქით, ძელებსშუა გადადო, სტეინმა კი რეალიზაციით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 61-ე წუთზე აფრიკა წინ გავიდა, როდესაც ავსტრალია ცენტრთან ახლოს ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და სტეინმა შორეული დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამან ტრიბუნების დიდი ოვაცია გამოიწვია, 70-ე წუთზე კი, ის უფრო თამამი გახდა. საია ფინგამ მეტოქე მინდორზე თავით დაარჭო, თავად სინბინი დაიმსახურა (მოგვიანებით ორკვირიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს), სტეინმა კი მეორე შორეული ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში 36:31 გახდა აფრიკელთა სასარგებლოდ.
ვინ იფიქრებდა კაცნაკლული ავსტრალია ამდენს რომ გაბედავდა, მით უმეტეს, რომ მათ დიდი უპირატესობა გაანიავეს და გარკვეულწილად, მორალურადაც გატეხილნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს “სამი ერია”, სადაც ყველაფერი ხდება და სადაც ყველა ბოლომდე იბრძვის. სტუმრების რიგებში ორი ცვლილება მოხდა, ავსტრალიამ შეუტია, რაქიდან გამოტანილი ბურთი ბერიკ ბარნსმა მიიღო, ცრუმოძრაობით მცველები გაიტყუა და დრიუ მიჩელს უპასა, რომელმაც სისწრაფეში ხაზი გაჭრა, 15 მეტრი ირბინა და ძელებსშუა შეფრინდა. ანგარიში გათანაბრდა, რამდენიმე წამში კი, ჯეიმს ოკონორმა რეალიზაციით ავსტრალია დააწინაურა 38:36. “სპრინბოკმა” უპირატესობა 77-ე წუთზე დაიბრუნა, სტეინმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, ბოლო წამებზე კი ავსტრალია მიეძალა, აფრიკა თითქოსდა მისთვის უპრობლემო მანძილზე დაჯარიმდა, მაგრამ ბილმა დაარტყა და...
ამრიგად, სამხრეთ აფრიკამ ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 6 მოიგო, ხოლო მათი დაცვა, რომელიც მუდამ გამორჩეული იყო, ბოლო პერიოდში უსუსტეს თამაშს აჩვენებს. მიუხედავად ამისა, დე ვილერსი ამბობს, რომ მსოფლიოს თასისათვის ახალ გუნდს ამზადებს და ამ გზით საკუთარი პოსტის შენარჩუნებას და კრიტიკისგან თავის დაღწევას ცდილობს. 2010 წლის “სამ ერზე” კი ერთი თამაშიღა დარჩა გასამართი. 11 სექტემბერს ავსტრალია ახალ ზელანდიას სიდნეიში კარგ ხასიათზე დაუხვდება და ეცდება, რომ “ოლ ბლექსის” წარმატებული სვლა შეაჩეროს, თუმცა ამ მატჩის შედეგი სატურნირო ცხრილზე უკვე ვერანაირ გავლენას ვეღარ იქონიებს.
2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი
ახალი ზელანდია -
სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია -
სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია -
სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია -
ახალი ზელანდია 28:49
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია -
ავსტრალია 20:10
21 აგვისტო. იოჰანესბურგი
სამხრეთ აფრიკა -
ახალი ზელანდია 22:29
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა -
ავსტრალია 44:31
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა -
ავსტრალია 39:41
1. | ახ. ზელანდია | 5 | 5 | 0 | 0 | 161-89 | 23 |
2. | ავსტრალია | 5 | 2 | 0 | 3 | 140-165 | 10 |
3. | სამხ. აფრიკა | 6 | 1 | 0 | 5 | 147-194 | 7 |
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, შვიდი და ნაკლები ქულით მარცხი, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია