ამბები

21:58 | 11.09.2010 | ნანახია 2524 - ჯერ

“მოსწავლეებმა” “მასწავლებელი” დაამარცხეს

ლევან მგელაძე ის მწვრთნელია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. რამდენიმე დღის წინათ, მის მიერ გაწვრთნილმა “ბათუმი XV”-მა, რომლის შემადგენლობაშიც ქუთაისის “აია”-ს მორაგბეები ყველა სხვა ქართული კლუბის წარმომადგენლებს სჭარბობდნენ, “შავი ზღვის თასის” საერთაშორისო ტურნირი მოიგეს. ახლა მგელაძე საკუთარ “ვისოლი-ყოჩებს” დაუბრუნდა, ქუთაისური კლუბის მორაგბეები “აია”-ს, ხოდა “აია”-მ საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრის პირველ ტურში, თბილისის “ვისოლი-ყოჩები” 18:10 დაამარცხა, რითაც რეგულარული პირველობის ლიდერობა გაიმყარა.
ქუთაისლები, უფრო სწორედ მათი სტადიონი, გულშემატკივართა საქციელის გამო, სასჯელს იხდის და “აია” მეტოქეს, ქუთაისის ნაცვლად, წვიმიან თბილისში დაუხვდა. სწორედ წვიმის დამსახურებაა, რომ ორგანიზატორებმა ბოლო მომენტში ეს თამაში “ვისოლის” სტადიონიდან ვარკეთილის მეურნეობაში გადაიტანეს. ატალახებულმა მოედანმა და წვიმამ, შეხვედრის მსვლელობას საკუთარი კვალი დაატყო, რის გამოც ლამაზი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ იყო ბრძოლა, უშეღავათო ბრძოლა, სადაც ყველა მორაგბე თითოეული მტკაველისთვის იბრძოდა და გამარჯვებაც იმ გუნდს დარჩა, რომელმაც მეტოქეს ამ ბრძოლაში აჯობა.
მატჩის დებიუტი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. მათ ჯერ არეკნის გატანა სცადეს, მერე ფეხით გადაკიდებულ ბურთზე კვარაცხელიას საკუთარ ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ხამაშურიძემ დაასწრო, კიდევ რამდენიმე წუთში კი, “ვისოლი-ყოჩებს” უკვე ჯარიმა გაუფუჭდათ. ნომინალური სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ უსაქმოდ არც “აია” იყო და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. განსაკუთრებით ხამაშურიძე-ჩხიკვაძის დუეტი გამოირჩეოდა, რომელთა გარღვევების შეჩერება თბილისელებს ძლიერ უჭირდათ. ტაიმის შუაწელს სწორედ ჩხიკვაძეს შეეძლო ლელოს გატანა, მაგრამ მანამდე მისი თანაგუნდელი ბლოკისთვის დაჯარიმდა. ამას კვლავ “ვისოლი-ყოჩების” შეტევა მოჰყვა, ნიჟარაძე ორ მცველს კარგად დაუსხლტა, მისი შებოჭვის შემდეგ, თბილისელებმა ბურთი კვლავ მარცხნივ გადაკიდეს ფეხით, მაგრამ ამჯერად, კვარაცხელიას გოშაძემ დაასწრო.
რაც თბილისელებმა მთელი 40 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხეს, “აია”-მ ტაიმის ბოლო წუთზე გააკეთა. “ვისოლი-ყოჩებმა” საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 10-15 მეტრში თავისი დერეფანი წააგო, ქუთაისელებმა მოლის დაყენება სცადეს, არ გამოვიდა, ბურთი სინაურიძემ გაიტანა, ცენტრისკენ გაიწია და წამოშველებულ ჩხიკვაძეს მეტოქის ლელოში შეაყოლა. რეალიზაცია სინაურიძემ ზუსტად შეასრულა და ტაიმი “აია”-მ 7:0 მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში სინაურიძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა, მერე კი ხამაშურიძემ თითქმის ცენტრიდან არეკნი სცადა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა.
ცოტა ხანში, “ვისოლი-ყოჩები” გამოერკვა და ძლიერი შეტევა განახორციელა. თამაში დაახლოებით 3 წუთი ქუთაისელთა ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრა ზონაში მიდიოდა. მოკლე დარტყმებმა შედეგი გამოიღო და საბოლოოდ, ხოსიტაშვილმა ლელო გაიტანა, სოხაძემ კი რეალიზაცია გამოიყენა. “აია”-მ უპირატესობა მალე კვლავ გაზარდა, როდესაც სინაურიძემ ჯარიმით ანგარიში 13:7 გახადა, თუმცა, ერთ წუთში მას სოხაძემაც ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა კვლავ სამ ქულამდე დაიყვანა. შეხვედრამ პირველი ტაიმის ხასიათი მიიღო, “ვისოლი-ყოჩები” უტევდა, “აია” თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ერთ-ერთ ასეთ წამოწყებას შედეგად ის მოჰყვა, რომ თამაშმა ქუთაისელთა 22-დან საპირისპირო 22-ში გადაინაცვლა. თბილისელები დაჯარიმდნენ და მსაჯმა მამუკაშვილი გაასინბინა, სინაურიძემ კი, ჯარიმა ვერ გამოიყენა.
ჩხიკვაძეს რომ სიტუაცია სწორედ შეეფასებინა და დროული გადაცემა გაეკეთებინა, ეს შეტევა ლელოთი დაგვირგვინდებოდა, რადგან თბილისელებმა დაცვაში დაბრუნება ვერ მოასწრეს, მაგრამ მათ ხეირად ის დარჩათ, რომ “ვისოლი-ყოჩები” 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა და “აია” მათ ჩათვლის მოედანს მიეძალა. მარჯვენა ფლანგზე კარგა ხანს ჯაჯგურის შემდეგ, “აია”-მ ბურთი მარცხნივ ჩაათამაშა, დაახლოებით კარის გასწვრიდან ბურთი ფეხით ცარიელი კუთხისკენ გადაიკიდა და გოგლიჩიძემ ლელო გაიტანა. სინაურიძემ გარდასახვა გააფუჭა, მაგრამ სხვაობა 8-ქულიანი იყო (18:10) და “ვისოლი-ყოჩები” შეტევაზე გადავიდა. დაძაბულობამ პიკს ბოლო წუთებზე მიაღწია, როდესაც გუნდებს შორის ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ხოსიტაშვილი გააძევა, კაცნაკლულმა თბილისელებმა კი ვეღარაფერი შეძლეს და “აია”-მ 18:10 იმარჯვა, რითაც რეგულარული პირველობის ლიდერობა გაიმყარა.
პარალელურ შეხვედრებში, “აკადემიამ” “ლოკომოტივს” პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა და იყო მომენტი, როდესაც 15:13-ს იგებდა, მაგრამ მერე გატყდა. “ლელომ” “არმაზი” უშანსოდ დატოვა და 44:13 გაანადგურა, რუსთავის “ხარებმა” კი, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ბათუმი XV”, რომელიც მისი უშუალო კონკურენტია, მძიმე ბრძოლაში 14:12 დასცა და მდგომარეობა გაიუმჯობესა.  

საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მე-2 წრე. VIII ტური
11 სექტემბერი. შაბათი.
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 150 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 18:10 (7:0)
აია:
15. ხამაშურიძე, 14. გოგლიჩიძე, 13. ჩხიკვაძე, 12. აშვეთია, 11. გოშაძე, 10. სინაურიძე, 9. გოგია (როხვაძე 47); 1. ლომიძე, 2. სულუხია, 3. გურეშიძე, 4. მეტრეველი (ცირეკიძე 55), 5. იობიძე, 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ძაგნიძე.
2 ლელო: ჩხიკვაძე, გოგლიჩიძე
1 გარდასახვა: სინაურიძე
2 ჯარიმა: სინაურიძე
მწვრთნელი: კობა გიორგაძე
ვისოლი-ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. ნიჟარაძე, 12. ადანაია (გაბუნია 71), 11. კვარაცხელია, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ასეიშვილი 50, გოგიშვილი 55), 2. ბრეგვაძე, 3. ხოსიტაშვილი, 4. არჩუაშვილი, 5. ბალიაშვილი, 6. ცხვედიანი (დგებუაძე 43), 7. კალმახელიძე, 8. ნიკოლაიშვილი (მამუკაშვილი 50).
1 ლელო: ხოსიტაშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
სინბინი: მამუკაშვილი
გაძევება: ხოსიტაშვილი
მწვრთნელი: ლევან მგელაძე

თბილისი. “მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:27
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ბათუმი XV (ბათუმი) 14:12
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 17:15 საათი
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 44:13

1.    აია 8   7   0   1   201-138    14
2.    ლელო  8 6 0 2 219-88 12
3.    ლოკომოტივი 8 6 0 2 164-95 12
4.    ვისოლი-ყოჩები 8 5 0 3 165-119 10
5.    არმაზი 8 3 0 5 124-193 6
6.    აკადემია 8 2 0 6 95-129 4
7.    ხარები 8 2 0 6 74-187 4
8.    ბათუმი XV 8 1 0 7 124-217 2



მომდევნო ტური
18 სექტემბერი: არმაზი - აია, ბათუმი XV - ლელო, ლოკომოტივი - ხარები, ვისოლი-ყოჩები - აკადემია
ზურა ქსოვრელი

 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077387