გემახსოვრებათ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის გასულ ტურში, დავით ზირაქაშვილმა მიმდინარე პირველობის პირველი ქართული ლელო გაიტანა. ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა, თავი ქართველებით დახუნძლულ “მონპელიესთან” გამოიჩინა. მაშინ “მონპელიეს” შემადგენლობაში არ უთამაშია მამუკა გორგოძეს, რომელიც ახლა უკვე მოედანზე დაბრუნდა და წლევანდელ სეზონში ლელოთა საკუთარი ანგარიში გახსნა.
საქართველოს ბოლო 2 წლის საუკეთესო მორაგბემ, Top 14-ში წლეულს გამართული 6 ტურიდან, ხუთში მიიღო მონაწილეობა (აქედან 4-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო) და მხოლოდ გასული შეხვედრა გამოტოვა. თამაშს მოწყურებულმა გორგოძემ, “კასტრის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, “მონპელიეს” პირველი ლელო 34-ე წუთზე გაიტანა, თანაგუნდელებს დაწინაურებაში დაეხმარა და მას შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ბარემ ვთქვათ, რომ გორგოძემ მესამე ხაზში (შვიდ ნომრად) სრულად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა გიორგი ჟღენტმა, გოდერძი შველიძესა და გიორგი ჩხაიძეს კი, საკუთარი გუნდის წარმატებაში ამჯერად მონაწილეობა არ მიუღიათ. “კასტრის” შემადგენლობაში არ იყვნენ აქვსენტი გიორგაძე და ანტონ ფეიქრიშვილი.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, უფრო მეტს შერკინების ხაზის მოთამაშეები იბრძოდნენ და ჯარიმებიც ხშირად ინიშნებოდა. გორგოძის ლელომდე, “კასტრმა” 3 ჯარიმა გამოიყენა, “მონპელიემ” - 2, მერე კი, გორგოძემ ერთ-ერთი მიძალებისას ბურთი აიტაცა და ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, ტაიმი 13:9 დასრულდა.
მე-2 ტაიმის საწყის ათ წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ლელო და გარდასახვა მიითვალეს და 23:12 იმარჯვეს. ამრიგად, გასულ წელს უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლ “მონპელიეს”, ამჯერად, 6 შეხვედრიდან 4 მოგება აქვს, 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. “კასტრს” 3-3 მოგება-წაგება აქვს და 14 ქულით, ოთხ სხვა გუნდთან ერთად, VIII-XI ადგილებს იყოფს.
საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, წლევანდელი გათამაშება არასტაბილურად დაიწყო. VI ტურში ის “ბაიონთან” სტუმრად 16:18 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი პირველხაზელი მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი ოთხ ქულას იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში “კლერმონმა” 6 ქულა გაუშვა, თავად ვერაფერი გააკეთა და მარცხს შეეგუა.
პირველი ტაიმი “ბაიონმა” ორის წილ 3 გატანილი ჯარიმით, 9:6 მოიგო, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი, არეკნით უპირატესობა გაზარდა. სტუმრებმა ჯარიმით, ჩამორჩენა ჯერ სამ ქულამდე დაიყვანეს, მერე კი ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 50-ე წუთზე 16:12 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მალევე, არეკნით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი, ჯარიმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “კლერმონს” 3-3 მოგება-წაგება აქვს, მაგრამ პრემიალური ქულების ხარჯზე, ჯამში 15 ქულა აქვს და მე-5 პოზიცია უკავია.
ქართული დერბი შედგა დავით ქუბრიაშვილის “ტულონისა” და ბექა შეყლაშვილის “აჟენის” დაპირისპირებაში. ორივე პირველხაზელმა შეცვლაზე ითამაშა - შეყლაშვილი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა, ქუბრიაშვილი კი 57-ეზე. “ტულონმა” სტუმარი აშკარად დაჩაგრა, 41:10 გაანადგურა, 6 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. თამაშის ბედი პირველსავე ნახევარში გადაწყდა, რომელშიც “ტულონმა” 4 ლელო დადო, 3 რეალიზაცია გამოიყენა, ზედ ერთი ჯარიმა მიაყოლა და რადგან ერთი ჯარიმა თავად გაუშვა, შესვენებაზე გასვლისას 29:3-ს იგებდა.
“აჟენმა” მე-2 ნახევრის დასაწყისში, ლელო-გარდასახვით, ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა, ისიც დროებით, რადგან შეხვედრის დასრულებამდე მასპინძლებისგან კიდევ 2 ლელო და ერთი გარდასახვა გაუშვა. “ტულონს” 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, 15 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, “აჟენს” კი, თითო-თითო გამარჯვებასა და ფრესთან ერთად, 4 მარცხი დაუგროვდა, რის გამოც ჯამში მხოლოდ შვიდ ქულას მოუყარა თავი და ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.
საკუთარი გუნდის სტუმრად გამარჯვებაში 52-წუთიანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა პირველხაზელმა დავით ხინჩაგიშვილმა, რომლის “ბრივმაც” “სტად ფრანსეს” პარიზში 29:27 აჯობა. ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და მისმა გუნდმა შესვენებამდე 4 ჯარიმით მხოლოდ 12 ქულას მოუყარა თავი, მაშინ, როდესაც მასპინძლებმა ორ-ორი ლელო-გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანეს. 52-ე წუთამდე “სტად ფრანსემ” მონაგარს ლელო, გარდასახვა და ჯარიმა შემატა და 27:12 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო ოც წუთში “ბრივმა” გაილაღა. მათ ჯერ ლელო-გარდასახვით იხეირეს, მერე ჯარიმა გაიტანეს და 73-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ძალები მოიკრიბეს, 77-ე წუთზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, რეალიზაცია გამოიყენეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “ბრივს” 3-3 მოგება-წაგება აქვს, 15 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზეა.
დიმიტრი იაშვილმა “ტულუზას” 6 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაუტანა, მისმა “ბიარიცმა” კი 25:20 იმარჯვა. ტურის სხვა შეხვედრებში “პერპინიანმა” “ბურგონი” 27:20 დასცა, ხოლო “მეტრო რასინგმა” “ლა როშელს” 43:18 სძლია. თოპ 14-ის მომდევნო ტურის მატჩები 17-18 სექტემბერს შედგება.
საფრანგეთის მე-2 ელიტარულ დივიზიონ Pრო D2-ის მე-3 ტურში, მამუკა მაგრაქველიძის “ტარბი” `ალბისთან” საკუთარ მოედანზე 24:30 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა ტაიმი 15:14 მოიგო, მატჩის ბოლოს კი, 24:23-ს იგებდა, მაგრამ ლელო გაუშვა და სტუმრებმა რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია