ამბები

13:23 | 14.09.2010 | ნანახია 4972 - ჯერ

მე-17 ადგილზე ნოემბრის ქარიშხლის წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში, ნოემბრის ტესტებამდე მე-17 საფეხურზე დარჩება, მერე კი, იმედია, თავის საუკეთესო, მე-13 პოზიციას დაიბრუნებს.  
საქართველოს ნაკრების უკუსვლა, ივნისში, ბუქარესტში გამართულ IRB-ს “ერთა თასზე” ლამის მეორე შემადგენლობით მოთამაშე “ბორჯღალოსანთა” ნამიბიის ნაკრებთან ბოლო წუთებზე განცდილმა მარცხმა განაპირობა. მთელი ზაფხული, რეიტინგის ცვლილებები მხოლოდ “სამ ერზე” მოთამაშე პირველ სამეულს ეხებოდა, ახლა კი, “სამი ერიც” დასრულდა და ერთგვარი შეჯამების დრო დადგა.  
“სამი ერის” ბოლო ტურში, ახალმა ზელანდიამ ავსტრალიასთან სიდნეიში ლამის წაგებული მატჩი შემოაბრუნა და რეიტინგში უპირატესობა 9,21 ქულამდე გაზარდა, არადა, 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში, “ოლ ბლექსი” რეიტინგის პირველ და მეორეადგილოსანს შორის სხვაობის რეკორდს (2007 წელს ის 9,41 იყო) გაზრდიდა. ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც “სამ ერზე” 6-დან 5 შეხვედრა დათმო, 4,24 სარეიტინგო ქულა დაკარგა, ავსტრალიამ 1,15 ქულა მოინაგრა, ზელანდიამ კი 3,09 და ახლა რეიტინგს 94,77 ქულით ლიდერობს.
ავსტრალიას და ზელანდიას მორიგი ჯახი ოქტომბრის ბოლოს ტოკიოში შედგება და მათ შორის სარეიტინგო ქულებიც იქ გადანაწილდება, ჩვენ კი, ნოემბრის ტესტების მოლოდინში ვართ. წინდაწინ იყო ცნობილი, რომ წლეულს ნოემბერს თბილისს კანადისა და აშშ-ს ეროვნული ნაკრებები ეწვევიან. კანადელები საქართველოში 20 ნოემბერს, ამერიკელები კი 27 ნოემბერს ითამაშებენ. ეს ორივე შეხვედრა სარეიტინგო იქნება და “ბორჯღალოსნებს”, რომლებიც ამ შემთხვევაში უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ, რევანშის შანსი ექნებათ. შეგახსენებთ, რომ “ჩერჩილის თასზე” მნიშვნელოვნად” შესუსტებულმა საქართველოს ნაკრებმა, ამ ორივე მეტოქესთან გამართული მატჩი დათმო.
იყო ვარიანტი, რომ 13 ნოემბერს თბილისში ტონგას ეროვნულ ნაკრებს ეთამაშა. საქართველოს რაგბის კავშირის მცდელობის მიუხედავად, ამ პერიოდში უძლიერესი მორაგბეებისთვის თავის მოყრა ვერ ხერხდება, ოკეანელებისთვის სუსტი გუნდის დახვედრება კი მიზანშეწონილი არაა და ამიტომ, ეს შეხვედრა წელს აღარ შედგება.

IRB-ს მსოფლიო რეიტინგი 14 სექტემბრისთვის

1.    ახალი ზელანდია    94,77
2.    ავსტრალია    85,56
3.    სამხრეთ აფრიკა    85,22
4.    საფრანგეთი    82,75
5.    ირლანდია    82,03
6.    ინგლისი    81,82
7.    შოტლანდია    79,81
8.    არგენტინა    79,70
9.    უელსი    78,58
10.    ფიჯი    74,39
11.    იტალია    72,97
12.    სამოა    72,74
13.    იაპონია    72,49
14.    კანადა    69,43
15.    აშშ    67,86
16.    ტონგა    67,06
17.    საქართველო    66,38
18.    რუსეთი    65,80
19.    რუმინეთი    65,10
20.    ნამიბია    62,69
21.    ურუგვაი    61,38
22.    პორტუგალია        61,27
23.    ესპანეთი    57,70
24.    ჩილე    56,97
25.    მაროკო    56,11
26.    ბელგია    55,36
27.    ყაზახეთი    55,20
28.    ბრაზილია    54,56
29.    უკრაინა    54,35
30.    გერმანია    53,22
31.    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079543