ამბები

12:46 | 19.09.2010 | ნანახია 2602 - ჯერ

“ვისოლი-ყოჩები” “აკადემიას” გადაურჩა

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის IX რაუნდის შეხვედრები გათამაშების ოთხი ლიდერისთვის. ისინი ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ და თითქოს ყველა მათგანი უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ შეთანხმებულებივით, სამმა მათგანმა გამარჯვების მიღწევა ვერ მოახერხა - ორი დამარცხდა, ერთმა კი ქულას ბოლო წამებზე უშველა.
საჩემპიონო ამბიციის მქონე ოთხეულიდან, გამარჯვება მხოლოდ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის “ლელომ” იზეიმა. ისინი ზღვისპირეთში შარშანდელ ფინალისტ “ბათუმი XV”-ს ეწვივნენ, რომელიც წელს წარმოუდგენლად ცუდად თამაშობს და დაქვეითების ყველაზე რეალური კანდიდატია. სტუმრებმა მასპინძელთა თავგამოდება არად ჩააგდეს, ერთი გაშვებული ლელოს წილ, თავად ორი გაიტანეს, მეტოქეს კარში დარტყმებითაც აჯობეს და ჯამში 27:13 იმარჯვეს.
დანარჩენები მეტოქეთა დაუფასებლობამ და უდისციპლინობამ დაღუპა. გათამაშების ლიდერი ქუთაისის “აია”, “არმაზს” “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდა და მას ორი ლელო გაუტანა, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი ჯარიმა “აიკიდა”, თბილისელებმაც თავიანთი შანსი მაქსიმალურად გამოიყენეს და 25:24 იმარჯვეს. ამით, “არმაზმა” საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის ამბიცია და რეალური შანსი შეინარჩუნა, ქუთაისელთათვის კი, ჯერჯერობით, დიდად არაფერი შეცვლილა და ისინი კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, ოღონდ, ახლა “ლელოს” მხოლოდ ურთიერთშეხვედრაში მიღწეული გამარჯვებით ჯაბნიან.
პირველი წრის ბოლომდე, დაქვეითების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო რუსთავის “ხარები”, მაგრამ ახლა, მათ ზედიზედ სამი გამარჯვება მოუგროვდათ და სახიფათო ზონაც უკან დარჩა. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი გამარჯვება, რისთაველებმა ლიდერებთან იზეიმეს. პირველი წრის ბოლოს, მოულოდნელად მათ “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხეს, გასულ ტურში პრინციპულ მეტოქე “ბათუმი XV”-ს აჯობეს, ახლა კი “ლოკომოტივის” წინააღმდეგობა დაძლიეს. თავი აქაც ჯარიმების სიმრავლემ იჩინა. დიღმის “ლოკომოტივის” ბაზაზე, თბილისელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და თავად მხოლოდ ორი მიიღეს, მაგრამ “ხარებს” ბევრი ჯარიმა უბოძეს და 25:26 დამარცხდნენ.  
ყველა შანსი ჰქონდა თბილისის “აკადემიას” საიმისოდ, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ვისოლი-ყოჩები” მისსავე კუთვნილ მოედანზე დაემარცხებინა, მაგრამ ნომინალური სტუმრები სათანადო შემსრულებლის არყოლამ დააღალატა. მათ ექვსი ჯარიმა გააცუდეს, რომელთა უმეტესობაც გასატანი პოზიციიდან შეასრულეს, ბოლოს ჯარიმა თავად მიიღეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.
ეს დღე სრულიად ქართული რაგბისთვის, განსაკუთრებით კი “ვისოლი-ყოჩებისთვის” იმით იყო ღირშესანიშნავი, რომ დიდ დიღომში მდებარე მათ ბაზაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრა პირველად გაიმართა. მართალია, მინდვრის საფარს იდეალური არ ეთქმის, მაგრამ ის პრეცედენტი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდს საკუთარი სტადიონი აქვს, უკვე მრავლის მეტყველია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მას დაძაბულობა არ აკლდა. მიზნის მისაღწევად ორივე გუნდი თავგამოდებით იბრძოდა, მაგრამ ორივე მათგანის მხრიდან, ბევრი იყო შეცდომა და ტრიბუნაზე შეკრებილმა მაყურებელმა ლამაზი რაგბი ვერ იხილა. ეს გუნდები, საქართველოს ჩემპიონატზე განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - “ვისოლი-ყოჩებს” ჩემპიონობა სურს, “აკადემიას” უძლიერესთა შორის დარჩენა უნდა. გასულ ტურში ორივე მათგანი დამარცხდა, სატურნირო ცხრილში სიტუაცია გაიუარესა და ახლა, მათ გამარჯვება ეწადათ, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი ფრე დაფიქსირდა.
შეხვედრა “აკადემიას” უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმის დიდმა ნაწილმა “ვისოლი-ყოჩების” ნახევარზე ჩაიარა. ამ უკანასკნელის შერკინება უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა, რაც გარკვეულწილად, ტრავმებით გამოწვეული იძულებითი ცვლილებების ბრალია. მასპინძლები ხშირად არღვევდნენ თამაშის წესს, რაც დისციპლინისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამორჩეული ლევან მგელაძის შეგირდებისათვის უჩვეულოა. გაუმართლებელი ჯარიმების გამო, სტუმრებს კარში დარტყმის, ან თამაშის მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გადატანის შანსი ეძლეოდათ, მაგრამ შანსი ერთია, მისი გამოყენების გზების ცოდნა კი - მეორე.
დებიუტშივე, აკადემიელ მეკოკიშვილს ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, მაგრამ გასატანი ჯარიმა ააცილა. სტუმრებმა ზეწოლა არ შეანელეს, სალელოვე გარღვევა ვერ შედგა, ელიზბარაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან არეკნი დაარტყა და მე-6 წუთზე “აკადემია” დააწინაურა. მეკოკიშვილს ანგარიშის გაზრდის შანსი მე-19 წუთზე მიეცა, როცა “ვისოლი-ყოჩები” ყელში ბოჭვისთვის დაჯარიმდა, მაგრამ დაახლოებით 25 მეტრიდან დამრტყმელმა ვერ ივარგა. 24-ე წუთზე, უკვე სტუმრები დაჯარიმდნენ, სოხაძემ კარის გასწვრივ 35 მეტრიდან ზუსტად დაკრა და წონასწორობა აღადგინა.
“აკადემიამ” ცენტრიდან ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა და შერკინება დაინიშნა, რომელშიც “ვისოლი-ყოჩები” დაიჩაგრა, დაჯარიმდა და მეკოკიშვილმა კარის გასწვრიდან კვლავ არაზუსტად დაკრა. თამაში მასპინძელთა ნახევარზე გაგრძელდა და 28-ე წუთზე, ისინი რაქში გვერდიდან შესვლისთვის დაჯარიმდნენ, მეკოკიშვილმა კი, მეოთხე ცდაზე გაიტანა - 6:3. ერთ წუთში, მასვე, ცენტრში დანიშნული ჯარიმიდან უპირატესობის გაზრდა შეეძლო - დარტყმა ისევ არაზუსტი აღმოჩნდა. 33-ე წუთზე, “ყოჩები” ისევ დაჯარიმდა, ამჯერად დამრტყმელი შეიცვალა და ელიზბარაშვილმა 25 მეტრიდან ანგარიში 9:3 გახადა, მაგრამ სამ წუთში მიზანმა მასაც უმტყუნა. ტაიმის ბოლო წუთზე “ვისოლი-ყოჩებმა” შეუტია, ისინი სტუმრებს მოლით მიაწვნენ და კალმახელიძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ რეალიზაცია გამოიყენა და “ვისოლი-ყოჩებმა” ტაიმი 10:9 მოიგო.
მეორე ნახევარი კვლავ “აკადემიას” შეტევებით დაიწყო და მათი ძალისმიერი მიწოლისას, მორაგბეთა დიდი ჯგუფი “ვისოლი-ყოჩების” ჩათვლის მოედანში აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა ლელოს გატანა ვერ დააფიქსირა და 5-მეტრა შერკინება დანიშნა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა იმძლავრეს და თამაშმა სტუმართა ნახევარზე გადაინაცვლა. ახლა, უკვე სოხაძემ შეასრულა ჯარიმა არაზუსტად. ასეთ ფონზე, “ყოჩებმა” ჯარიმის კარში დარტყმა აღარ ისურვა, მეტოქე საკუთარ 22-ში გამოკეტა და ლელოზე ითამაშა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, 68-ე წუთზე კი, “აკადემიასგან” კონტრშეტევა მიიღო, არჩუაშვილი მსაჯმა უხეში ბოჭვისთვის გაასინბინა, თუმცა მეკოკიშვილმა ლამის კარის გასწვრიდან, გასატანი ჯარიმა ამჯერადაც არაზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.
კაცნაკლულმა მასპინძლებმა, თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს და სტუმრებს დაჯარიმება აიძულეს, მაგრამ სოხაძემ შანსი ვერ გამოიყენა. ერთ წუთში “ვისოლი-ყოჩებმა” ჯარიმის დარტყმის უფლება უკეთეს პოზიციაში მიიღეს, ამჯერად ბურთთან მახარაშვილი მივიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 13:9. “აკადემია” შეტევაზე გადავიდა და ფონს გასვლა ძალით სცადა, მით უმეტეს, რომ მეტოქე კაცნაკლული იყო და სინბინის ვადის გასვლამდე წამებით ადრე, მათ მიზანსაც მიაღწიეს - ლელო ზაქაშვილის ანგარიშზე ჩაიწერა, ელიზბარაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა და სტუმრები სამი ქულით დააწინაურა. დარჩენილ დროში, “ვისოლი-ყოჩებმა” გაიბრძოლა და მიზანსაც მიაღწია. “აკადემია” საკუთარი 22-ის ხაზთან, თითქმის კარის გასწვრივ დაჯარიმდა, დარტყმა ამჯერადაც მახარაშვილმა ითავა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 16:16.
შესაძლოა, ამ დაკარგულმა ქულამ, “ვისოლი-ყოჩებს” საფლეიოფო ოთხეულში მოხვედრაში ხელი არ შეუშალოს, მაგრამ პარალელური მატჩების შედეგების გათვალისწინებით, მათ ფლეი ოფში უკეთესი პოზიციის მიღების შანსი დაკარგეს. ერთის მხრივ, ქულა “აკადემიასთვის” მონაპოვარია, რადგან მან ეს ქულა ლიდერთან ბრძოლაში მოიპოვა, მაგრამ მეორე კუთხით თუ შევხედავთ, მათ ეს თამაში მოსაგები ჰქონდათ, ქულა უფრო მასპინძელმა გამოიმუშავა, ვიდრე სტუმარმა. ამასთან, ტურის სხვა მატჩები ისე დასრულდა, რომ “აკადემიას” უძლიერესთა შორის დასარჩენად, ახლა მართლაც ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწევს და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მათთვის ეს გამოუყენებელი შანსები, შესაძლოა, მწარე მოგონებად იქცეს.

საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
18 სექტემბერი. შაბათი. IX ტური
თბილისი. “ვისოლი”. 200 მაყურებელი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 16:16 (10:9)
ვისოლი-ყოჩები:
15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. გრძელიშვილი (გაბუნია 57), 12. ადანაია, 11. ნიჟარაძე (კვარაცხელია 51), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე (ხელაძე 51); 1. გოგიშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. შენგელია, 4. არჩუაშვილი, 5. ბალიაშვილი, 6. ცხვედიანი (ტყეშელიაძე 44), 7. კალმახელიძე, 8. ნიკოლეიშვილი (დგებუაძე 44).
1 ლელო: კალმახელიძე
1 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე, მახარაშვილი (2)
სინბინი: არჩუაშვილი (68 წთ.)
მწვრთნელი: ლევან მგელაძე
აკადემია: 15. დავითაშვილი, 14. მარგიანი, 13. ნასიძე, 12. მოლოდინაშვილი (ჭუაძე 54), 11. კიზირია (ბერძული 65), 10. ელიზბარაშვილი, 9. ქოპილაშვილი; 1. ღამბაშიძე, 2. მეკოკიშვილი, 3. შაშიაშვილი (ზაქაშვილი 44), 4. ნებულიშვილი, 5. გელაძე, 6. ნიბლაძე, 7. მაღლაკელიძე (ჩაჩუა 54), 8. გაჩეჩილაძე.
1 ლელო: ზაქაშვილი
1 გარდასახვა: ელიზბარაშვილი
2 ჯარიმა: მეკოკიშვილი, ელიზბარაშვილი
1 არეკნი: ელიზბარაშვილი
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო)
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 25:24

თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა)

ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 25:26

ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი XV (ბათუმი) - ლელო (თბილისი) 13:27

1 აია 9 7 0 2 225-163 14
2 ლელო 9 7 0 2 246-101 14
3 ლოკომოტივი 9 6 0 3 189-121 12
4  ვისოლი-ყოჩები 9 5 1 3 181-135 11
5  არმაზი 9 4 0 5 149-217 8
6 ხარები 9 3 0 6 100-212 6
7 აკადემია  9 2 1 6 111-145 5
8 ბათუმი XV 9 1 0 8 137-244 2


მომდევნო ტური
23 სექტემბერი:
ბათუმი XV - არმაზი, ლელო - ლოკომოტივი, ვისოლი-ყოჩები - ხარები, აია - აკადემია.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083428