ამბები

10:51 | 11.09.2010 | ნანახია 2213 - ჯერ

ოთხხელისუფლიანობის მოლოდინში

საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრე ცენტრალური შეხვედრით განახლდება და მასში ჩემპიონობის ორი მაძიებელი, თბილისის “ვისოლი-ყოჩები” და ქუთაისის “აია” იბრძოლებენ. შესაძლოა, ისე მოხდეს, ამ და პარალელური მატჩების დასრულების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატს ერთბაშად ოთხი ლიდერი გაუჩნდეს. ამრიგად, ეს ჯახი ქართული რაგბის გულშემატკივარში უდიდესს ინტერესს იწვევს.
შიდა გათამაშებაში თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რვა საუკეთესო გუნდი მედლებისთვის და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას ანახლებენ. ოთხიდან სამი შეხვედრა თბილისში გაიმართება, ერთს კი, რუსთავი უმასპინძლებს და იქ, მომავალი სეზონისთვის ქვედა დივიზიონში დაქვეითების მთავარი პრეტენდენტი უნდა გამოიკვეთოს. ჩემპიონატის განახლებამდე, ქართულმა კლუბებმა, პაპანაქება სიცხეში, საქართველოს თასის წლევანდელი გათამაშება მოილიეს - გამარჯვებული თბილისის “ლელო” გახდა, მერე კი, 80 საუკეთესო მორაგბე სამ ქართულ კლუბში გადანაწილდა და “შავი ზღვის თასის” პირველ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იბურთავეს.
ზემოთ “აია” და “ვისოლი-ყოჩები” ვახსენეთ და ტურისწინა ამბებიც მათით დავიწყოთ. ქუთაისელებმა წლევანდელი ჩემპიონატი მძლავრად დაიწყეს და პირველსავე ტურში თბილისში “ვისოლი-ყოჩების” წაქცევით, საკუთარი ამბიცია თავიდანვე გამოამზეურეს. მაშინ, თბილისელებმა პირველ ნახევარში უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს, მეორე ნახევარში კი, ქუთათურებმა იმძლავრეს და 22:15 იმარჯვეს. მართალია, იმ შეხვედრაში “ვისოლი-ყოჩებმა” ორი ლელო გაიტანა, “აია”-მ კი ერთი, მაგრამ სტუმრებმა ჯარიმები კარში ურტყეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
მას შემდეგ, ქუთაისელებმა კიდევ ექვსი შეხვედრა გამართეს და ფეხი მხოლოდ “ლოკომოტივთან” დაუცდათ, დანარჩენ მატჩებში წარმატებას მიაღწიეს და წრის ბოლოს, 12 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში გამაგრდნენ. “ყოჩებმა” პირველ ტურში მარცხი გამარჯვებების სერიით შეცვალა, მაგრამ მერე, მოულოდნელად, ერთ-ერთ აუტსაიდერ რუსთავის “ხარებთან” დამარცხდა და ქუთაისელებს ორი ქულით ჩამორჩა. ახლა, თბილისელებს რევანშის შანსი ეძლევათ, თანაც გამარჯვება მათი ლიდერთან გათანაბრების ტოლფასი იქნება.
ქუთაისელთათვის ხელშემშლელი, თბილისელთათვის კი პირიქით - დამხმარე ფაქტორია, რომ მატჩი ქუთაისში, ან ვანში კი არა, თბილისში გაიმართება. წესით “აია” მასპინძელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გულშემატკივრების საქციელის გამო, მათ სამი საშინაო შეხვედრის ქუთაისიდან მინიმუმ 100 კილომეტრის დაშორებით ჩატარება დაევალათ და ამით, ყველაზე მეტად, შესაძლოა “ვისოლი-ყოჩებმა” იხეიროს. “აია”-სა და “ვისოლი-ყოჩების” დაპირისპირება თავდაპირველად დიდ დიღომში "ვისოლის" ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილება მოხდა და თამაში ვარკეთილის მეურნეობის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
კიდევ ერთი ლიდერი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “ლელო”, დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზაზე “არმაზს” მასპინძლობს. მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში, უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა “არმაზმა” ჩემპიონს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ არცთუ კარგად მობურთალმა “ლელომ”, მეტოქე კლასის ხარჯზე მაინც დაჯაბნა, ხუთი ლელო გაუტანა და ჯამში 34:12 იმარჯვა. დღეისათვის, “ლელოს”, ხუთი გამარჯვების წილ, ორი მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა, ამდენივე ქულა აქვთ მეორეადგილოსან “ვისოლი-ყოჩებს” და მეოთხეადგილოსან “ლოკომოტივს”. “არმაზს” წლეულს ცუდად არ უბურთავია, შვიდიდან 3 შეხვედრა მოიგო და 6 ქულით მე-5 საფეხურზეა. ამ გუნდის მთავარი მიზანი, უძლიერესთა შორის დარჩენაა, “ლელოს” კი, კვლავ ჩემპიონობა სურს და თავად უცილობლად გამარჯვება ჭირდება, რადგან პარალელურ შეხვედრაში თბილისელთა გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მათთან ერთად “აია”-საც გაუტოლდებიან.
 “აკადემია” “ლოკომოტივს” მასპინძლობს და ეს შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართება. ამ გუნდების შეხვედრა მუდამ დაძაბულობით გამოირჩევა და გამონაკლისი არც პირველი ტური გამოდგა. მაშინ “აკადემიამ” მეტოქისგან ლელო არ გაუშვა, თავად ერთი გაიტანა, ზედ რეალიზაცია და ერთიც ჯარიმა მიაყოლა, მაგრამ 4 ჯარიმა გაუშვა და 10:12 მაინც დამარცხდა. “ლოკომოტივს” ახლაც გამარჯვების იმედი აქვს, რაც მას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უკეთესი პოზიციის შექმნასა და ლიდერებთან ტოლსწორად დარჩენის საშუალებას მისცემს.
აქამდე ჩატარებული 7 შეხვედრიდან, “ლოკომოტივმა” ხუთი მოიგო, თანაც ერთხელ ლიდერი “აია” დაამარცხა და ამჟამად, 10 ქულით მე-4 ადგილზეა, მოგების შემთხვევაში კი, ლიდერთან გათანაბრების შანსი ეძლევა. “აკადემიამ” მხოლოდ 2 თამაში მოიგო, მაგრამ მარცხიან თამაშებშიც კი ბოლომდე იბრძოდა. ახლა მას, 4 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და ქულები ჰაერივით სჭირდება, რათა სეზონის ბოლოს, საქმე გადასარჩენად არ გაიხადოს.
რუსთავში, ტექნიკუმის სტადიონზე, ერთმანეთს ორი აუტსაიდერი გუნდი შეხვდება - “ხარები” “ბათუმი XV”-ს უმასპინძლებს. ეს გუნდები ცუდ დღეში იმყოფებიან, აქამდე, მათ მხოლოდ თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს, ოღონდ, რუსთაველებმა ჩემპიონობის მაძიებელი “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხეს, ბათუმელებმა კი მომავალ მეტოქეს სძლიეს და 2-2 ქულით ბოლო ადგილებს იყოფენ. ამრიგად, ურთიერთშეხვედრაში გამარჯვება, ორივესთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი, ქვედა ლიგაში პირდაპირ ვარდება, ბოლოდან მეორე კი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფს თამაშობს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, დებულების თანახმად, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ამ მხრივ, ჯერჯერობით, “ბათუმი XV” ლიდერობს და “ხარებს” რევანში აქვს ასაღები. პირველ ტურში, ბათუმელებმა ზღვისპირეთში 26:17 იმარჯვეს და რუსთაველებს, თავის დასაზღვევად, მინიმუმ, 10 ქულიანი გამარჯვება სჭირდებათ.

საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
11 სექტემბერი. შაბათი. VIII ტური
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ბათუმი XV (ბათუმი)
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

 

1.    აია   6   0   1   183-128 12
2.    ვისოლი-ყოჩები 7 5 0 2 155-101 10
3.    ლელო 7 5 0 2 175-75 10
4.    ლოკომოტივი 7 5 0 2 137-80 10
5.    არმაზი  7 3 0 4 111-149 6
6.    აკადემია 7 2 0 5 80-102 4
7.    ბათუმი XV  7 1 0 6 112-203 2
8.    ხარები 7 1 0 6 60-175 2



მომდევნო ტური
18 სექტემბერი
არმაზი - აია, ბათუმი XV - ლელო, ლოკომოტივი - ხარები, ვისოლი-ყოჩები - აკადემია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074845