“შავი ზღვის თასის” ისტორია შექმნილია და მისი პირველი მფლობელი შავი ზღვის სანაპირო ქალაქის გუნდი, “ბათუმი XV”-ია, რომელიც მართალია სხვა ქართული კლუბების მოთამაშეებით იყო გაძლიერებული (უფრო სწორედ, დიდწილად დაკომპლექტებული), მაგრამ სწორედ ზღვისპირელთა სახელი დაფიქსირდა ისტორიაში და იმედია, ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.
თამაში ისეთი იყო, როგორიც ფინალს შეეფერება. დაძაბულობა, ბრძოლა ნებისმიერ ეპიზოდში, მოვლენათა, უფრო სწორედ მატჩის მსვლელობის ხშირი ცვლა და პრინციპში, გაიმარჯვა სწორედ იმ გუნდმა, რომელიც ამას მეტად იმსახურებდა. მართალია, საქმე დამატებით დრომდე მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბათუმელებმა ის ჯარიმა გაიტანეს, რომელიც საკუთარი შრომით და თავდადებით გამოიმუშავეს. ამასთან, ქულები კი წინდაწინ დასახული ნიხრით იწერება, მაგრამ რაგბი მაინც უფრო ლელოების თამაშია, ანუ ხიბლი მათ გატანას უფრო მეტი აქვს და “ბათუმი XV”-მა მეტოქეს ამ კომპონენტში პირწმინდად აჯობა - თავად ორი ლელო გაიტანა, ხოლო “ლელომ”, სახელის მიუხედავად, ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვა. და ერთიც, ბათუმელები არცერთი წამით არ გატეხილან, არადა, დაახლოებით 30 წუთი მოედანზე კაცნაკლულებმა გაატარეს და სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, იყო პერიოდი, როდესაც მოედანზე 15-ის წინააღმდეგ 13 კაცის ამარა იბრძოდნენ.
შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და მართალია, პირველ ჯერზე, სალელოვე შანსი შეცდომის გამო გაანიავეს, მაგრამ მე-4 წუთზე “არმაზიდან” “ნათხოვარმა” პირველხაზელმა სოსელიამ, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია. მისმა თანაგუნდელმა კიკნაძემ რეალიზაცია გამოიყენა. საწყისი წუთების შემდეგ, სათამაშო უპირატესობა თბილისელებმა იგდეს ხელთ, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ფეხით გადაკიდეს, მაგრამ მათი მორაგბე მეტოქეს დაეჯახა, ბათუმელი უფრო მალე გაერკვა სიტუაციაში და ბურთი თავის 22-ში დაამიწა. მალე ზღვისპირელები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ და ყიასაშვილმა ჯარიმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან კარში დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
მალე სალელოვე შეტევა ზვიად მაისურაძემ წამოიწყო, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი წინ დაუვარდა. “ბათუმი XV” თავს კარგად იცავდა და თავად სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა. შკინინს ერთი ასეთი გარღვევა ჩაუფლავდა, მაგრამ ბაირამაშვილმა ფეხით ბურთის ატანის მცდელობისას შეცდომა დაუშვა, ბათუმელებმა შერკინებით შეუტიეს, თბილისელებს დაჯარიმება აიძულეს და კიკნაძემ გასატანი ჯარიმა გამოიყენა. 25-ე წუთზე ყიასაშვილმა გასატანი ჯარიმით 7-ქულიანი სტატუს-კვო აღადგინა, მაგრამ ორ წუთში კიკნაძემ ჯარიმითვე ზღვისპირელებს წინანდელი უპირატესობა დაუბრუნა. ორ წუთში ჩხიკვაძემ კარგად გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი, ის წესის დარღვევით შეაჩერეს და 10 მეტრიდან ყიასაშვილმა ანგარიში 6:13 გახადა. 34-ე წუთზე “ლელომ” შეტევაში დაკარგა ბურთი, “ბათუმმა” კონტრშეტევა წამოიწყო, რევიშვილმა შკინინი მოძებნა, მაგრამ მოედნის ცენტრთან ახლოს, მან ბურთი ფეხით წინ ვერ გაიგდო, მერე კი “ლელომ” იმძლავრა. მალე ხონელიძე დაჯარიმდა, თანაც ისე, რომ პორტუგალიელმა მსაჯმა ყვითელი მისცა, ყიასაშვილმა კი გასატანი ჯარიმა გაიტანა. კაცნაკლულმა ბათუმელებმა სახიფათოდ კი შეუტიეს, მაგრამ ქულა ვერ აიღეს, მერე თბილისელთა მიძალება კვლავ ჯარიმით შეაჩერეს, ყიასაშვილი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა ტაიმი “ბათუმი XV”-მა მინიმალური სხვაობით მოიგო - 13:12.
მეორე ნახევარი “ლელოს” შეტევებით დაიწყო. ყიასაშვილმა 44-ე წუთზე ჯარიმა ვერ გამოიყენა, 48-ე წუთზე კი, როდესაც ბათუმელები შკინინის სინბინის გამო მეორედ დარჩნენ მოედანზე კაცნაკლულნი, მან ზუსტად შეასრულა ჯარიმა და თბილისელები წინ გაიჭრნენ. შკინინის დაბრუნებას წამები აკლდა, როდესაც რეფერიმ ხოსიტაშვილი გაასინბინა და ყიასაშვილმა ანგარიში 18:13 გახადა. მომდევნო ათ წუთში კაცმეტმა “ლელომ” ქულა ვერ მოიპოვა, პირიქით, ლელოს გატანის შანსი ზღვისპირელებს უფრო ჰქონდათ, თუმცა ცოტა დააკლდათ. შეივსო “ბათუმი XV”-ის შემადგენლობა და მათი იერიშები უფრო მწვავე გახდა, 75-ე წუთზე კი, “ლელო” კარლენ ასეშვილის სინბინის გამო, თავად აღმოჩნდა კაცნაკლული. ამით ბათუმელებმა ისარგებლეს და ამ ეპიზოდამდე სამიოდე წუთის წინ დაწყებული შტურმი, კიდევ სამ წუთში თხილაიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. კიკნაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა და მატჩმა დამატებითი დროისკენ დაიწყო სვლა. მსაჯის სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, ყიასაშვილმა შორიდან სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, არადა, კარის გასწვრივიდან ურტყამდა. დარჩენილ ერთ წუთში, კაჭარავას ფეხით ბურთის გადაკიდებისას დაუფარეს, ახლა “ბათუმი XV” მიეძალა და “ლელო” დაჯარიმდა. კიკნაძე კარის გასწვრივ დაახლოებით 40 მეტრიდან ურტყამდა, მან ნერვები მოთოკა, მიზანი გაასწორა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და “ბათუმი XV”-ს 21:18 გაამარჯვებინა.
მაშ ასე, “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება შედგა და ახალი ტურნირის ახალი თასი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძისგან ბათუმელებმა ჩაიბერეს. იმედია, ოცნება ახდება, ეს ტურნირი ტრადიციული გახდება და მასში ევროპის სხვა უფრო ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლები ითამაშებენ, მერე კი, ქართული კლუბები უფრო ფართო ასპარეზზე გავლენ და მათ უფრო მეტი ფასის მქონე თასები ერგებათ.
თბილისი. “შავი ზღვის თასი”. ფინალი
5 სექტემბერი. “მიხეილ მესხი”. 1200 მაყურებელი
ლელო (თბილისი) -
ბათუმი XV (ბათუმი) 18:21 (12:13)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. ჩხიკვაძე, 12. მანჯავიძე, 11. გუგავა, 10. ბაირამაშვილი, 9. გ. კაჭარავა; 1. სანიკიძე (ასეიშვილი 43), 2. ჭყონია (მამუკაშვილი 79), 3. სუჯაშვილი, 4. დ. დაუშვილი, 5. აზალაძე, 6. ი. მაისურაძე (მძინარიშვილი 52), 7. კოლელიშვილი (ლომიძე 79), 8. ზ. მაისურაძე.
6 ჯარიმა: ყიასაშვილი
სინბინი: ასეიშვილი
მწვრთნელი: მაისაშვილი
ბათუმი XV: 15. ხამაშურიძე, 14. გეგენავა (ნიჟარაძე 47), 13. აშვეთია, 12. ხონელიძე, 11. შკინინი, 10. კიკნაძე, 9. როხვაძე (ბეგაძე 64); 1. გურეშიძე (გოგიშვილი 69), 2. სოსელია (ბრეგვაძე 49), 3. მოქია (ხოსიტაშვილი 49), 4. არჩუაშვილი, 5. ბერიძე, 6. თხილაიშვილი, 7. რევიშვილი, 8. გუგუშვილი.
2 ლელო: სოსელია, თხილაიშვილი
1 გარდასახვა: კიკნაძე
3 ჯარიმა: კიკნაძე
3 სინბინი: ხონელიძე, შკინინი, ხოსიტაშვილი
მწვრთნელი: მგელაძე
რეფერი: მურინია ჟოაუ (პორტუგალია)
ასისტენტები: ამირხანაშვილი, ფრესინეანუ (რუმინეთი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია