საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილმა შიდა ასპარეზზე არსებული სიახლეების შესახებ კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და რამდენიმე ნოვაციას ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.
- რით არის აღსანიშნავი წლევანდელი საშეჯიბრო პროცესი?
- ბევრი რამით. ამის საილუსტრაციოდ, ბოლო სამი წლის სტატისტიკაც გამოდგება: 2007 წელს უმაღლეს ლიგაში 7 გუნდი იყო. აქედან არცერთი არ გახლდათ რეგიონიდან. წლეულს გვყავს რვა, მათ შორის სამი – რეგიონიდან. შარშანდლამდე საერთოდ არ არსებობდა დუბლ-შემადგენლობები, ანუ, ე.წ. “ესპუარები”. წლეულს, ამ ლიგაში 5 გუნდია, მათ შორის ერთი – რეგიონიდან. მინდა დავსძინო, რომ დუბლების ყოლა, 2011 წლიდან უმაღლესი ლიგის ყველა გუნდისთვის სავალდებულო გახდება.
ამას გარდა, წლეულს დასტაბილურდა გუნდების რაოდენობა უმაღლეს და პირველ ლიგაში, სადაც ახლა რვა-რვა გუნდი გვყავს და სამომავლოდ, თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ამ რაოდენობას შევინარჩუნებთ. ჩამოვაყალიბეთ ხუთგუნდიანი მეორე ლიგაც, რომელიც სამომავლოდ, ასევე რვაგუნდიანი გახდება.
ეს წელი აღსანიშნავი არის იმითაც, რომ საგრძნობლად გაიზარდა გუნდების რაოდენობა ჭაბუკთა “ა“ და “ბ“ ლიგებში. კერძოდ, თორმეტგუნდა “ა“ ლიგა თხუთმეტგუნდა გახდა, “ბ“ ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა კი თხუთმეტიდან ოცდაერთამდე გაიზარდა. მათ შორის, თექვსმეტი აღმოსავლეთ საქართველოს ზონაშია, ცხრა კი – დასავლეთში.
- გუნდების რაოდენობის ზრდამ ტურნირების დაგეგმვაში რა ცვლილებები გამოიწვია?
- ჭაბუკთა ლიგებში, უკვე მესამე სეზონია ამოქმედდა “აღმოსავლეთისა“ და “დასავლეთის“ რეგიონებად დაყოფა. გუნდები რეგიონის პირველობებში ებმებიან, ოთხ-ოთხი საუკეთესო კი ფლეი-ოფებში ხვდება ერთმანეთს, რასაც მოყვება ფინალი. რეგიონულ განვითარებას უსვამს ხაზს სარაგბო აკადემიების შექმნაც: აღმოსავლეთში – თბილისის აკადემია, დასავლეთში კი – ქუთაისის.
მთავარი პრობლემა კი ისევ სათამაშო მოედნების უკმარისობაა, მითუმეტეს, გუნდებისა და ლიგების რაოდენობის ზრდის ფონზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკმაოდ გართულდა შვიდივე ლიგის მატჩების თუნდაც სქემატურად დაგეგმვა და შემდეგ, ამ გეგმის რეალიზება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გეგმა ყველა ასაკის სანაკრებო კალენდართან უნდა იყოს სინქრონიზირებული. მე ვერ ვიტყვი, რომ ქაღალდზე გაწერილის რეალიზებას უნაკლოდ ვახერხებთ, მაგრამ რაც შესაძლებელია, ვაკეთებთ.
- გუნდებისა და შეჯიბრებების რაოდენობის ზრდამ მსაჯთა კვალიფიკაციის პრობლემაც წარმოაჩინა. გუნდები მუდმივად უჩივიან მათი მხრიდან შეცდომებსა და მიკერძოებას...
- ეს ძალიან დელიკატური თემაა, ხოლო ოპონენტების მხრიდან იგივე თემისადმი დამოკიდებულება სუბიექტურია. ჩვენ არ ვმალავთ ამ სფეროში პრობლემების არსებობას, მაგრამ მათ უტრირებას და ყველაპრის მსაჯებზე გადაბრალებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, მითუმეტეს – მიკერძოებას! ნუ დაგვავიწყდება, რომ მსაჯიც ჩვეულებრივი ადამიანია, ხოლო მატჩის მსაჯობა ზუსტი მეცნიერება: ქიმია ან მათემატიკა არ გახლავთ.
ნუ იფიქრებთ, რომ ზემოთქმულით მე პრობლემის შეფუთვას ვცდილობდე. არც საშეჯიბრო კომიტეტი აპირებს “სირაქლემას პოზაში“ დადგომას. პრობლემის აღმოსაფხვრელად, სრკ-ში სპონსორის მეშვეობით სპეციალური პროგრამა ამუშავდა, რომელიც მსაჯთა განვითარებას, ანუ მათ წვრთნასა და განვითარებას ისახავს მიზნად. საამისოდ მოწვეული გვყავს საერთაშორისო ფედერაციის კონსულტანტი კიტ ჰოული. პროგრამას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით შუბითიძე და მისი მოადგილე ლუკა კილასონია ხელმძღვანელობენ.
მსაჯთა კომიტეტის ნაღვაწი ადვილი დასანახია: შარშანდელთან შედარებით მსაჯთა კორპუსი თითქმის გაოთხმაგდა, მიმდინაროებს მუშაობა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეც. ვინც ამ საქმის “სამზარეულოში“ ცოტათი მაინც ერკვევა, მიხვდება – ორი ან სამი კვალიფიცირებული მსაჯის აღზრდა და ჩამოყალიბება ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რეალურ შედეგს მხოლოდ ერთ-ორ წელიწადში მივიღებთ და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებიც ბოლომდე გაითავისებენ თავიანთ როლს ამ პროცესში.
- თქვენს მიერ ზემოთმოყვანილი სტატისტიკა რაგბის პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს. ჩანს, რომ სპორტის ამ სახეობით მეტი და მეტი ახალგაზრდა ინტერესდება, თუმცა ეს აუდიტორიას ჯერ არ დასტყობია.
- მართალი ბრძანდებით. აშკარაა, სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენში, რასაც ხელი შეუწყო ნაკრების ბოლო ათლიანი პერიოდის წარმატებებმა და რაგბის კავშირში სამუშაო პროცესის მუდმივმა სრულყოფამ. განსაკუთრებული აქცენტი ბავშვთა რაგბის განვითარებაზე კეთდება. ბოლო სამ წელიწადში ბავშვთა გუნდების რაოდენობა სამოცდაოთხიდან ასამდე გაიზარდა. პოპულარობის ზრდას ხელს უწყობს ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალების ჩატარება ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე.
რაც შეეხება სარაგბო აუდიტორიას: გულშემატკივართა რიცხვი იზრდება, მაგრამ სტადიონებზე დიდი რაოდენობით მათი მოზიდვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რატომ? ამ კითზვაზე პასუხს ალბათ, სოციოლოგები თუ გასცემენ. მე ამ საქმეში ცოტა რამ გამეგება. ერტი ფაქტი კი აუცილებლად ხაზგასასმელია: საქართველოში ბოლო წლებში გაჩნდა სარაგბო აუდიტორია, რომელიც მშვენივრად ერკვევა თამაშში და სწორად რეაგირებს ამა თუ იმ სარაგბო ნიუანსზე. რაც მთავარია, ქართული პუბლიკა იქცევა ისე, როგორც ეს შეეფერება სარაგბო პუბლიკის ეთიკურ ნორმებს მთელს მსოფლიოში. პირადად მე, ამ ფაქტით აღფრთოვანებული ვარ.
- აუდიტორიის მოსაზიდად მოედნებია საჭირო. ინფრასრუქტურის პრობლემის გადაწყვეტა დიდად შეუწყობს ხელს შეჯიბრებების ჯეროვნად ჩატარებას.
- ბუნებრივია, სარაგბო მოედნების ამოქმედება ძალიან გაგვიადვილებს ტურნირების დაგეგმვასა და ჩატარებას. მაგალითად, წლეულს, წვიმით დატბორილი უხარისხო მოედნების მიზეზით, მხოლოდ “ბ“ ლიგაში 24 თამაში გადაიდო. ამ მატჩების დეფიციტის აღმოფხვრა ივნის-ივლისში მოგვიწია. ბავშვები თაკარა მზეში თამაშობდნენ, რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა მათი მშობლებისა და გუნდების მხრიდან.
ინფრასტუქტურის განვითარება დიდი ბიძგი იქნება რაგბის წინსვლისთვის: სამი წლის წინ თბილისში სულ სამი მოედანი გვქონდა: ვარკეთილის მეურნეობა, “ლოკომოტივის” სათადარიგო და იმავე “ლოკომოტივის” ცენტრალური, სადაც შიდა ასპარეზობების ფინალური მატჩებს ვატარებთ. ვარკეთილისა და ლოკომოტივის სათადარიგო მინდვრებზე შეხვედრების ჩატარება მხოლოდ კარგ ამინდებშია შესაძლებელი. ამ მოედნებს არ აქვს დრენაჟის სისტემა და წვიმის გამო ყოველთვის მაგრად იტბორება.
საბედნიეროდ, ინფრასტრუქტურის პრობლემა, რაგბის კავშირის აზრიანი პოლიტიკის შედეგად, მალე “ტკბილ“ მოგონებად გვექცევა. სავარაუდოდ, სამ თქვეში ამოქმედდება “შევარდენისა“ და “სინათლის“ სტადიონები. „შევარდენი“ 1700 მაყურებელს იტევს, “სინათლე“ კი – 2000-სს. თბილისის გარდა, სარაგბო სტადიონები შენდება რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში. თბილისსა და ახალციხეში მოედნებთან ერთად, ბაზებიც გვექნება. გეგმაშია მოედნის მოწყობა კახეთის რეგიონშიც, კერძოდ – თელავში.
სავარაუდოდ, 2011 წლიდან უმაღლესი ლიგის ერთ ან ორ კლუბს უკვე თავისი მოედანი ექნება. ეს კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რაგბისთვის ფუფუნებაა.
- ეს იმას ნიშნავს, რომ მალე პროფესიული და ფინანსურად დამოუკიდებელი სარაგბო კლუბები გვეყოლება?
- მეორე წელიწადია, კავშირი საქართველოს მთავრობისა და სპორტის დეპარტამენტის, ამჟამად, სამინისტროს ხეშეწყობით, კლუბების ფინანსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მქონე, ფინანსურად დამოუკიდებელი კლუბების ჩამოყალიბება გახლავთ.
დღესდღეობით, პროფესიონალი ქართველი მორაგბეები მხოლოდ ნაკრების წევრები ანუ ლეგიონერები არიან. ასზე მეტი ქართველი მორაგბე მსოფლიოს თერთმეტამდე ქვეყანაში მოღვაწეობს, მათი ნაწილი პროფესიონალის, ნაწილი კი – ნახევრად პროფესიონალის სტატუსით.
სპორტში და ზოგადად ცხოვრებაში, არსებობს ე.წ. “მტვერსასრუტის პრნციპი“ ანუ ადამიანი სამუშაოდ მიდის იქ, სადაც მეტს უხდიან. ეს კანონი მოქმედებს რაგბშიც. ამ პრობლემას ხელოვნურად ვერ დაბლოკავ, მაგრამ ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობას საგრძნობლად შევამცირებთ.
ჩვენს უმაღლეს ლიგაში მოთამაშე სარაგბო კლუბებს დღეს შეიძლება ნახევრადპროფესიონალური ვუწოდოთ, რაგბის კავშირის “ვარდისფერი ოცნება“ კი ამ ლიგის უახლოეს დროში პროფესიონალურ ლიგად ჩამოყალიბება გახლავთ. ამ იდეის რეალიზების შემთხვევაში, ჩვენ ნახევრადპროფესიონალი ლეგიონერების სახლში დამაგრებას შევძლებთ, რაც, საბოლოო ჯამში აისახება როგორც კლუბების სათამაშო კლასზე, ასევე მათ სიძლიერეზე.
- და ბოლოს, შვიდკაცა რაგბი სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა. რამდენად დაეტყო ეს საშვიდკაცო პირველობას ჩვენში?
- წლეულს პირველად შვიდკაცას ჩემპიონატი ერთის ნაცვლად სამ ეტაპად ჩატარდება: პირველ და მეორე ეტაპზე, უმაღლესი და პირველი ლიგის 16 გუნდიდან 10 საუკეთესო გამოვლინდება. ფინალურ ეტაპზე საქართველოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობას სწორედ ეს ათეული გაარკვევს. ამით, წლევანდელ სეზონს დახურულად გამოვაცხადებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია