ამბები

14:44 | 6.09.2010 | ნანახია 2153 - ჯერ

ზირაქაშვილმა ლელოების ანგარიში ქართულ დერბიში გახსნა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის V ტურში, ყველაზე ქართული გუნდი “მონპელიე”, ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, სტუმრად დავით ზირაქაშვილის “კლერმონთან” დამარცხდა. კლერმონელთა ამ წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა შეიტანა, რომელმაც მასპინძელთა პირველი ლელო გაიტანა.
“კლერმონმა” “მონპელიესთან” ამ სეზონის წინა შეხვედრებზე უფრო ორგანიზებულად ითამაშა, დაცვაში თითქმის უშეცდომოდ იდგა და საწყისი ტურების სენსაციის ავტორი ამის ხარჯზე მოინელა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მათ ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მაგრამ “კლერმონმა”, ძლიერი მორკინალების ხარჯზე, ინიციატივა მალე დაიბრუნა, მოკლე დარტყმებით შეუტია, მერე ბურთი ზირაქაშვილმა აიტაცა, 5 მეტრი წაიწია და მე-15 წუთზე თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა, რითაც მასპინძლები დააწინაურა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი ანგარიში 7:3 გახდა. მთლიანობაში, ორივე გუნდი ხელით თამაშს ცდილობდა, ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს იშვიათად იყენებდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 15 593-მა მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.
გაშვებულ ლელოს “მონპელიემ” სამ წუთში უპასუხა და სამქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. მასპინძლებმა ანგარიში 22-ე წუთზე ჯარიმით გაათანაბრეს და შეტევები განაგრძეს. თავდაპირველად, სტუმრები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ 38-ე წუთზე, არასწორი ბოჭვისათვის, ისინი 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე და ბრუკ   ჯეიმსმა ჯარიმით მასპინძლები დააწინაურა. “მონპელიემ” თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადა, მაგრამ ბურთი დაკარგა, “კლერმონმა” თავისი ნახევრიდან შეუტია, რასაც ტაიმის მიწურულს მათი მეორე ლელო მოყვა, ზუსტმა რეალიზაციამ კი ტაბლოზე 20:10 დააფიქსირა.
მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებით დაიწყო, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქეს თავისუფალი ზონები არ დაუტოვეს და თავი კარგად დაიცვეს. მერე “კლერმონმა” შეუტია, ახლა “მონპელიე” იცავდა კარგად თავს, მაგრამ მასპინძელთა წინა ხაზმა თავისი საქმე კარგად შეასრულა, მეტოქის დაცვის ზღუდე 40 წუთის შემდეგ გატეხა და მე-80 წუთზე “კლერმონმა” ლელოთი და რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:10. ლელოს ავტორი ზირაქაშვილი “კლერმონელთა” ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, “მონპელიეს” ოთხი ქართველიდან კი, შეხვედრაში მონაწილეობა სამმა მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე, ამჯერად განაცხადში არ იყო, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე და პირველხაზელები გოდერძი შველიძე და გიორგი ჟღენტი კი, სტუმართა რიგებში მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდნენ. შველიძე მწვრთნელმა 37-ე წუთზე შეცვალა, ჟღენტი შესვენების შემდეგ, ჩხაიძემ კი მოედანზე 80 წუთი გაატარა.
“კლერმონი”, 5 თამაშის შემდეგ, 14 ქულით, სატურნირი ცხრილში ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა, ამდენივე შეხვედრის შემდეგ 13 ქულის მქონე “მონპელიე” კი მე-5 პოზიციას იკავებს.
საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის V ტურში, კიდევ ერთი ქართული დერბი იყო მოსალოდნელი, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდების პირველხაზელებს, ერთმანეთის პირისპირ დგომა არ მოუწიათ. დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” 27:9 დაამარცხა და 11 ქულით მე-8 ადგილამდე აღზევდა, 10-ქულიანი “ტულონი” კი მე-9 საფეხურამდე დაეშვა. ხინჩაგიშვილი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, ძირითადში მოთამაშე ქუბრიაშვილი კი, მწვრთნელმა სწორედ ამ მომენტში შეცვალა.
სტუმრები მძიმე სიტუაციაში მატჩის დებიუტშივე აღმოჩნდნენ, როდესაც რეფერიმ მე-4 წუთზე მათ უკანახაზელს უხეში ბოჭვისათვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს ტაიმი 6:6 დასრულდა. “ტულონი” მეორე ტაიმში გატყდა. მათ უილკინსონის ჯარიმით მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატეს, მასპინძლებმა კი მანამდე ერთი, ხოლო მას შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ყველა რეალიზაცია გამოიყენეს. შედეგად, “ბრივმა” სამი გატანილი და არცერთი გაშვებული ლელოს გამო, პრემიელური ქულაც მიიღო.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” “მეტრო რასინგი” 31:25 დაამარცხა და 5 თამაშიდან სამი მოგებით და 14 ქულით, მე-4 ადგილი უკავია. ქართველ პირველხაზელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ახალგაზრდა პირველხაზელის, ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, გასული გათამაშების ფინალისტს, ექსჩემპიონ “პერპინიანს” საოცარი თამაში შემოუტრიალა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველს ამ გმირობაში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 0:20 დათმეს (1 ლელო, 1 არეკნი და 4 ჯარიმა), მეორე ნახევარში კი, მოედანზე სულ სხვა “აჟენი” გავიდა. 10 წუთში მათ ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაციები ვერ გამოიყენეს, მომდევნო 10 წუთში კი მასპინძლებმა ჯერ ჯარიმიდან იხეირეს, მერე კი მესამე ლელოც მიითვალეს და ზუსტი გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. “აჟენი” 65-ე წუთზე არეკნით დაწინაურდა, მაგრამ ხუთ წუთში ჯარიმა გაუშვა და მატჩი 23:23 დასრულდა. შეყლაშვილის გუნდს თითო-თითო მოგება და ფრე დაუგროვდა, სამი წაგება აქვს და 7 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.
ქართული ფესვების და საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილმა, თითო-თითო არეკნი და რეალიზაცია გაიტანა, ზედ სამი ჯარიმა მიაყოლა და “ბიარიცს” “სტად ფრანსეს” 19:11 ძლევაში დაეხმარა. “ბიარიცი” 10 ქულით მეთერთმეტეა. ამ ტურის დანარჩენ შეხვედრებში, “ტულუზამ” “ლა როშელი” 50:3 გაანადგურა, “ბურგონი” კი საკუთარ მოედანზე “ბაიონთან” 23:28 დამარცხდა. მომდევნო ტურის შეხვედრები 10-11 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082689