ამბები

15:16 | 12.09.2010 | ნანახია 2096 - ჯერ

ზელანდია დაუმარცხებელი დარჩა

სიდნეიში გამართული “სამი ერის” დასკვნითი მატჩის პირველი 65 წუთი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. თითქოსდა, მათ ზელანდიასთან 9-მატჩიანი წაგებათა სერია უნდა შეეწყვიტათ, მაგრამ დარჩენილ 15 წუთში, მანამდე უსახურად მობურთალი “ოლ ბლექსი” სრული სიძლიერით ამოქმედდა, ქანცგაწყვეტილი მეტოქე ძალასა და კლასში დაჯაბნა და მათ ზედიზედ მე-10 მარცხი აგემა.
ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და ხელით თამაშს ცდილობდა. პირველ ნახევარში ზელანდიელებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს. მარტო საწყის 25 წუთში, მათ ბურთი ხელიდან 5-ჯერ გაუვარდათ, რაც ასეთი კლასის გუნდისათვის კატასტროფული მაჩვენებელია. ისინი ავსტრალიელთა წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებოდნენ და ტაიმის ანგარიში - 14:6, მატჩის მსვლელობას სრულად ასახავდა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში “ვოლაბებმა” უპირატესობა 22:9-მდე გაზარდეს და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ ზელანდიამ დასკვნითი მონაკვეთი, ჩვეულებისამებრ, მძლავრად ჩაატარა, ტემპს უმატა, მოწინააღმდეგე უბურთოდ დატოვა და ამ ტაქტიკამ კიდევ ერთხელ იმუშავა - “ოლ ბლექსმა” 2 ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოოდ, 23:22 იმარჯვა.
ანგარიში მე-2 წუთზე ზელანდიამ გახსნა, ვეეპუმ შორიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მე-6 წუთზე ტურნერმა ავსტრალიელთა ლელო კი გაიტანა, მაგრამ რეფერიმ კიდის ხაზის გადაკვეთა დააფიქსირა, ლელო გააუქმა, სამაგიეროდ, ზელანდია თამაშგარედან თამაშში ამხილა და გიტომ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. მე-10 წუთზე ზელანდიამ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, დაგი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, ცენტრის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ავსტრალიელთა გარემოცვაში მოექცა და ბურთი ფეხით ცენტრში გადაკიდა, სადაც მას მულიაინა დაეუფლა, მაგრამ მის დამუშავებაში დიდი დრო დაკარგა, გადაწყვეტილებაც არასწორი მიიღო და კიდის ნაცვლად ცენტრისკენ გაიწია, რის შედეგადაც ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ტურნერის მარწუხებში მოექცა. ავსტრალია დაჯარიმდა და ზელანდიას ლელოს ნაცვლად ხელთ მხოლოდ ვეეპუს გატანილი ჯარიმა შერჩა.
სამაგიეროდ, მე-16 წუთზე თავისი შანსი ავსტრალიამ გამოიყენა და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. მაკკელმანმა ბურთი შერკინებიდან გამოიტანა, ცრუმოძრაობის შემდეგ შექმნილი თავისუფალი ზონით ისარგებლა, ორ მცველს შორის გაძვრა, ოკონორს დროული გადაცემა გაუკეთა და მანაც მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. გიტომ გარდასახვა ვერ გამოიყანა - 8:6. ზელანდიამ საპასუხო ლელოს გატანა სცადა, მაგრამ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაკარგა. 24-ე წუთზე, გიტომ ჯარიმა გააფუჭა, 31-ე წუთზე კი, ანალოგიური სიტუაციიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა. 36-ე წუთზე მაანონუმ კერტლი ყელში შებოჭა და გიტოს ჯარიმით ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცა, მაგრამ გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს სალელოვედ ისევ ავსტრალიამ შეუტია, ზელანდიამ თავგანწირვით დაიცვა თავი და მეტოქის მიძალება დიდი ძალისხმევით, ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. რადგან დრო ამოწურული იყო, გიტომ კარში დაარტყა, გაიტანა და ტაიმი 14:6 დასრულდა.
მე-2 ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როცა ავსტრალიამ მეორე ლელო გაიტანა. გენიამ კარის გასწვრივ 15 მეტრში მოკლე მონაკვეთზე ორი მბოჭავი ჩამოიცილა და მარცხნივ ეშლი-კუპერი მოძებნა, რომელმაც ასევე ცრუმოძრაობით მცველები გააბითურა და ორ მათგანთან ჭიდილში ლელო გაიტანა - გიტოს რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო. ვეეპუმ ჯარიმით, ათ ქულამდე სხვაობა 52-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ 59-ეზე, იმ დღეს უიღბლო გენიას ნაცვლად, ავსტრალიელთაგან სტანდარტის შესრულება ბილმა ითავა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 22:9. ამას ზელანდიელთა შემადგენლობაში სამმაგი ცვლილება მოჰყვა და დაიწყო... 67-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზელანდიამ ავსტრალიის შერკინებას მისსავე ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში უკან დაახევინა, “ოლ ბლექსის” კაპიტანი რიჩი მაკკოუ შერკინებას დროულად მოწყდა, მას ბურთი რიდმა აუგდო და კაპიტანიც ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანში პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე შეიჭრა - გენიასგან განსხვავებით, ვეეპუმ რეალიზაცია გამოიყენა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. ხუთ წუთში ავსტრალიას მორიგი იმედგაცრუება ელოდა. ეშხში შესულმა ზელანდიამ მძლავრად შეუტია, მასპინძელთა გუნდს მოკლე დარტყმებით ნაბიჯ-ნაბიჯ ახევინა უკან, ბოლოს რაქიდან მაკკოუმ რიდს წინა ლელოს ვალი დაუბრუნა, ახლა თანაგუნდელს მან უპასა და რიდი ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანში სოლისებურად შევარდა. ლელო ცენტრში გავიდა და ვეეპუს რეალიზაციის გამოყენება არ გაჭირვებია, “ოლ ბლექსმა” 23:22 იმარჯვა და “სამი ერის” თასი ისე აღმართა, ერთი შეხვედრაც არ წაუგია.

2010 წლის სამი ერის გათამაშება
10 ივლისი. ოკლენდი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 32:12
17 ივლისი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 31:17
24 ივლისი. ბრისბენი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 30:13
31 ივლისი. მელბურნი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 28:49
7 აგვისტო. კრაისტჩერჩი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 20:10
21 აგვისტო. იოჰანესბურგი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 22:29
28 აგვისტო. პრეტორია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 44:31
4 სექტემბერი. ბლუმფონტეინი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 39:41
11 სექტემბერი. სიდნეი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 22:23

1  ახალი ზელანდია 6 6 0 0 184-111 27
2  ავსტრალია 6 2 0 4 162-188 11
3  სამხრეთ აფრიკა 6 1 0 5 147-194 7


შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2 ქულა, 7 და ნაკლები ქულით მარცხი, ან 4 და მეტი ლელოს გატანა - 1 პრემიალური ქულა.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.33443