საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო მოლაპარაკება ბრიტანელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან, რათა ახალდაარსებულ “შავი ზღვის თასის” გათამაშებაში, სამომავლოდ, ამ ქვეყნების კლუბებმაც მიიღონ მონაწილეობა.
რაღა თქმა უნდა, საუბარი არაა ევროპული რაბის ელიტარულ კლუბებზე, მაგრამ გეოგრაფიისა და ხარისხის გაზრდა, ტურნირის მნიშვნელობას ერთიორად აამაღლებს და ქართულ კლუბებს დაოსტატებაში დაეხმარება. პარალელურად, სრკ რაგბის საერთაშორისო საბჭოსთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა “შავი ზღვის თასი” “ჩელენჯ ქაფ”-ის ერთგვარ შესარჩევ ციკლად იქცეს და თუ ეს მოხერხდა, ამ ტურნირის მნიშვნელობა გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ “შავი ზღვის თასის” პირველ გათამაშებაში ორ რუმინულ და ერთ უკრაინულ გუნდთან ერთად, სამმა ქართულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თასის მფლობელი “ბათუმი XV” გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის “ლელო” დაამარცხა. უკრაინის “კრედო 63”-მა მე-3 ადგილისთვის რუმინული არადი კი დაამარცხა, მაგრამ დისკვალიფიცირებული მორაგბე ათამაშა და ამის გამო წაგება ჩაეთვალა. მე-5 ადგილი თბილისის “ლოკომოტივს” ერგო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში “ბუქარესტს” აჯობა. გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი “ლელოელი” ირაკლი ყიასაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ “არადის” მეთხუთმეტე ნომერი ფერკუ დაასახელეს.
რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ტურნირის ორგანიზატორები და გამარჯვებული გუნდის დამრიგებელი ლევან მგელაძე, ჟურნალისტებს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ და განვლილ ტურნირზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
გიორგი ჭუმბურიძე (საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი): “საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია ცდილობს რეგიონალური ტურნირის დაარსებას. წლეულს გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ და იმედია, ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ჩვენი კლუბების მოთამაშეებისთვის, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თამაში აუცილებელია, რათა დავინახოთ რა დონეზე ვიმყოფებით. ვფიქრობდით, რუმინეთის კლუბებს ბევრად ჩამოვრჩებოდით, მაგრამ დავინახეთ, რომ საქმე არც ისე ცუდად გვქონია. აქამდე ითვლებოდა, რომ რუმინელები ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ, მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა საქმე და მათ მარცხი მტკივნეულად გადაიტანეს. “არადში” რუმინეთის ნაკრების ოთხი წევრი თამაშობდა, მაგრამ ქართველებმა აჯობეს. ვაპირებთ, რომ მომავალში ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი გავხადოთ და მოლაპარაკებას ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის კლუბებთან ვაწარმოებთ. აუცილებელია, ტურნირში რუმინულ კლუბებთან ერთად რუსეთის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. წელს მათ “შავი ზღვის თასზე” მონაწილეობის დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ გამომგზავრების უფლება საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ მისცათ. არადა ვვა-ს შემადგენლობაში 80 პროცენტი რუსეთის ნაკრების მორაგბეები თამაშობენ. იმედია, მომავალში რუმინელებიც უძლიერეს გუნდს გამოუშვებენ. გვსურს, რომ სამომავლოდ ეს ტურნირი “ჩელენჯ ქაფ”-ის შესარჩევ გათამაშებად იქცეს”.
ჭუმბურიძემ ისიც გვამცნო, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ნოემბრის ტესტების დროს ტონგას ეროვნულ ნაკრებთან თამაში შემოგვთავაზა. 20 და 27 ნოემბერს, თბილისს კანადისა და აშშ-ს ნაკრებები ეწვევიან, ტონგელებს კი 13 ნოემბერს სურთ თამაში. ქართველებმა პასუხი მალევე უნდა გაგზავნონ, მაგრამ აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა ფრანგული კლუბები ქართველი ლეგიონერების ასე დიდი ხნით გამოშვებას.
ლაშა ხურციძე (“შავი ზღვის თასის” გათამაშების დირექტორი): “ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ ჩვენი კლუბების დონე არც ისე დაბალი ყოფილა და ახლა ფრანგულ და ბრიტანულ კლუბებთან გვსურს ძალის მისინჯვა. მომავალ წელს, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, უფრო წინ ვიქნებით, “შევარდენისა” და “სინათლის” კომპლექსების მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება და ტურნირის ორგანიზება გაგვიადვილდება. ვფიქრობთ, გათამაშებაში 2 ქართული, 2 რუსული, თითო-თითო უკრაინული და რუმინული კლუბი ჩავრთოთ და მათ ბრიტანული და ფრანგული გუნდები დავუმატოთ. რადგან მომავალ წელს მსოფლიო თასია, ამ ტურნირს სავარაუდოდ 1 აგვისტოდან 16 აგვისტომდე გავმართავთ. საგულისხმოა, რომ ამ ტურნირის შემდეგ, რუმინული კლუბები ქართველი მორაგბეებით დაინტერესდნენ და მათ კონტრაქტები შეთავაზეს. ისინი მზად არიან, ფრანგულ კლუბებზე ორჯერ მეტი გადაიხადონ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით უმჯობესია, ქართველი მორაგბეები საფრანგეთში გავუშვათ”.
ლევან მგელაძე: “ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, “ბათუმმა” და “ლოკომოტივმა” რამდენიმეჯერ მიიღო ევროტურნირებში მონაწილეობა, მაგრამ მერე ეს ტრადიცია შეწყდა. ყველა შეხვედრა დაძაბული გამოდგა. საქართველოს ჩემპიონატიდან, ამ მატჩებში 75-მა მორაგბემ ითამაშა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს მათზე დაკვირვების საშუალება ჰქონდათ. ყველაზე კარგად “ლელო” და “ბათუმი XV” იყო დაკომპლექტებული და ფინალშიც დამსახურებულად ვითამაშეთ, იქ კი, მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. ლამაზად თამაშს ვცდილობდით და ყველა გუნდთან სხვადასხვა ტაქტიკით ვითამაშეთ. რუმინელებს ყველა ლელო მრავალფაზიანი შეტევების შემდეგ გავუტანეთ. ბიჭები გაიზარდნენ და ეს ყველაზე დიდი მიღწევაა”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია