საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში ყველაზე ქართულმა კლუბმა “მონპელიემ”, რეგულარული პირველობის მე-7 მატჩიდან მე-5 მოიგო და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ასევე 7 თამაშიდან 5 მოგებით, სატურნირო ცხრილს ლიდერობს “მეტრო რასინგი”, რომელსაც “მონპელიეზე” ერთით მეტი პრემიალური ქულა აქვს, ქართველთა გუნდს კი, 22 ქულით მე-2 ადგილი უკავია.
გასულ ტურში “მონპელიე” ბექა შეყლაშვილის “აჟენს” ეწვია, მასპინძლები 8 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ 35:6 შეარცხვინა და მოგებისთვის განკუთვნილ ოთხ ქულას, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის დაწესებული ერთი პრემიალური ქულაც გააყოლა. შეყლაშვილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება “მონპელიეს” ქართველ ლეგიონერებს, მამუკა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 70 წუთი ათამაშა პირველხაზელი გიორგი ჟღენტი. კიდევ ერთი პირველხაზელი გოდერძი შველიძე, შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, ხოლო მე-4 ქართველი ლეგიონერი, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე განაცხადს მიღმა დარჩა.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თამაშმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. “აჟენმა” 6 ქულის აღება პირველ ტაიმში გატანილი 2 ჯარიმით მოახერხა, თუმცა, შესვენებამდე, “მონპელიესგან” 3 ლელო, ამდენივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაუშვა.
სტუმრებმა ტემპი არც მე-2 ნახევრის საწყის წუთებში დაადგეს და მე-60 წუთამდე მონაგარს კიდევ ერთი ლელო და 2 ჯარიმა შემატეს, დანარჩენი დრო კი მშვიდად გალიეს. “მონპელიეს” სატურნირო მდგომარეობა ზემოთ ვახსენეთ, ხოლო “აჟენი” საპირისპირო მდგომარეობაშია და 7 ქულით ბოლოდან მეორე, ანუ მე-13 ადგილი უკავია.
ამ ტურში ისე მოხდა, რომ Top 14-ის ექვსივე ქართულმა კლუბმა ერთმანეთში ითამაშა. ქართული დერბი შედგა ტულონში, სადაც დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” საფრანგეთის ჩემპიონს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და მომხვდური 28:16 დაამარცხა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა, ზირაქაშვილმა კი შეცვლაზე ბოლო 30 წუთი ითამაშა. “კლერმონი” ლელოთი მე-11 წუთზე დაწინაურდა და რეალიზაციაც გამოიყენა. ინგლისელმა ჯონ უილკინსონმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, სამ წუთში ჯარიმა სტუმრებმაც გაიტანეს, მერე კი უილკინსონმა ჯარიმით და არეკნით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ტაიმის მიწურულს “კლერმონმა” ჯარიმით უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა და ტაიმი 13:9 მოიგო.
მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში “კლერმონის” საქმე უკან-უკან წავიდა. ამ პერიოდში მათ მორაგბე გაუსინბინეს და უილკინსონმა 3 ჯარიმით “ტულონი” 18:13 დააწინაურა. სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა 52-ე წუთზე შეამცირეს, თუმცა, ორ წუთში უილკინსონმა შეხვედრაში მე-2 არეკნი მიითვალა, 61-ე წუთზე კი, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ტულონმა” 4 მოგებითა და 3 წაგებით, 19 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, “კლერმონს” კი 3 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და 15 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ჩემპიონის ასეთი სუსტი დასაწყისი ერთგვარი მოულოდნელობაა, თუმცა, როგორც ზირაქაშვილმა “სპორტულ ამბებთან” ინტერვიუში განაცხადა, მისი გუნდის მიზანი წლეულს “ჰეინეკენის თასის” მოგებაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გუნდი ევროტურნირებისთვის ემზადება და შიდა ასპარეზზე ასეთი წარუმატებელი დასაწყისიც ამის ბრალია.
ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი” 28:6 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის ქართველ პირველხაზელებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხინჩაგიშვილი და კაკოვინი კი, საკუთარი გუნდების განაცხადში იყვნენ და მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ კაკოვინისათვის ეს მატჩი Top 14-ში სადებიუტო იყო. შეხვედრაში ერთადერთი ლელო გავიდა და ის მატჩის მიწურულს “კასტრმა” გაიტანა. გარდა ამისა, “კასტრმა” ერთი რეალიზაცია, 6 ჯარიმა და ერთი არეკნი გამოიყენა, სტუმრებმა კი მხოლოდ 2 ჯარიმით იხეირეს. “კასტრს” 18 ქულით (4 მოგება, 3 წაგება) მე-7 ადგილი უკავია, ხოლო “ბრივი” 15 ქულით (3 მოგება, 4 წაგება) მე-10 პოზიციაზეა.
დიმიტრი იაშვილის “ბიარიცმა” “ლა როშელს” სტუმრად მძიმე ბრძოლაში 29:23 სძლია. ქართული წარმოშობის იაშვილი პირველ ტაიმში მოედანზე არ იყო და მისი გუნდი 13:18 დამარცხდა. იაშვილი მოედანზე შესვენებისთანავე გამოჩნდა და 62-ე წუთისთვის 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა, “ბიარიცი” კი 29:18 დაწინაურდა. მასპინძლებმა ისღა შეძლეს, რომ ბოლო წუთზე ლელო გაიტანეს და ერთი პრემიალური ქულა აიღეს. “ბიარიცი” 18 ქულით მე-8 ადგილზეა.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში “ტულუზამ” “ბაიონი” 29:20 დაამარცხა, “პერპინიანმა” “სტად ფრანსეს” 22:21 აჯობა, ხოლო “მეტრო რასინგმა” “ბურგონი” 51:20 გაანადგურა. Top 14-ის მომდევნო ტურის მატჩები 25 სექტემბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია