ამბები

10:56 | 18.09.2010 | ნანახია 3015 - ჯერ

"აია" გარანტირებული ოთხეულის მიჯნაზე

საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის მეცხრე ტურის შემდეგ, დიდი შანსია, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის “აია”-მ, პროგრამა მინიმუმი შეასრულოს და საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიბევოს. ამისათვის საჭიროა, რომ მან თავისი შეხვედრა მოიგოს, პარალელურად კი, “აკადემიამ” “ვისოლი-ყოჩებს” ვერ აჯობოს.
ეს ტური ისე დაწყვილდა, რომ პირველი ოთხეულის გუნდებს, ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებთან უწევთ შეხვედრა და რაღა თქმა უნდა, მომავალ ჯახებში ფავორიტებად, ზედა ოთხეულის წარმომადგენლები ითვლებიან, “მეორე ეშელონის” გუნდებს კი სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. 18 სექტემბერს, პირველი შეხვედრა 15:00 საათზე, თბილისში დაიწყება – დიდ დიღომში “ვისოლი-ყოჩების” ბაზაზე, “ვისოლი-ყოჩები” თბილისურ დერბიში “აკადემიას” დაუხვდება.  
ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, ლევან მგელაძის მიერ გაწვრთნილი მასპინძელთა გუნდია, რომელიც ამ ეტაპისთვის მეოთხე საფეხურს იკავებს და ჯერჯერობით, მისი დაკარგვაც არ ემუქრება. იყო შანსი, რომ წინა ტურის შემდეგ, “ყოჩებს” პირველ საფეხურზე აენაცვლა, მაგრამ ქუთაისის “აია”-სთან დამარცხდა და მეორე საფეხურიც დაკარგა.  წელს, თბილისური გუნდი კარგ რაგბს თამაშობს, მაგრამ ქუთაისელებს ვერაფერი მოუხერხა და მათთან ორივეჯერ დამარცხდა, ერთი შეხვედრა კი რუსთავში, აუტსაიდერ “ხარებთან” ჩააგდო. სამაგიეროდ, პირველ წრეში მათ, მომავალ მეტოქე “აკადემიას” დამაჯერებლად ძლიეს - 25:8 და თუ წარმატებას ახლაც მიაღწიეს, საუკეთესო ოთხეულში ადგილს გაიმყარებენ.
გამარჯვება “აკადემიასაც” ჰაერივით სჭირდება. ამ გუნდმა წელს, რვა შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო, ექვსში დამარცხდა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს. ამრიგად, აკადემიელებს ძალების სრული მობილიზება მართებთ, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამასთან, სატურნირო თვალსაზრისით, მათ ჯერ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსიც არ დაუკარგავთ, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება.
17:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, “აია” თბილისის “არმაზთან” საბრძოლველად გავა და გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა პრაქტიკულად განაღდებული ექნება. თეორიული შანსების გამოსარიცხად, ტურის კიდევ ორ შეხვედრაში “აკადემია” და “ხარები” უნდა დამარცხდნენ, რისი ალბათობაც დიდია. ესეც რომ არა, ამ მატჩში მოგების შემდეგ, “აია”-ს ოთხეულს მიღმა დასარჩენად, მან ხუთივე დარჩენილი შეხვედრა უნდა დათმოს, “აკადემიამ” და “ხარებმა” კი, დღევანდელი მატჩების ჩათვლით, ექვსივე ჯახი უნდა მოიგონ. ჯამში, ეს ყველაფერი, ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება და ამრიგად, “აია”-ს გამარჯვების შემთხვევაში, ის, პრაქტიკულად, საჩემპიონო ოთხეულში იქნება.
“აია”-მ წელს მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო - თბილისის “ლოკომოტივთან”, შვიდი მატჩი კი მოიგო და მებრძოლი, კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.  “არმაზმა”, რომელიც ამჟამად მე-5 ადგილზეა, ზედა ოთხეულის გუნდებთან გამართულ ხუთივე მატჩში დამარცხდა, მის ქვევით მყოფ სამეულს კი თითო-თითო შეხვედრაში აჯობა. პირველ წრეში, ურთიერთშეხვედრაში, “აია” “არმაზთან” დიდი სხვაობით იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ მოეშვა და თბილისელებს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება მიეცათ, საბოლოოდ კი, ქუთაისელებმა 40:31 იმარჯვეს. ამრიგად, “არმაზს”, “აია”-ს ოთხეულში ჩანაცვლების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დღეს 10 და მეტი ქულის სხვაობით მოიგებს, დარჩენილი 5 შეხვედრიდან კი, ქუთაისელებზე სამით მეტ თამაშს მოიგებს. ეს იმიტომ, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, უწინარესად, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში უკეთეს მაჩვენებელს ენიჭება.
17:00 საათზე იწყება თამაში დიღომში “ლოკომოტივის” ბაზაზე და მასში “ლოკომოტივი” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. “ლოკომოტივს”, გამარჯვების შემთხვევაში, გალიდერების შანსი ექნება, ოღონდ ამისათვის, “აია”-მ და “ლელომ” უნდა წააგონ თავიანთი შეხვედრები. ის, რომ თბილისელებს გამარჯვების დიდი შანსი აქვთ, სიახლეს  არ განეკუთვნება. რუსთაველები უძლიერესთა შორის დარჩენისთვის იბრძვიან და “ლოკომოტივი” მასზე ობიექტურად ძლიერია. ისე, “ხარებმა” პირველ წრეში ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა, როდესაც “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხა, გასულ ტურში კი ბათუმელებს სძლია და კარგი განწყობა შეიქმნა. გასულ ტურში თბილისელებმაც იმარჯვეს და უხასიათობას არც ისინი უჩივიან, რაც შეეხება პირველი ტურის დაპირისპირებას, “ლოკომოტივმა” რუსთავში 32:6 იმარჯვა და თავისი სიძლიერე მაშინაც დაადასტურა.
საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “ლელო”, “ანგისაზე” “ბათუმი XV”-ის წინააღმდეგ ითამაშებს. იმ გუნდისგან, რომელმაც “შავი ზღვის თასი” მოიგო, ბათუმელებს მხოლოდ სახელი აქვთ, რეალურად კი სხვა გუნდს წარმოადგენენ და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან. გასულ ტურში რუსთავში მარცხის შემდეგ, მათ ბოლო საფეხურზე ჩაინაცვლეს და საგანგაშო მდგომარეობაში არიან. “ლელოს” ჩემპიონობა არ ეთმობა და ბათუმში მოგებით, საუკეთესო ოთხეულში დამკვიდრების კარგი შანსი მიეცემა. პირველ წრეში, “ლელომ” “ბათუმი XV” 44:5 დაამარცხა და ახლა ზღვისპირეთშიც წარმატების იმედი აქვთ. არადა, გასულ ჩემპიონატში, ამ გუნდებმა ფინალი ითამაშეს და თითქოს, ეს დაპირისპირება ცენტრალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მე-2 წრე

18 სექტემბერი.
შაბათი. IX ტური

თბილისი. “ვისოლი”. 15:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ბათუმი. “ანგისა”.17:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ლელო (თბილისი)

 

1. აია 8   7   0   1   201-138 14
2. ლელო 8 6 0 2 219-88 12
3. ლოკომოტ. 8 6 0 2 164-95 12
4. ვისოლი-ყოჩ 8 5 0 3 165-119 10
5. არმაზი 8 3 0 5 124-193 6
6. აკადემია 8 2 0 6 95-129 4
7. ხარები 8 2 0 6 74-187 4
8. ბათუმი XV  8 1 0 7 124-217 2

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083062