მიმდინარე წლის “სამი ერის” გათამაშების დასკვნით ტურს, მეტოქეები თითქოს უმოტივაციოდ ხვდებიან, რადგანაც მისი შედეგი სატურნირიო ცხრილის განლაგებაზე გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ გუნდებს, განსაკუთრებით კი “ოლ ბლექსს”, მომავალი ჯახისთვის დამატებითი მოტივაცია გამოუჩნდა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახალ ზელანდიას შანსი აქვს, ყოველკვირეული რეიტინგის სათავეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამაგრდეს. მოცემული მომენტისთვის, ისინი რეიტინგშიც და “სამ ერზეც” მეორე ადგილზე მყოფ ავსტრალიას 8,25 სარეიტინგო ქულით უსწრებენ და მას სიდნეიში ეთამაშებიან. 15 ქულაზე მეტი სხვაობით მოგების შემთხვევაში, “ოლ ბლექსი” მდევარს 9,67 სარეიტინგო ქულით მოიტოვებს უკან და 2007 წლის 25 ივნისის მაჩვენებელს (9,41 ქულა) გააუმჯობესებს.
ზელანდიელები რეიტინგს უფრო მცირე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაშიც გაიმჯობესებენ, სარეკორდო მაჩვენებლის მიღწევის შანსი კი 2010 წლის “ბლედისლოუს თასის” დასკვნით მატჩში ექნებათ, რომელიც ჰონკონგში მიმდინარე წლის ოქტომბრის მიწურულს კვლავ ავსტრალიის წინააღმდეგ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სიდნეიში გამარჯვება, ზელანდიისათვის ზედიზედ მე-15 მოგებული შეხვედრა იქნება. ამასთან, თუ ზელანდიამ ამჯერადაც იმარჯვა, ეს მისთვის ავსტრალიის ზედიზედ მეათედ დამარცხება იქნება და ის 1936-1947 წლების (ამ პერიოდში ზელანდიამ ავსტრალიას ზედიზედ 9 შეხვედრაში აჯობა) რეკორდს გააუმჯობესებს.
თავის მხრივ, ავსტრალიელები ეცდებიან, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, ზელანდიელებს “სამი ერის” ერთი წლის ყველა შეხვედრაში გამარჯვება არ დაანებონ. ამასთან, 2008 წლის სექტემბრიდან დღემდე, მათ “ოლ ბლექსთან” ზედიზედ ცხრა შეხვედრა დათმეს და ახლა ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევაც სურთ. ორი წლის წინ, ავსტრალიამ ზელანდია სწორედ სიდნეიში დაამარცხა (34:19), მათი ამ ქალაქში ბოლო დაპირისპირება კი, ერთი წლის წინ “ოლ ბლექსის” მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა - 18:19.
თუკი ავსტრალიელები ზელანდიას 15-ზე მეტი ქულით დაამარცხებენ, რეიტინგში მათთან ჩამორჩენას 3,67 ქულამდე დაიყვანენ, შედარებით მოკრძალებული ანგარიშით გამარჯვება კი, სხვაობას 5,21 ქულამდე დაიყვანს. ამასთან, ავსტრალია არ უნდა დამარცხდეს, რათა რეიტინგში მე-2 საფეხური შეინარჩუნოს და სამხრეთ აფრიკას გადასწრების საშუალება არ მისცეს.
გარდა სარეიტინგო ქულებისა, გუნდებს მოდუნების საშუალებას ეროვნული სიამაყეც არ მისცემს, ორგანიზატორები კი ლელოების კიდევ ერთი ფეირვერკის მოლოდინში არიან. 2010 წლის “სამი ერის” განვლილ შეხვედრებში, უკვე 48 ლელო გავიდა, რაც დიდი მაჩვენებელია და სიდნეიში ყველა გახსნილი თამაშის მოლოდინშია.
სიდნეიში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა შეხვედრა 11 სექტემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია